ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ მან
უმრავლესობა დატოვა.
„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა
ივანიშვილთან ერთად" - განაცხადა ბესელიამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ
მიიღო, რადგან უმრავლესობამ 8 თანამოაზრის მიერ მომზადებულ
კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ,
მხარი არ დაუჭირა.
ეკა ბესელიას თქმით, მისთვის რთული და ემოციურია ამ ნაბიჯის
გადადგმა.
"რთულია თქვა, „მივდივარ“ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე,
ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც საქართველოს
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის
იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც
სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე
ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და
სამართლიანობა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია დეპუტატობამდე, კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა, 2008
წელს გახდა პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „გაერთიანებული
ოპოზიციიდან (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები),“2012 წლიდან კი ის
პარლამენტში ორჯერ "ქართული ოცნებიდან" მოხვდა.