ზაზა ჩაჩანიძემ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტაცია წარადგინა
ამ წუთებში, ბორჯომის საკრებულოში ახლადარჩეული თავმჯდომარე ზაზა
ჩაჩანიძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და საკრებულოს უფლებამოსილების
ცნობის შესახებ დოკუმენტაცია საკრებულის აპარატში წარადგინა.
იმის დასტურად, რომ საკრებულოს უფლებამისილება ოცდარვავე დეპუტატმა
ცნო, დოკუმენტში მათი სახელები და გვარებია შეტანილი, რასაც თან
ერთვის დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის, ბაკურ გელაშვილის
და მდივნის გიორგი ფერაძის ხელმოწერები. ადგილობრივ
საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად მუშაობა პროცედურულ საკითხებზე
მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საკრებულოს პირველ სხდომაზე საპირისპირო შინაარსის
განცხადებები გაკეთდა. საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ 18:00 საათის
შემდეგ განაცხადა, რომ საკრებულომ ვერ ცნო საკუთარი
უფლებამოსილება, მოგვიანებით კი დეპუტატებმა საკრებულოს
უფლებამოსილების ცნობის საკითხს კენჭი ერთხმად უყარეს.