ბორჯომის საკრებულოს შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან
ბორჯომის საკრებულოში ამ დროისთვის არც სახელისუფლებო და არც
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ მისულან, თუმცა შენობასთან
ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან.
ტერიტორიაზე მობილიზებულია ჩვეულებრივზე მეტი დაცვის პოლიციის
თანამშრომელი. შეკრება დღეს, 11 საათზე იყო ჩანიშნული. ლეიობორისტული
პარტიის ლიდერმა, გიორგი გიუაშვილმა გვიან ღამით სოციალურ
ქსელში ჟურნალისტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს, "კანონიერების და სიმართლის
დასაცავად" დღეს მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებისკენ
მოუწოდა.
გუშინ, საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
დაპირისპირება დღის წესრიგში კომისიების ფორმირების საკითხის
არარსებობამ გამოიწვია. თავდაპირველად, საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ
განაცხადა, რომ საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო და სხდომა
დატოვა. ამის შემდეგ 28-დან 27-მა დეპუტატმა ხმა მისცა
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას. მიუხედავად იმისა, რომ
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა სხდომა ორჯერ დატოვეს,
დარბაზში დარჩენილმა ოპოზიციამ (სულ 15-მა დეპუტატმა) საკრებულოს
თავმჯდომარედ და მის მოადგილედ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები,
ზაზა ჩაჩანიძე და გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. ასევე, ფარული
კენჭისყრით ხმა მისცეს საკრებულოს 5-ივე კომისიის ხელმძღვანელის
პოზიციაზე დასახელებულ პირებს. ოპოზიციის თქმით, მმართველი პარტიის
გუშინდელი ქმედება დროის გაწელვას და ოპოზიციის წევრებზე შესაძლო
ზეწოლას ემსახურებოდა.