მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა
პენიტენციურ სისტემაში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება.
დაწესებულებაში განთავსდებიან საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკის
მსჯავრდებულები, რომელთა მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის
დარჩენილი ვადა 6 თვეს არ აღემატება - აღნიშნულ სიახლეს პენიტენციური
სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი
ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს პირველი
მოსმენით განიხილება.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით,
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მსჯავრდებული შეძლებს დაეუფლოს კონკრეტულ პროფესიას, უქმე დღეებში
დატოვოს დაწესებულება და ესტუმროს ოჯახს. ასევე, დაწესებულების
დროებით დატოვება შესაძლებელი იქნება სწავლის მიზნითაც. მათ საშუალება
მიეცემათ სრულ გათავისუფლებამდე მოაწესრიგონ ელემენტარული ყოფითი
პირობები და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები; მოძებნონ
სამსახური და აშ.
"ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა ადაპტაციას საზოგადოებაში
და რეზოციალიზაციას. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამის პარალელურად,
ჩვენ პრევენციაზეც ვფიქრობთ, რათა არ მოხდეს ისე, რომ მსჯავრდებული
დროებით გავიდეს აღნიშნული დაწესებულებიდან და შემდეგ აღარ დაბრუნდეს.
შესაბამისად, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში და
დაწესებულებაში დროულად არ გამოცხადება ჩაითვლება თავის არიდებად და
დაისჯება სისხლის სამართლის კანონით დადგენილი წესით", - განაცხადა
მინისტრმა.
კახა კახიშვილის განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს,
რომელიც დროულად დატოვებს პენიტენციურ დაწესეულებას, საზღვრის
დატოვება აეკრძალება.
მინისტრის თქმით, ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, პენიტენციური
სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.