ომის მეცხრე დღე - 1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში
შეიჭრა. ბრძოლები უკრაინის რამდენიმე სხვადასხვა ოლქში
მიმდინარეობს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასობით
სამოქალაქო პირი. 1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. უკრაინელმა
ლტოლვილებმა ევროკავშირში ცხოვრების 3-წლიანი უფლება მიიღეს.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს.
ხანძარი სადგურის სასწავლო-სავარჯიშო კორპუსში გაჩნდა, კერძოდ იწვოდა
შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები. ზაპოროჟიეს ატომურ
ელექტროსადგურზე ხანძარი ჩააქრეს. დაშავებულები და დაღუპულები არ
არიან.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ
ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება და აღნიშნავს,
რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ
დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6
ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე
დადგება. მას მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოჰყავს.
ზელენსკის თქმით, ის მომხდარზე უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და
ინფორმაცია მიაწოდა.
უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ
ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წერს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის მოსაკლავად ორი სხვადასხვა დაჯგუფება იყო
გაგზავნილი. ერთ-ერთი მათგანი პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერის“
მიერ დაქირავებული მკვლელები, მეორე კი ჩეჩნური სპეცრაზმი იყო. ყოველ
ჯერზე ზელენსკის მკვლელობის მცდელობა რუსეთის უშიშროების ფედერალური
სამსახურის იმ თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც ომის წინააღმდეგ
გამოდიან.