სანქციები რუსეთს სხვადასხვა ქვეყნისგან
რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლად" აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უერთდება ავსტრალიაც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალია თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. მისი სიტყვებით, სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ავსტრალიის პრემიერის თქმით, სანქციები გავრცელდება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც საქმიანობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. ამასთან, ავსტრალია აპირებს დაეხმაროს უკრაინელ ხალხს.

„ავსტრალია დააწესებს მიზანმიმართულ სანქციებს რუსეთის რვა მოქალაქეზე, რომლებსაც აეკრძალებათ ავსტრალიაში შესვლა და ავსტრალიურ სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია. შეზღუდვა ასევე იმოქმედებს რუსეთის ერთ სახელმწიფო ბანკზე და თავდაცვასა და სამხედრო ინდუსტრიასთან ასოცირებულ ბანკებზე“, - განაცხადა 23 თებერვალს მორისონმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთს სანქციებს უწესებენ კანადა და იაპონიაც.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პირველ ეტაპზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობა ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას აუკრძალავს კანადელებს ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან", ლუგანსკთან და დონეცკთან.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რომელიც ამ კვირისთვის იყო დაგეგმილი. ბლინკენი ლავროვთან შეხვედრას დასთანხმდა მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლისას 22 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების გამო აშშ რუსეთს უწესებს სანქციებს.

ბაიდენის თქმით, აშშ-ის სანქციები შეეხება რუსეთის ორ ბანკს, სამხედრო ბანკს და სახელმწიფო ბანკს, VEB-ს, რაც ახალი სანქციების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, სანქციების შედეგად რუსეთს აღარ ექნება შესაძლებლობა აიღოს სესხი, მას გადაუჭრიან კავშირს დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებთან.

ევროკავშირი სანქციებს უწესებს რუსეთის დუმის წევრებს, არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებს. სანქციების სამიზნე არიან, გარდა დუმის 351 წევრისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის რეგიონების დამოუკიდებლობას, ასევე სხვა 27 პირი და ინსტიტუტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.

საქართველოს რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნების მოახლოებული თამაშის ანონსი სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე გაავრცელა და ასე გამოხატა პროტესტი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. ამასთან, ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ამ გზით რუსეთთან მატჩის დამატებით დატვირთვაზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა ეს ანონსი კავშირის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ატვირთვიდან რამდენიმე საათში გაქრა.

27 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის „დინამოარენაზე“ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.