ტურისტულ ქალაქში, სადაც არაერთი სხვადასხვა კლასის სასტუმროა,
ზოგიერთი მათგანი დროებით იხურება. უკვე დაიკეტა კაფეები და
რესტორნებიც.
კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,
ბიზნეს სექტორი მთავრობის რეკომენდაციას ითვალისწინებს და ვირუსის
გავრცელების რისკების შესამცირებლად დასასვენებელ კომპლექსებს ხურავს.
თანამშრომლებს კი სახლებში უშვებს, ფასიან ან უარეს შემთხვევაში უფასო
შვებულებაში. ზოგიერთ სასტუმროში, რამდენიმე თანამშრომელს
ხელშეკრულება აღარც გაუგრძელეს. დასაქმებულები შიშობენ, რომ პანდემიის
პირობებში, სამსახურის და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.
ტელეკომპანია "ბორჯომთან" ისაუბრეს, თუმცა ვინაობის იდენტიფიცირება
ზოგიერთმა მათგანმა არ ისურვა.
"ჩვენს ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ახალი აღარ
გაგვიგრძელეს. გაურკვევლობაში დაგვტოვეს. ამჟამად სახლში ვზივარ და
არც ვიცი ოდესმე დამიძახებენ თუ არა სასტუმროში
სამუშაოდ" - დასაქმებული ბორჯომის მაღალი კლასის
სასტუმროდან.
"ჩვენმა დამსაქმებელმა გვითხრა თანამშრომლებს რომ ორი
თვით უფასო შვებულებაში უნდა გავსულიყავით და შემდეგ რა შეიცვლებოდა,
არც ეგ ვიცით. დავრჩით სახლში უმუშევრები" - მაკა
ჩადუნელი ბაკურიანის სასტუმროდან.
"სასტუმრო დაიხურა და უფროსმა გვითხრა, რომ თვეში 200
ლარს გადაგვიხდიდა, სანამ მუშაობას განვაახლებდით, რაც აღმოჩნდა
ტყუილი. დავრჩით ლუკმა პურის გარეშე და შრომითი უფლებები აღარავის
ახსოვს" - დასაქმებული ბორჯომის საშუალო კლასის
სასტუმროდან.
რაც შეეხება სასტუმროებს, სამცხე-ჯავახეთში სულ 220 სასტუმროა, მათგან
უმრავლესობა საკურორტო ზონებში, ბორჯომსა და ბაკურიანში
ფუნქციონირებს. სასტუმროების მენეჯერების ნაწილი ამბობს, რომ
დასასვენებელი კომპლექსები იხურება, თანამშრომლები კი ფასიან
შვებულებებში გაუშვეს. ისინი უარყოფენ, დასაქმებულების გათავისუფლების
საკითხს.
ბორჯომში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი პალასი“ უკვე დაკეტილია.
ამ დროისთვის სასტუმროში არც დამსვენებლები და არც თანამშრომლები აღარ
არიან. თანამშრომელთა 90% გასულია შვებულებაში. ადგილზე შემორჩენილია
მხოლოდ ადმინისტრაცია, რომელიც სასტუმროს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში
დატოვებს. „ბორჯომი პალასში“ გვეუბნებიან, რომ სასტუმრო აპრილის
პირველი ნახევარში დაკეტილი იქნება, სამომავლო პერსპექტივა კი ამ
ეტაპზე მათთვისაც ბუნდოვანია.
„ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ სასტუმრო აპრილში 2 კვირის
განმავლობაში იქნება დაკეტილი, მაგრამ თუ საჭირო გახდა აუცილებლად
გაახანგრძლივებს ვადებს. სასტუმროს თანამშრომლების 90% უკვე გასულია
შვებულებაში. მარტის ხელფასი აუნაზრაურდებათ სრულად, ხოლო შვებულება
რამდენ ხანს გაგრძელდება ჯერ-ჯერობით არ ვიცით. აპრილის ხელფასთან
დაკავშირებით, მუშაობს სასტუმროს ადმინისტრაცია“ -
ამბობს სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეიმურაზ
გელაშვილი.
1 აპრილიდან იკეტება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“.
სტუმრების მიღება-განთავსების მენეჯერი, ტელეკომპანია „ბორჯომთან“
საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეორგანიზაცია და თანამშრომლების
სამსახურიდან გაშვება არ მომხდარა. ნათია კიტრიაშვილის ინფორმაციით,
სასტუმროში დასაქმებულ 200-ზე მეტ თანამშრომელს მარტის ხელფასი სრულად
აუნაზღაურდებათ, ხოლო აპრილში ხელფასის 50%-ს მიიღებენ. „ბორჯომი
ლიკანის“ ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ სასტუმრო ამ ეტაპზე მუშაობას
ერთი თვით შეწყვეტს, შემდეგ კი მოვლენების განვითარების მიხედვით
განსაზღვრავს სამომავლო გეგმას.
„ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ჯავშანია სასტუმროში, სტუმრები
ქართველები არიან და ვუზრუნველყოფთ შეკვეთის ნომერში მიტანას,
მომსახურების წესების სრული დაცვით. სასტუმროში დავკეტეთ ბარი,
რესტორანი, სპა, სამედიცინო ცენტრი და პირველი აპრილიდან სრულად
შევწყვეტთ მუშაობას. რეორგანიზაცია არ მომხდარა, არცერთი თანამშრომელი
არ გაგვიშვია სამსახურიდან. მარტის ხელფასი თანამშრომლებს სრულად
აუნაზღაურდებათ, აპრილში კი ხელფასის 50%-ს მიიღებენ. იმედი გვაქვს, 1
მაისიდან ისევ გავიხსნებით, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ვიცით რა
იქნება“ - ნათია კიტრიაშვილი, სასტუმრო „ბორჯომი
ლიკანის“ სტუმრების მიღება-განთავსების მენეჯერი.
რაც შეეხება მდგომარეობას კიდევ ერთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში.
„ქრაუნ პლაზაში“ ტელეკომპანია „ბორჯომს“ განუცხადეს, რომ მათი
თანამშრომლების 70% ფასიან შვებულებაში იმყოფება. გენერალურ მენეჯერს
ივანე ნოზაძეს წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირს და ამბობს, რომ
თვის ბოლოს გადაწყდება სასტუმროს ფუნქციონირების ბედიც.
„ქვეყანაში მიმოსვლა შეწყდა და ბუნებრივია, ეს უარყოფითად
აისახა სასტუმროზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ ჯავშნების 1-2%-ია
შენარჩუნებული, ქართველი სტუმრები გვყავს. მთავრობის რეკომენდაციის
მიხედვით, დავხურეთ რესტორნები და საზოგადოებრივი სივრცეები.
სასტუმროში 200 თანამშრომელი გვყავს და 70% ამჟამად ფასიან
შვებულებაში იმყოფება, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ჯერ-ჯერობით არ
გვაქვს სამომავლო გეგმები. თვის ბოლომდე კიდევ 10 დღეა დარჩენილი და
შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, იმის მიხედვით მივიღებთ
გადაწყვეტილებას“ - ივანე ნოზაძე - „ქრაუნ პლაზა“-ს
გენერალური მენეჯერი.
ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან
გამომდინარე, ბორჯომის სასტუმროები არ არის გამონაკლისი, რომლებიც
იხურება. გლობალური პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს და
სასტუმრო ბიზნესს მიადგა. ტურისტულ სფეროში დასაქმებული უამრავი
ადგილობრივი სახლში დაჯდა. ბიზნესის კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობა კი ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
გახდა.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა
ალავერდაშვილმა ტელეკომპანია „ბორჯომთან განაცხადა, რომ საქართველოში
ყველა კლასის სასტუმროების 90% დაკეტილია და მათი თანამშრომლები უფასო
შვებულებებშია გაშვებული. რაც შეეხება რესტორნებს, დაკეტილია თითქმის
100%. კვების ობიექტების კუთხით მდგომარეობა იდენტურია ბორჯომშიც.
კაფე-რესტორნებმა, ტურისტულ ქალაქში მუშაობა შეწყვიტეს და ზოგიერთმა
მათგანმა მხოლოდ შეკვეთის ადგილზე მიტანის სერვისი დატოვა,
თანამშრომელთა შენარჩუნების და მათთვის ანაზღაურების გაცემის
მიზნით.
შალვა ალავერდაშვილი თბილისში რამდენიმე სასტუმროს მართავს, რომლებიც
ასევე დაიკეტა. მის მართვაში არსებული, დროებით დახურული სასტუმროების
53 თანამშრომელი კი რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ჰქონდათ,
თავადვე ქსელურ სუპერმარკეტებში დაასაქმა.
„ამ ეტაპზე, ჩვენთვის უმთავრესია პერსონალი და მათი
კეთილდღეობა. ვცდილობთ, კადრების შენარჩუნებას და ამაში გვერდში
დაგვიდგა ქსელური მაღაზია. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი
პერსონალი - მოლარეები და ა.შ. ერთი თვით, დროებით გადაგვენაწილებინა
მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, რათა ტრანსპორტის გამოყენებაც
არ დასჭირდეთ. ამ ვითარებაში, სხვა ბიზნეს კომპანიებსაც შეუძლიათ ასე
მოიქცნენ“ - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა
ალავერდაშვილი იმედოვნებს, რომ ამ კამპანიას სხვა დამსაქმებელი
კომპანიებიც შეუერთდებიან.
„ბიზნესმა დაიწყო ერთმანეთის დახმარება. ბიზნესი ხედავს,
რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დაზარალებულია სტუმარ-მასპინძლობის
სექტორი და შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები რომ
შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, მნიშვნელოვანია მათი დროებითი
დასაქმება. ბიზნესმა გადაწყვიტა, ერთმანეთს დავეხმაროთ და მადლობა
ყველას, ვინც ამ ინიციატივაში ჩაერთო და მომავალში ჩაერთვება“
- აცხადებს ალავერდაშვილი.
ის, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ბიზნეს სექტორმა უნდა ითანამშრომლოს
ერთმანეთთან და დაიწყონ საერთო გამოსავლის ძიება, სწორად მიიჩნევს
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSRDG-ის CSR
პროგრამის ხელმძღვანელი ლელა ხოფერიაც. მისი თქმით, რაც ახლა ხდება,
არის უპრეცენდენტო შემთხვევა და ასეთი გლობალური პანდემიის
შემთხვევაში რთულია განსაზღვრო, როგორ შეიძლება მოიქცეს კერძო
სექტორი, რადგან ამის რეცეპტი არ არსებობს. თუმცა, მისი აზრით
უმნიშვნელოვანესია თანამშრომლები არ დარჩნენ სამსახურის და ხელფასის
გარეშე. ხოფერიას თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, კარგი პრაქტიკა ამ მხრივ
ჯერ გაზიარებული არ არის და აქვე აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი
ბიზნესის ქსელი, რომელიც გლობალურია ახლა იწყებს ჯგუფის შექმნას და
საერთო გამოსავლის ძიებას.
„ის მიდგომა, რომ მიბრძანეს სასტუმროს თუ რესტორნის
დახურვა, გავუშვებ თანამშრომლებს და რა მედარდება, რა თქმა უნდა
არასწორია, ასე ცალსახად არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა,
პასუხისმგებლიანი კომპანია თანამშრომლების ბედზეც უნდა ფიქრობდეს.
თუმცა, ამ ვითარებაში თითის გაშვერა, რომ შენ უნდა გადაუხადო
ანაზღაურება შენ თანამშრომელს, რთულია, რადგან ყველა ზომის ბიზნეს
კომპანია არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა ფინანსური
მდგომარეობის მხრივ. ერთადერთი რაც შეიძლება მათ ვუთხრათ ის არის, რომ
ერთად დაიწყონ საერთო გამოსავლის ძიება, როგორ გადაეწყონ ახალ
სიტუაციაში ისე, რომ ზარალი იყოს მინიმალური როგორც
დამსაქმებლებისთვის ასევე დასაქმებულებისთვის. ვისაც რა რესურსი აქვს,
ეს მძიმე პერიოდი ერთად უნდა გადალახონ. კომპანიების და სახელმწიფოს
ძალები უნდა გაერთიანდეს და კონსოლიდირებულად უნდა გადავარჩინოთ
ადამიანები შიმშილს“ - ლელა ხოფერია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ეტაპობრივად დაიწყო
სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად მოწყობა. არსებული ინფორმაციით,
ასეთი საკარანტინე ზონები იქნება ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროშიც.
სწორედ ამ სასტუმროებში მოხდება მომსახურე პერსონალის და მათთვის
ანაზღაურების შენარჩუნება.
ლელა ხოფერიას აზრით, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად
გამოყენებაც ჭკვიანურია სახელმწიფოს მხრიდან და ესეც ერთგვარი
ხელშეწყობა იქნება პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხრიდან, რომ უბრალოდ
დაეხმარონ ადამიანებს „გადარჩენაში“. გლობალური პანდემიის პირობებში,
რთული სიტუაციის დასაძლევად, სფეროს ექსპერტებიც და პროცესში ჩართული
მხარეებიც თვლიან, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის
კორპორაციული და მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა
ერთმნიშვნელოვნად საჭირო და აუცილებელია.