ბორჯომის სუპერმარკეტებში სადეზინფექციო ხსნარების, ანტისეპტიკური
საპნებისა და ერთჯერადი მოხმარების ხელსახოცების დეფიციტია.
მოსახლეობა ყველაზე ხშირად მაღაზიებში სწორედ ამ საქონელს კითხულობს.
დახლებს არ აკლია სურსათი. მიუხედავად იმისა, რომ 10 მარტიდან, დიდ
სუპერმარკეტებში მომხმარებელთა გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ, არცერთ
პროდუქტის დანაკლისს ბორჯომში არ უჩივიან.
ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთან, მაღაზიებში
მკვეთრად იკლო ტურისტების რაოდენობამ. მენეჯერები ამ ფაქტს
კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას უკავშირებენ. ლარის
გაუფასურების გამო, ამ ეტაპზე არ გაზრდილა არცერთი პროდუქტის
ღირებულება. ზეთზე, ხორცზე და რძის ნაწარმზე ყველაზე დიდი
მოთხოვნაა.
„ხალხმა მოიმატა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი შეიმჩნევა.
დისტრიბუციაც ჩვეულებრივად მუშაობს და სურსათით გვამარაგებს“, -
ამბობს ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერი ჯულიეტა ბაბურიშვილი.
მაღაზიიდან მოსახლეობა განსაკუთრებით დატვირთული არ გამოდის, თუმცა
ზოგიერთები ამბობენ, რომ თვითიზოლაციაში ყოფნის შესაძლო საჭიროებას
ითვალისწინებენ და პროდუქტს იმარაგებენ.
„სახლში მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს, თავს დაცულად ვერ
ვგრძნობ და მეშინია, მაღაზიაში დეფიციტი არ შეიქმნას, ამიტომ,
ვცდილობ, გარკვეული მარაგი ვიქონიო“, - ამბობს ერთ-ერთი
ბორჯომელი.
განსხვავებული ვითარებაა პატარა სასურსათო მაღაზიებში. იქ მუშაობა
ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში მოთხოვნა არცერთ პროდუქტზე
გაზრდილა.
ბაზარში ფასები ხილსა და ბოსტნეულზე გაიზარდა. გამყიდველები ამბობენ,
რომ პროდუქტის შემოტანა ახლა უფრო ძვირი უჯდებათ. სავაჭრო სივრცე
ცარიელია. მოვაჭრები მომხმარებლების სიმცირეს უჩივიან.
11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი
პანდემიად გამოაცხადა, რაც დაავადების მთელ მსოფლიოში გავრცელებას
ნიშნავს. ვირუსის გავრცელებამ სხვადასხვა ქვეყანაში მაღაზიების დაცლა
გამოიწვია. ვინაიდან სპეციალისტების მთავარი რჩევა სახლში დარჩენაა,
თუ მიმოსვლის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს, მოსახლეობამ
სურსათის მარაგი შეიქმნა. საქართველოში საკვების დეფიციტი,
ექსპერტების აზრით, მოსალოდნელი არ არის.
„რაღაც კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება გაჩნდეს დეფიციტი, როგორც
პირბადეების შემთხვევაში, მაგრამმასშტაბურ დეფიციტს და ინფლაციას არ
უნდა ველოდოთ“, - ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.