ბორჯომელი „ფორია“ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი
17:36 / 25.02.2020
რუსული ოკუპაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს
ისტორიაში. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი
აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.
საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველოს
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე
გმირულად დაიღუპა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი
რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის
დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა
და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25
თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი
გასტანა. ამ თარიღიდან დღემდე 100 წელი გავიდა.
წითელი არმიის ნაწილები და მშრომელთა შეიარაღებული რაზმები მაშინ
ბორჯომში შემოვიდნენ და ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ მიტინგზე
გამოცხადდა ბორჯომის ხეობაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება.
ბორჯომში იმდროინდელ ამბავს ასახავს ორი ფერწერული ტილო, რომელიც
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. აღნიშნული ფერწერული
ტილოები, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე მხატვარ შოთა
მეტრეველის მიერ არის შესრულებული.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემორჩენილი ეს ფერწერული ტილოები
ერთადერთია, რომელიც იმ პერიოდს გვახსენებს. მუზეუმში მის შესახებ
დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა არის ადამიანი, რომლის
სახელიც იმ პერიოდში ბორჯომს უკავშირდება. ეს არის ალექსანდრე (ფორია)
ცაგურიშვილი. სწორედ ამ მეტსახელით იყო ცნობილი იმ პერიოდში აღნიშნული
პრიოვნება. მისი სახელი და გვარი ფართო საზოგადოებისთვის დღესდღეობით
საკმაოდ ცნობილი არაა, თუმცა იმ დროს, ნაწილი მას აბრაგს, ნაწილი კი
თავისუფლებისთვის მებრძოლს ეძახდა. მის შესახებ ამბის გასარკვევად,
ტელეკომპანია „ბორჯომი“ მის შვილიშვილს ავთო ცაგურიშვილს ესაუბრა,
რომელიც სამხედრო პირია.
ალექსანდრე (ფორია) ბესარიონის ძე ცაგურიშვილი 1881 წელს რაჭაში
დაიბადა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ბორჯომში დასახლდა. 21 წლის იყო
როდესაც პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო და ეროვნულ-დემოკრატიულ
პარტიაში გაწევრიანდა. შვილიშვილის მონაყოლით ვიგებთ, იმ დროს ხან
საქართველოში ცხოვრობდა, ხან კი თურქეთში გადიოდა.
ალექსანდრეს შვილიშვილი ავთო ცაგურიშვილი ტელეკომპანია „ბორჯომთან“
საუბრისას იხსენებს, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ და გახიზვნა
დაიწყო, მისი ბაბუა, იმჟამინდელი მთავრობის წევრებს დაეხმარა
ცოლ-შვილით თურქეთში გადასვლაში. თავადაც მათთან ერთად გავიდა ქვეყნის
გარეთ და საქართველოში მალულად შემოდიოდა. ბოლშევიკების
საწინააღმდეგოდ ტერორისტულ აქტებში იღებდა მონაწილეობას.
დახმარებისთვის და ღვაწლისთვის ალექსანდრე ცაგურიშვილი, იმჟამინდელი
მთავრობის მიერ დაჯილდოვდა ორდენით.
„ფორიას“ შვილიშვილი, ავთო ცაგურიშვილი ბაბუის მონაყოლიდან იმ პერიოდს
იხსენებს.
გარდა ამისა ფორია, როგორც საბჭთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი
პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი ნახსენებია ამერიკის შეერთებული
შტატების წარმომადგენელთა პალატის ოთხმოცდამესამე კონგრესის მეორე
სხდომის მასალებშიც.
არ გასულა დიდი ხანი და იგი საბჭოთა ხელისუფლებამ ,,შემოირიგა“.
როგორც ჩანს, ფორიას ადრეულ წლებში ბოლშევიკი ტერორისტების მეგობრობა
გამოადგა, რადგან სხვადასხვა ცნობებით ხელისუფლებასთან მის შერიგებაში
დიდი როლი კამოს შეუსრულებია. 1921 წლის შემდეგ, შემოსარიგებლად
ჩამოვიდნენ ბორჯომში და სოფელ ვარდგინეთში, სტალინის ბრძანებით,
მაშინდელმა მთავრობამ ორსართულიანი აგურის სახლი აუშენა და მაშინ
უთხრეს, რომ მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა.
ალექსანდრე ცაგურიშვილი დათანხმდა წინადადებას და ასე ცხოვრობდა
მშვიდად. შემდეგ, ლავრენტი ბერია ისვენებდა ბორჯომში და მოისურვა
„ფორიასთან“ შეხვედრა. შვილიშვილი ავთო ცაგურიშვილი, შეხვედრის
დეტალებს იხსენებს და შემდგომში ბაბუის დახვრეტის მიზეზებზე
გვესაუბრება. ამბობს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი ლავრენტი ბერია
იყო.
ალექსანდრე ცაგურიშვილი, როგორც მისი შვილიშვილი ამბობს ბერიას
ბრძანებით, 1937 წელს უშიშროების კომიტეტში დახვრიტეს 54 წლის ასაკში.
თუ სად არის დასაფლავებული, შვილიშვილისთვის უცნობია. „ფორიას“
ბორჯომელი მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა. ამჟამად არცერთი მათგანი
ცოცხალი აღარ არის, მისი მეუღლე კი ვარდგინეთში სწორედ იმ
ორსართულიანი სახლის ეზოშია დასაფლავებული.