ცხოვრება ფსიქიკური პრობლემებით და სტიგმა საზოგადოებაში
19:59 / 10.10.2019
„თავიდან დიაგნოზი რომ დამისვეს, ასე მეგონა,
თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. „ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სუნთქვა
მეკვროდა.მეგონა, ფსიქიკური მოშლილობით გამოწვეულ უხერხულობას
ვერაფრით გავუმკლავდებოდი. მე და ჩემ მეუღლეს დრო დაგვჭირდა, რომ
მდგომარეობას შევგუებოდით. ვისწავლე, რომ გადაულახავი პრობლემა არ
არსებობს. ამგვარად, ჩემს დაავადებას ექიმებთან და სპეციალისტებთან
ერთად ვუმკლავდები; მეხმარება აგრეთვე ახლობლებთან ურთიერთობა და
პრობლემების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრა“ - ელენე.
„ზოგჯერ შიშის გამო რაღაცების გაკეთება შეუძლებელი
მეჩვენება, ზოგჯერ კი, კითხვის თავიც არა მაქვს. როცა ღრმა დეპრესიაში
ვარ, ვერიდები სხვებთან ურთიერთობას, საუკეთესო მეგობრებთანაც კი.
ზოგი ჩემს დახმარებას ცდილობს და მეუბნება, რომ მალე ყველაფერი კარგად
იქნება ან რომ, საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც მე მგონია. სხვები
მირჩევენ, ჩემი ცხოვრების კარგ მხარეებზე ვიფიქრო. მაგრამ ეს ხომ
ათასჯერ ვცადე „ - ლევანი.
„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ დამაწვინეს სტაციონარში,
სადაც ყველგან ჭუჭყი იყო, აბაზანის ჩათვლით. არ იყო ელექტროენერგია.
ასევე, მივიღე ისეთი ზედოზირება, რომ 3 დღის განმავლობაში ვიწექი და
მეძინა“ - თამუნა.
„ყოველდღე ველოდები, რომ ოჯახიდან ვინმე მომაკითხავს და
მეტყვის, მოემზადე, სახლში ვბრუნდებითო, მაგრამ ამაოდ! მე აქ არავის
ვახსოვარ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლიდანაც მომიშორეს და
არავის აღარ ვუნდივარ. თავს არასრულფასოვნად ვგრძნობ. ფსიქიატრიულში
არავისთან მინდა კონტაქტი. ვარ ჩემთვის ოთახში შეკეტილი და ცხოვრებას
ფანჯრიდან ვუყურებ“ - კოტე.
ჩვენი მულტიმედია მასალის გმირები სხვადასხვა ისტორიებით ცხოვრობენ.
ზოგიერთის პრობლემა ახლობლების სიყვარულით გადაიჭრა, ზოგი კი
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ერთ პატარა ოთახში, საბნის ქვეშ
იმალება და საზოგადოებაში გამოჩენა არ სურს. მათი ვინაობები
კონფიდენციალურია, ამიტომ ზემოთხსენებული სახელები შეცვლილია. არც
იმას ვაკონკრეტებთ, რომელი პაციენტი რომელ დაწესებულებაში იმყოფება.
ერთადერთი რაც ამ დაწესებულებების პაციენტებს აერთიანებთ -
თავისუფლებაა. სურთ, რომ დახურულ სივრცეს გასცდნენ და ჩვეულ რეჟიმში
დაუბრუნდნენ ცხოვრებას.
რა არის ფსიქიკური
დაავადება?
სპეციალისტების აზრით, ამ დაავადების დროს ადამიანს მნიშვნელოვნად
უქვეითდება აზროვნების უნარი, ხდება ემოციურად გაუწონასწორებელი და
ახასიათებს არაადეკვატური ქცევები. ხშირ შემთხვევაში ადამიანი კარგავს
სხვებთან ურთიერთობისა და ცხოვრების ხალისს. სიმპტომების სიმძიმე
შეიძლება განსხვავდებოდეს ხანგრძლივობითა და ინტენსივობით და ეს
დამოკიდებულია ზოგადად ადამიანის ტიპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა
და გარემოებებზე. ფსიქიკური მოშლილობა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ
ადამიანს ასაკის, კულტურის, სქესის, რასის, რელიგიის, განათლებისა და
ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ფსიქიკური მოშლილობის
განმაპირობებელი ფაქტორი არც პიროვნული სისუსტეა და არც ცუდი ზნე.
სწორად შერჩეული მკურნალობის შედეგად ადამიანი შეიძლება განიკურნოს და
შინაარსიანად და ნაყოფიერად იცხოვროს.
ექსპერტების აზრით, ამ სფეროს პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო
პაციენტებს მხოლოდ სტაციონალურ მკურნალობას სთავაზობს. სისტემაში
განუვითარებელია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - პაციენტის
რეაბილიტაცია მკურნალობის დასრულების შემდეგ.
„მთელ მსოფლიოში ფსიქიკური მოშლილობა ასობით მილიონ
ადამიანს აღენიშნება, რაც დიდ გავლენას ახდენს მათ ახლობლებზე. ყოველ
მეოთხე ადამიანს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ფსიქიკური მოშლილობა
ემუქრება. დეპრესია ყველაზე მეტად აკარგვინებს ადამიანს ცხოვრების
ხალისს. შიზოფრენია და ბიპოლარული მოშლილობა ითვლება ყველაზე მწვავე
მოშლილობად, რაც ადამიანს აკარგვინებს შრომის უნარს და რიყავს
საზოგადოებისგან . . . მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მოშლილობები
ძალიან ბევრ ადამიანს აღენიშნება, ისინი ხშირად მალავენ, რომ ეს
დაავადება აწუხებთ, უყურადღებოდ ტოვებენ მას და აშინებთ საზოგადოების
რეაქცია“ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.
ამავე ორგანიზაციის თანახმად, ფსიქიკური მოშლილობით დაავადებული ბევრი
ადამიანი უარს ამბობს მკურნალობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ საზოგადოება
გარიყავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დეპრესია და
შფოთვითი აშლილობები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 1 ტრილიონი
დოლარით აზარალებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან
აღინიშნება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
ისახავს მიზნად.
ფსიქიკური აშლილობის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე
პირთა და მათი ოჯახის წევრთა გაერთიანებამ “მოძრაობა ცვლილებებისთვის”
მოამზადა ვიდეო რგოლი “დაინახე, დამინახე, მაღიარე”.
სტიგმა საზოგადოებაში და სპეციალისტების
ხედვა
„ჩვენი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტების -
ამოცანაა, ადამიანებს ტანჯვა შევუმსუბოქოთ, პრობლემების დაძლევასა და
მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ. თუ ისინი ხანგრძლივად და ხშირად
იქნებიან იზოლირებულები თავიანთი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოსგან,
ამ მიზნების მიღწევა გართულდება. ამიტომ, ზოგადი პროფილის კლინიკებში
ფსიქიკური სტაციონარი არის აუცილებელი. ზოგ შემთხვევაში სტაციონარში
მოთავსება აუცილებელია, მაგალითად, სუიციდის მცდელობის შემთხვევაში,
საიდან გამოსვლის შემდეგაც მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია თემში,
ბინაზე უნდა გაკეთდეს” - ამბობს გიორგი გელეიშვილი,
ფსიქიატრი.
"ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის დაძლევის იარაღი პროტესტი,
განათლება და კომუნიკაციაა" - ამბობენ ფსიქოლოგები, რომლებიც
ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს მეტი
პასუხისმგებლობისა და თანადგომისკენ მოუწოდებენ.
იმის გამო, რომ პაციენტების ახლობლები ხშირად არ არიან მზად დაეხმარონ
ფსიქიკური პრობლემის მქონე ოჯახის წევრებს, სპეციალისტები ფიქრობენ,
რომ ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობაა საჭირო.
მათი მოსაზრებით, უნდა არსებობდეს ქვეყანაში, პაციენტების დასაქმების
შესაძლებლობაც.
ის რომ ქვეყანაში ამ ადამიანების დასაქმების პრობლემაც არის, ამას
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც
ადასტურებს და ცხადყოფს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების
უფლებები ამ კუთხითაც შეზღუდულია.
რაც შეეხება თავშესაფრებში საცხოვრებელ მდგომარეობას. ის რომ
არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება, პაციენტებთან და ექსპერტებთან
ერთად, ამას მკაფიოდ აღნიშნავს ომბუდმსენიც.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, რომელმაც ცენტრი 2018 წლის ოქტომბერში
დაათვალიერა, პაციენტები ღირსებისშემლახველ პირობებში იმყოფებიან. ეს
ყველაფერი ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ანგარიშში ასახა და
მთავრობას მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო
ადამიანური რესურსის ნაკლებობას მწვავედ განიცდის. ფსიქიატრების
რაოდენობა ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია,
რაც აბსოლუტურ ციფრებში სულ მცირე 250 ფსიქიატრის დეფიციტით
გამოიხატება. კიდევ უფრო სავალალოა მდგომაროება სხვა კადრების
მიმართ.
დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში მძიმე ფსიქიკური აშლილობის
მქონე პირთა 76%-დან 85% ვერ იღებს მკურნალობას; მაღალი შემოსავლების
ქვეყნებშიც კი ეს მაჩვენებელი მაღალია და მერყეობს 35%-დან და 50%-ს
შორის.
სახელმწიფოს როლი
2014 წლის დეკემბერში მთავრობამ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების
სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
რომელიც გულისხმობს: „ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიული
გეგმის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ფსიქიკურ
კეთილდღეობას, მოახდინოს ფსიქიკური დარღვევების პრევენცია, დაიცვას
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებები და შეამციროს საქართველოში
ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა,
უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა
თვითგამორკვევა და საზოგადოებაში ინტეგრირება.
ამ მიდგომის თანახმად, რეგულარულად უნდა ხდებოდეს ფსიქიკური აშლილობის
მქონე პირთა საჭიროებების შეფასება, არსებული სამსახურების ანალიზი
და, რეალობის გათვალისწინებით (ფინანსური შესაძლებლობები, კადრების
მომზადების ხარისხი და სხვა) უნდა დაიგეგმოს პროცესი, რომელიც
უზრუნველყოფს ჰოსპიტალური მკურნალობის დაბალანსებას (სასურველია
ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში) და თემზე დაფუძნებული ფსიქიკური
ჯანმრთელობის სერვისების გეგმაზომიერ განვითარებას“ -
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამოქმედო გეგმის ბოლომდე
განხორციელება რთული და ხანგრძლივი პროცესია.
როგორ გავუმკლავდეთ ფსიქიკურ
მოშლილობას
ზედმიწევნით მიჰყევით გამოცდილი ფსიქიატრის მიერ დანიშნულ
მკურნალობას
შეინარჩუნეთ გაწონასწორებული და სტაბილური დღის განრიგი.
იყავით ფიზიკურად აქტიური
საკმარისად იძინეთ
ყოველდღე გამოყავით დრო დასვენებისთვის
მიირთვით ჯანსაღი და ბალანსირებული საკვები
შეზღუდეთ ალკოჰოლური სასმელები და ის წამლები, რომლებიც ექიმს არ
გამოუწერია
ნუ განმარტოვდებით; დრო გაატარეთ იმ ადამიანების გვერდით, ვისაც
ენდობით და ვინც თქვენზე ზრუნავს
იზრუნეთ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე