ევროპის დღე ახალქალაქში მასშტაბურად აღინიშნა. მუნიციპალიტეტს,
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ესტუმრა.
კარლ ჰარცელმა, ის სასწავლო ცენტრი გახსნა ოფიციალურად, სადაც
ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლები ქართულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.
სასწავლო ცენტის მიზანი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების
ინტეგრაცია, საზოგადოებაში ენობრივი ბარიერის გადალახვა და
საგამოცდოდ, ახალგაზრდების მომზადებაა. სასწავლო ცენტრში 20-მდე
ახალგაზრდამ ენების შესწავლა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
გაკვეთილები მათ სისტემატურად უტარდებათ.
ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე შეხვედრა ჰქონდა ENPARD-ის
პროექტის გუნდთან და ახალქალაქის LAG-ის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის
წევრებთან, რა დროსაც ელჩმა, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
მიიღო.
ახალქალაქის განვითარების ჯგუფი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის
განვითარების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც
კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის 30-მდე წარმომადგენელს
აერთიანებს. დღეისათვის LAG-ს შემუშავებული აქვს ადგილობრივი
განვითარების სტრატეგია და ევროკავშირის საგრანტო პროგრამით სოფლის
მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების და სოციალური
მომსახურების სფეროებში ადგილობრივი განვითარების ინიციატივებს მხარს
უჭერს. დღემდე, ევროკავშირის გრანტით და GIPA-ს მხარდაჭერით,
ახალქალაქში 16 ინიციატივაა დაფინანსებული. ახლო მომავალში კი
დამატებით 24 ინიციატივის დაფინანსება იგეგმება. ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივებით მუნიციპალიტეტში უკვე
64 მუდმივი, ხოლო 14 სეზონური სამუშაო ადგილი შეიქმნა.
აღსანიშნავია ის, რომ სასწავლო ცენტრიც ახალქალაქის LAG-ის ოფისში
ფუნქციონირებს.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, კარლ ჰარცელი სოფელ ოკამს ესტუმრა და
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივის
ფარგლებში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. თავდაპირველად,
ვულკანური წიდის მოპოვება და დამუშავების პროცესს გაეცნო.
შემდეგ კი ამავე სოფელში, საკალმახეს ესტუმრა და ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივის ფარგლებში აღნიშნულ
პროექტს გაეცნო.
პროექტების გაცნობის შემდეგ ელჩმა, ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,
ახალქალაქის ციხის ტერიტორიის დასუფთავების აქციაშიც მიიღო
მონაწილეობა.
ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და
ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა, ევროპის დღე ოფიციალურად გახსნეს.
ღონისძიებას 1000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ესტუმრა. ქალაქი
მოირთო სადღესასწაულოდ, გაიმართა კულტურული და სპორტული
ღონისძიებები.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ადგილობრივებს ევროპის დღე მიულოცა
და სიტყვით მიმართა.
„არასდროს ყოფილა ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა
ისეთი ძლიერი და მყარი, როგორიც არის დღეს. ჩემი მისიის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილია ის, რომ შემოვიტანოთ რაც შეიძლება მეტი
ევროკავშირი საქართველოში და პირიქით, საქართველო
ევროკავშირში“ - კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი
საქართველოში.
აღნიშნული შეხვედრა ახალქალაქში იყო ერთ-ერთი ნაწილი რეგიონალური
ვიზიტების. კარლ ჰარცელმა მედიასთან საუბრისას, ხაზი გაუსვა
ახალქალაქში ტურისტულ პოტენციალს, რომლის განვითარებასაც აუცილებლად
მიიჩნევს. სწორედ ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახალქალაქი,
ევროპის დღის აღსანიშნავად ამიტომ შეირჩა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ელჩმა დააგემოვნა ნატურალური პროდუქტი,
რომელიც ადგილობრივებს ჰქონდათ ცენტრალურ მოედანზე გამოტანილი. მათი
დაგემოვნება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, როგორც ადგილობრივებს, ასევე
ქალაქის სტუმრებს.
ევროპის დღის აღნიშვნაში, ახალქალაქში, დიდიც და პატარაც ერთნაირად
იყო ჩართული.
ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, კარგი განწყობა, გართობა და ბევრი
საჩუქარი, ეს ყველაფერი სწორედ მათთვის იყო გათვალისწინებული. საზეიმო
განწყობა იგრძნობოდა ქალაქის ქუჩებში.
ახალქალაქის ცენტრალური მოედანი ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა,
სადაც თითოეულმა სტუმარმა სხვადასხვა აქტივობებით ევროკავშირში
„იმოგზაურა“, გაეცნო ადგილობრივ პროექტებს და მიიღო ინფორმაცია
საქართველოსა და ევროკავშირის შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის
შესახებ. საზეიმო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდა.