ინტერაქტიული მულტიმედია
დაბაძველი - ულამაზესი ტბებით, ბუნებით და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით {ფოტორეპორტაჟი}

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევიდან, დაბაძველის დასახლებამდე 8 კილომეტრიანი გზაა გასავლელი. მაღალი გამავლობის

ავტომანქანით ამ მანძილს 40 წუთში დაფარავთ და ზღვის დონიდან 1750 მეტრზე აღმოჩნდებით.

 



სიძველისგან გაშავებული ხის სახლები აქა-იქ მოსჩანს. რამდენიმე მათგანს ეტყობა, რომ სახლებში ცხოვრობენ. ასეთი საცხოვრებელი დასახლებაში ოთხია. ერთ-ერთ მათგანში ჭობისხეველი გიული მახარაშვილი ცხოვრობს. ამბობს, რომ სულ პატარა, დაახლოებით  6 წლის იყო, დედემ მთაში პირველად რომ წაიყვანა. მას შემდეგ ყველა ზაფხულს დაბაძველში ატარებს.



ყოველ წელს, 6 მაისს სატვირთო ავტომანქანას მეუღლესთან ერთად დატვირთავს, ყველა იმ ნივთს წაიღებს, რაც მომდევნო თვეებში, მთაში, ზაფხულის გასატარებლად დასჭირდება და ოჯახს 5-6 თვით ემშვიდობება.




წლების წინ დაბაძველში ზაფხულობით 25 ოჯახი ადიოდა, ახლა მთაში  ცხელ დღეებს, მხოლოდ ოთხი ოჯახი ატარებს.


დაბაძველი ტურისტებისთვისაც მიმზიდველი ადგილია. ბევრმა არ იცის, რომ დაბაძველის ტერიტორიზე ხუთი ტბაა. ადგილობრივები ამ ტბებს ასე უწოდებენ -  მანდიაშვილის ტბა, წეროს ტბა, კახისის ტბა, ჩიტოს ტბა და დათუას ჭაობი. ტბები ერთმანეთისგან დაშორებულია.  ამ ტბებიდან ყველაზე ხალხმრავალი კახისის ტბაა. რომლის ირგვლივაც წიწვოვანი ტყეა. ზაფხულში ტბას ადგილობრივ დამსვენებლებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.


ტბის ირგვლივ ინფრასტრუქტურა მოსაწყობია. არ არის ღამის გასათევი, რაც ვიზიტორებისთვის პრობლემაა. მათი უმეტესობა ტბაზე ერთი დღით ადის და მიუხედავად დარჩენის სურვილისა უკან დღის ბოლოს ბრუნდება.

ისინი კი ვინც ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნას ამჯობინებს, ტბაზე რამდენიმე დღით ადიან და ღამესაც კარვებში ათევენ. ახლა ტბის მიმდებარედ, ახალგაზრდების ჯგუფია დაბანაკებული




„ჩვენ რუსთავიდან ვართ, აქ მეგობარმა დაგვპატიჟა და გადავწყვიტეთ კარვებით წამოვსულიყავით. ძალიან ლამაზია აქაურობა, მაგრამ მოუვლელი. სასტუმრო, რომ იყოს კარგი იქნებოდა. ანკესები გვაქვს წამოღებული და თევზაობას ვაპირებთ, კარგია ტბის პირას,  კოცონიც ავანთეთ“ - შთაბეჭდილებებს გვიზიარებს 17 წლის გოგა ჩინჩალაძე.


ახალგაზრდებისგან მოშორებით რამდენიმე ადამიანი თევზაობს.

„მე აქ პირველად ვარ, მეზობელმა წამომიყვანა. ბოლო 10 წელი ისრაელში ვცხოვრობდი, ახლა დავბრუნდი საქართველოში.  ასეთი ადგილები იშვიათია. პირველ რიგში გზა არის გასაკეთებელი. ტურიზმისატვის ეს ყველაზე კარგი ადგილია ალბათ“ - ამბობს თემურ მეფარიშვილი

ტურისტები დაბაძველს ხშირად ცხენებით სტუმრობენ, ამაში მათ 24 წლის გიორგი ბუხნიკაშვილი ეხმარება. გიორგიმ ჰობი ბიზნესად აქცია.




დაბაძველში ვიდე კახისის ტბისკენ გადაუხვევთ,  მანიშნებელია წარწერით - „კაფე-ბარი კახისი“, ტყეში, ტბასთან ახლოს, კაფე ჭობისხეველმა ოჯახმა გააკეთა. მაისიდან ნოემბრამდე, ტურისტებს ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდებიან.







„ საქონელი გვყავს ამოყვანილი, ოჯახური ბიზნესი გვაქვს. ხაჭაპურებს ვაცხობთ, ნატურალური გვაქვს ყველაფერი, წვენები, არაჟანი. ეზოში თონე გვაქვს და უცხოელები პურს საკუთარი ხელით აცხობენ. ვიდრე არ მოთოვს აქ ვართ. ამინდი თუა ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის. მაგრამ პრეტენზიებიც აქვთ, არ არის სველი წერტილები, წყლის გადავლება უნდათ და ძალიან წუხდებიან“ -  გვიყვება მარინა მაისურაძე, რომელიც კაფეს მეუღლესთან, შვილთან და რძალთან ერთად ამუშავებს.







კახისის ტბის მეორე მხარეს ხის კოტეჯების მშენებლობა მიმდინარეობს, სულ ტერიტორიაზე 8 კოტეჯი უნდა აშენდეს, ამ დროისთვის ოთხია მშენებლობის სტადიაში. მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს და როგორც კოტეჯების მეპარტონეები ვარაუდობენ, ზამთარში უკვე ვიზიტორებს მიიღებენ, ასევე გეგმავენ დაბაძველიდან ბაკურიანამდე ტურების მოწყობას.


იმის გამო, რომ დასახლებაში ელექტრო ენერგია არ არის, კოტეჯების გენერატორით და მზის ენერგიით განათებას გეგმავენ.




გაატარებ რამდენიმე საათს დაბაძველში, შემოივლი კახისის სანაპიროს, ცოტას ითევზავებ, შეიძლება კოცონიც აანთო, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად გაერთობი, ცხენით გაისეირნებ და მალევე უკან დაბრუნება მოგიწევს, თუ კარავი არ გაქვთ ძალიანაც რომ გინდოდეთ, დასახლებაში ღამის გათენება შეუძლებელია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ „აქაურობას კარგი პატრონი, რომ ჰყავდეს, საქართველოში კურორტი ვერ აჯობებდა“

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.