ინტერაქტიული მულტიმედია
სოფელი სამი კომლით (ფოტორეპორტაჟი)
სოფელ წინუბნისკენ ორსაათიანი მგზავრობის და მოუწესრიგებელი გზის გავლის შემდეგ მივედით. სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ბორჯომიდან კი 32 კილომეტრით არის დაშორებული.
ერთმანეთის მიყოლებით მდებარე სოფლებს არც აბრა აქვს და არც რაიმე მანიშნებელი. კითხვის გარეშე რთულია გაარკვიო სად რომელი სოფელია.

გუჯარეთის ხეობის ცხრა მიტოვებული სოფლიდან წინუბანი ერთ-ერთია, სადაც წლების წინ ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში მათ სოფლის დატოვება აიძულეს. ადგილობრივებმა საკუთარი სახლები მიატოვეს და სოფლიდან წავიდნენ.





სოფლის შესასვლელიდან მიტოვებული და დანგრეული სახლები ჩანს. სახლების უმრავლესობას არც სახურავი, არც ფანჯარა და არც ღობე აქვს. ირგვლივ ყველაფერი ძველი და გაპარტახებულია. უკაცრიელ სოფელში უცნაური სიჩუმეა. არც ადამიანის ხმა და არც ძაღლის ყეფვა არ ისმის.

















იმ იმედით რომ ადამიანებს შევხვდებოდით თითქმის მთელი სოფელი გავიარეთ. აქ მცხოვრებლები სოფლის ბოლოში ვნახეთ. წინუბანში მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს. მთის სოფელში საქონელი ამოჰყავთ და ზაფხულს აქ ატარებენ.


64 წლის ნუგზარ შაუმიანი სოფელ რველიდან წინუბანში უკვე 10 წლია მოდის. საქონელი ამოჰყავს. მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე აქ არის. რძის ნაწარმს საკუთარი ხელით ამზადებს და შვილებს და შვილიშვილებს უგზავნის.



ნუგზარ შაუმიანი-წინუბნის მცხოვრები


„რა ვქნა ბორჯომში რა გავაკეთო, ბირჟაზე დავჯდე? ამიტომ გადავწყვიტე აქ წამოსვლა. დენი და წყალი რომ არ გექნება რა პირობები გინდა. საკვებს ვიმარაგებთ. ხანდახან მივდივართ კიდეც. ჩემ თავს მე ვუვლი, სადილსაც მე ვამზადებ“- ნუგზარ შაუმიანი.

თიკო სამსონიძე წინუბანში დაახლოებით 15 წელია რაც დადის. დედამთილს ეხმარება საქონლის მოვლაში, რომელიც ფერმაში მუშაობს და ზამთარ-ზაფხულ სოფელში ცხოვრობს.

ცივილიზაციას მოწყვეტილ სოფელში პირობები რთულია, თუმცა იმის გამო, რომ დასაქმებული არ არის მთაში წასვლა გადაწყვიტა.




თიკო სამსონიძე-წინუბნის მცხოვრები


„რთულია აქ ყოფნა მარტო, ხალხი რომ იყოს კიდევ კარგი იქნება. სექტემბრამდე აქ დავრჩები. სკოლაში სწავლა რომ დაიწყება ჩვენც წავალთ. სამი ოჯახი ერთმანეთის იმედად ვართ. ძნელია მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, სხვა რა უნდა აკეთო, სამუშაო არ არის და არაფერი. დენი არ არის, სანთლის შუქზე ვართ“- ამბობს თიკო სამსონიძე.


სამკომლიან სოფელს შემოდგომაზე ორი დატოვებს. მხოლოდ ერთი მოხუცი დარჩება, რომელიც მკაცრ ზამთარს მთაში მარტო გაატარებს იმ იმედით რომ გაზაფხულიდან ხმის გამცემი ისევ ეყოლება.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: წინუბანი /
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.