სამთო-კლიმატურ კურორტზე დამსვენებლების რაოდენობა მცირდება
14:27 / 13.08.2019
დაბა სურამი, სამთო-კლიმატური კურორტი საქართველოში, შიდა ქართლის
მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჰავის განსაკუთრებული
თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს
მასშტაბით.
სურამის ჰაერი საუკეთესოა ბავშვებისთვის და არამარტო მათთვის.
განსაკუთრებით სასარგებლოა, მისთვის ვისაც აწუხებს სასუნთქი გზებისა
და ფილტვების დაავადებები, ბრონქიტი და სხვა. აგრეთვე,
რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის
უნარის ასამაღლებლად. ძალიან კარგი ეფექტი აქვს ბავშვებში უმადობისას,
პირველივე კვირიდან საგრძნობლად იმატებს ბავშვებში მადა.
„ბორჯომის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქარი ეჯახება
ერთმანეთს სურამის ბოლოს და აქედან წარმოიქმნება იოდური ჰაერი,
ტრიალებს და ვრცელდება სურამის ტერიტორიაზე. ეს ჰაერი სასარგებლოა
ასთმური მოვლენების დროს, ვისაც პრობლემა აქვს ფილტვებზე და აწუხებს
ბრონქები“ - გვიხსნის ადგილობრივი მკვიდრი მევლუდ
სალაღაია.
„ბავშვი რომ მოდის, რომელიც აეროზოლს იყენებდა, სურამში
აღარ სჭირდება ხოლმე. განკურნებულებიც წასულან და ისეთი კმაყოფილები
იყვნენ, რომ ზამთარშიც ჩამოსულან აქ დასასვენებლად“ -
გვიყვება სურამის მკვიდრი ლილი მჟავანაძე.
სწორედ ამ განსაკუთრებული ჰავის გამო სტუმრობენ სურამს დამსვენებლები.
თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი რაოდენობა ბოლო წლებში
შემცირდა. მიუხედავად ამისა, სამკურნალო თვისებების გამო, სურამში
უამრავ ბავშვს შენიშნავთ.
თამილა შაკიაშვილი, 9 წლის თათიასთან ერთად სურამს უკვე მეორედ
ესტუმრნენ. 10 დღეზე მეტია დაბაში იმყოფებიან. ბებია-შვილიშვილმა,
სამთო-კლიმატურ კურორტზე დასვენება, ბრონქების გამო გადაწყვიტეს.
გურჯაანიდან აქ, ექიმის რეკომენდაციით ჩამოვიდნენ და ყოველდღიურად
ტყეში სეირნობენ.
„ბრონქების გამო ვართ ჩამოსული. ექიმმა გვითხრა რომ აქ
კარგი ჰაერია და შვილიშვილი წამოვიყვანე. ვფიქრობ, პირობებიც კარგია
და ხალხიც. ზემოთ ავდივართ, „ბაიათუბანს“ ეძახიან და იქ ვისვენებთ,
პარკიც არის და გასართობებიც ბავშვებისთვის“ - ამბობს
თამილა შაკიაშვილი.
ციალა ლომსაძეც შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა სურამში დასასვენებლად.
გადაწყვიტა ბავშვს ჰაერი შეუცვალოს.
„თბილისში ვცხოვრობთ კორპუსში, არაფერი აწუხებს ბავშვს,
უბრალოდ მინდოდა ჰაერი გამოეცვალა, ამიტომ წამოვიყვანე სურამში. მთის
ჰაერი და კლიმატი განსხვავებულია, ამიტომ ბოლო 2 წელია სურამში
დავდივართ“ - ციალა ლომსაძე.
სურამის ცენტრშივე მოედინება რკინის წყალი, რომელიც გამოიყენება
ანემიის ანუ სისხლნაკლებობის დროს. ასევე რეკომენდებულია,
მედიკამენტებთან ერთად, თვალის, ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის
დაავადებების დროს. ადგილობრივებიც და დამსვენებლებიც ამ წყალს ხშირად
აგემოვნებენ.
სურამში ბინების გაქირავების ფასი 25-30 ლარიდან იწყება. „ქირავდება
ბინა“ - ამ წარწერას ქუჩებში ხშირად შეხვდებით. დაბის მოსახლეობის
უმრავლესობისთვის, სწორედ ეს არის შემოსავლის წყარო.
„ბინებს ვაქირავებთ და ეგ არის ჩვენი შემოსავალი. აბა აქ
ჩაი, მანდარინი, ლიმონი და ფორთოხალი არ არის და თავი რაღაცით ხომ
უნდა ვირჩინოთ?“ - გვეუბნება მევლუდ სალაღაია.
29 წლის ლელა ციცქიშვილი, რომელიც ასევე სურამში ცხოვრობს, ამბობს რომ
ბინები ადრე უფრო ქირავდებოდა, ვიდრე ახლა. მიუხედავად იმისა, რომ
სურამში განსხვავებულია ჰაერია, დამსვენებლების რაოდენობა მისი თქმით,
ბოლო წლებში შემცირდა.
„ბორჯომში სხვა კლიმატია, ბაკურიანში სხვა და სურამშიც
ასევე განსხვავებული ჰაერია. წინა წლებში აქ უფრო ქირავდებოდა ბინები,
ახლა შემცირებულია, რადგან წელს ტყე ნაკლებად არის მოვლილი. ადრე
ხალხიც მეტი იყო და ჰაერიც სუფთა იყო“ - ამბობს ლელა
ციცქიშვილი.
სურამში, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არის. ასევე
მოწყობილია პატარა პარკი ატრაქციონებით. არსებული გასართობებით, ყველა
თავისებურად ცდილობს დაისვენოს და გაერთოს.
თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია და
ყველაფერი მიხედვას საჭიროებს. მევლუდ სალაღაია, დამსვენებლების
რაოდენობის შემცირებას, სწორედ ამ პრობლემას უკავშირებს.
„ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი, პარკი ჩვენ არ გვაქვს
და არაფერი. დამსვენებლები რომ ჩამოდიან, ადგილობრივების გაკეთებული
„კარუსელებით“ სარგებლობენ. ხალხი აქ რომ მოდის, კომფორტს, სისუფთავეს
და ყველაფერს მოწესრიგებულს ითხოვენ. რომ არ ხვდებათ, ამიტომ შემცირდა
ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა“ - მევლუდ სალაღაია.
სამომავლოდაც გაგრძელდება თუ არა დამსვენებელთა რაოდენობის კლება, ამ
ეტაპზე პროგნოზირება რთულია. სურამელების თქმით, სამთო-კლიმატურ
კურორტს მეტი მოვლა და ყურადღება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში,
სურამში აღარც ტყე და ჰაერი შემორჩება და აღარც ის დამსვენებელი, ვინც
აქ მკურნალობის მიზნით ჩამოდის.