ინტერაქტიული მულტიმედია
მარკეტინგი სურამულად - ფოტორეპორტაჟი
5+1, 4+1, 7+1, - ასეთ წარწერას სურამში ნაზუქების ჯიხურებთან, არაერთ ადგილას შენიშნავთ. ეს მარკეტინგული ხრიკია, რომლითაც ადგილობრივები მომხმარებლებს იზიდავენ. ანუ, თუ ამ რაოდენობის ნაზუქს შეიძენთ, ერთი დამატებით საჩუქრად გადმოგეცემათ. ერთი ნაზუქის ფასი 2 ლარია. აქ ყველა ჯიხურს თავისი მეპატრონის სახელი აქვს. „ქეთოს ნაზუქი“, „ბაჩოს ნაზუქი“, „ნაზის ნაზუქი“, „სერგოს ნაზუქი“ და ა.შ. მოკლედ, არჩევანი საკმაოდ დიდია, მთავარია მოთხოვნაც ასეთივე დიდი იყოს. 











ნაზუქების ცხობა და გაყიდვა სურამში დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად, რამდენიმე ოჯახი აცხობდა, შემდეგ მიბაძეს და ახლა დაბის ნახევარი მოსახლეობა ამ საოჯახო ბიზნესითაა დაკავებული. საქმე შემოსავლის წყაროდ აქციეს და დღითიდღე იმატებდა თონეების რაოდენობაც. თუმცა, საბოლოო ჯამში, სურამში იმდენი მომხმარებელი არ დარჩა, რამდენიც თონეა. შესაბამისად, ზოგს გამომცხვარი ნაზუქები გასაყიდი რჩება.



ირმა ტაბატაძემ გადაწყვიტა მარკეტინგული ხრიკისთვის მიემართა და ნაზუქებზე ფასდაკლების აქცია დააწესა. მის საცხობთან ასეთი აბრა გვხვდება, „ვინც ბაჩოს 5 ნაზუქს შეიძენს, ერთი საჩუქრად დაემატება.“

„ყველას უხარია პატარა საჩუქარი, ამიტომ გადავწყვიტე აქცია დამეწესებინა ნაზუქებზე. მომხმარებლებს მოტივაცია უმაღლდებათ და სურვილი უჩნდებათ შეიძინონ 5 ნაზუქი, რომ ერთი მიიღონ საჩუქრად“ - გვიყვება მარკეტინგულ ხრიკზე ირმა ტაბატაძე.



„ბაჩოს ნაზუქის“ მეზობლადაა, „ქეთოს ნაზუქიც“. მსგავსი აქცია ვრცელდება ქეთო დეიდას გამომცხვარ ნაზუქებზეც. ჯიხურის მეპატრონე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო 2-3 წელია რაც სურამში ნაზუქებზე კონკურენცია გაიზარდა და მარკეტინგი სწორედ ამ პერიოდში გახდა აქტუალური. ქეთო შუბითიძე, დღის განმავლობაში 25-მდე ნაზუქს აცხობს, რადგან იცის, რომ ბევრი არ გაეყიდება. მომხმარებლების შემცირებას კი „სერგოს ნაზუქს“ აბრალებს, რომელთანაც მყიდველების რიგი მთელი დღის განმავლობაშია.

„სერგოს ნაზუქმა“ შთანთქა ყველა მომხმარებელი. ორი თონე აქვს, ბევრი მცხობელი ჰყავს და მასთან უფრო ბევრი მსურველი მიდის. ჩვენთან ამიტომ იკლო მომხმარებელთა რაოდენობამ. აგერ 17 ნაზუქი რომ წუხელ გამოვაცხე, ისევ გასაყიდი მიდევს. ბევრს არ ვაცხობ, რადგან არ დამრჩეს. ამიტომ დავაწესეთ აქცია, რომ მოტივაცია აუმაღლდეთ და შეიძინონ ჩვენი ნაზუქები“ - ამბობს ქეთო შუბითიძე.



„სერგოს ნაზუქზე“ აქცია არ მოქმედებს, რადგან როგორც ოჯახის რძალი ამბობს, მთელი დღის განმავლობაში რიგები აქვთ და ნაზუქები ისეც ეყიდებათ, შესაბამისად მათ ნაზუქებს მარკეტინგი არ სჭირდება.



იმის გამო, რომ „სერგოს ნაზუქების“ ჯიხურთან მყიდველების რიგი არ წყდება, მისმა მეზობელმა მანჩომ, თავისი ნაზუქების პიარი ამ სახით გადაწყვიტა: „არც ჩემია ნაკლები“ - ასეთი წარწერა სურამში ერთადერთია. „მანჩოს ნაზუქების“ მიზანიც, მაღალი კონკურენციის პირობებში, საკუთარი ადგილის დამკვიდრებაა.



ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ნაზუქები ზამთარ-ზაფხულ იყიდება. მას ადგილობრივები საკუთარი ხელით თონეში ყოველ დილით აცხობენ. ცომი ადრე იზილება და ცხვება უგემრიელესი ნაზუქები, რომლის დაგემოვნებასაც, დასავლეთისკენ მიმავალ ან იქიდან მომავალ გზაზე შეძლებთ. 



ნაზუქების მარკეტინგული შეფუთვა სურამში, თითქმის ერთნაირია. მთავარია, მყიდველი ვის ჯიხურთან გაჩერდება და რომელი ნაზუქის შეძენას გადაწყვეტს. საოჯახო ბიზნესი, რომელიც სურამში ყოველ მეორე ოჯახს აქვს წამოწყებული, მათთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ნაზუქებს აცხობს და ჰყიდის, გადაღება და ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა გვითხრა რომ ამ ფულით ფარავს შვილების განათლების ხარჯებს. 



შემდეგი რესპონდენტი, ასმათ ხოჯაევი გვეუბნება, რომ დღეში დაახლოებით 50-60 ნაზუქი ეყიდებათ, ხანდახან 70-ზეც ადიან. აცხობენ იმდენს რამდენზეც არის მოთხოვნა. მომხარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით შაბათ-კვირას იმატებს.

„თუ კარგად გაიყიდა ნაზუქები, მეორედაც გამოვაცხობთ ხოლმე, თუ არა და რა აზრი აქვს? თუ არავინ იყიდა, შეიძლება ის გამომცხვარიც სულ დაგრჩეს. ზაფხულში უფრო მეტი ხალხი მოდის საყიდლად და ეს აქციებიც ამართლებს. ზამთარში უფრო ნაკლები მუშაობაა. ყინვაში გარეთ ვერ ვჯდებით, შიგნით ვართ და როცა მანქანა გაჩერდება ჯიხურთან მაშინ გამოვდივართ. რა ვქნათ, ეს არის ჩვენი შემოსავალი და შეჩვეულები ვართ ასეთ ცხოვრებას. თუ არ შევეჩვევით, სად გავიქცევით სხვაგან?“ - ამბობს ასმათ ხოჯოევი.



ზაფხულის ბოლო თვესთან ერთად, აქ ნელ-ნელა შემცირდება მყიდველთა რაოდენობაც. შემდეგ კლიმატი შეიცვლება, თუმცა ეს ადამიანები ისევ აქ დარჩებიან. ზამთრის ცივ და სუსხიან ამინდებშიც ისევ გააგრძელებენ ნაზუქების ცხობას იმ იმედით, რომ დღის მარაგს მთლიანად გაყიდიან და ოჯახში ლუკმა პურს შეიტანენ. წვალობენ, თუმცა მათ შრომას ფასი არ აქვს, რადგან როგორც თავად ამბობენ ის ინგრედიენტები, რაც ნაზუქის გამოსაცხობადაა საჭირო, ყველაფერი გაძვირდა, ნაზუქის ფასი კი ისევ უცვლელი დატოვეს.



ბევრი მომხმარებელი ეყოლება თუ ცოტა, ფაქტია, რომ სურამი ნაზუქების მხარეა და თუ ამ გზაზე მოხვდებით, მნიშვნელობა არ აქვს ვის ნაზუქს შეიძენთ, აქ ყველას ნაზუქი ერთი-მეორეზე უგემრიელესია. რომელი აქციით ისარგებლებთ და ვის ნაზუქებს დააგემოვნებთ, ეს არჩევანი უკვე თქვენზეა!

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.