ინტერაქტიული მულტიმედია
რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის ისტორიას
გთავაზობთ ტესტის პასუხებს იცნობთ თუ არა ბორჯომის ისტორიას?


1. რა ერქვა სოფელს, რომელიც არსებობდა ქალაქ ბორჯომის ადგილას XV-XVIII საუკუნეებში.




ქალაქ ბორჯომის ადგილას XV-XVIII საუკუნეებში არსებულ სოფელს ნუა ერქვა. ამავე პერიოდში მის ახლომდებარედ იყო კიდევ ორი სოფელი - ფაფა და ჭალა. ნუაში არსებობდა მინერალური წყლები. ამას მოწმობს ამ ადგილებში აღმოჩენილი ქვის აბაზანები. იმავე ხანებში, ახალციხეში, ურავლის ხეობაში ახლანდელი სოფელ ანდრიაწმინდის ახლოს ყოფილა პატარა სოფელი, რომელსაც ბორჯომი ერქვა და იქაც ყოფილა მინერალური წყლები. ვარაუდობენ, რომ ,,ბორჯომის“ სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ამ ადგილებიდან ახლანდელი ბორჯომის ხეობაში ლტოლვილ მოსახლეობას. სხვა ვერსიით ამ ადგილს ბორჯომი უნდა დარქმეოდა ურავლის ხეობის სოფლისა და სოფელ ნუას წყლების თვისებების მსგავსების გამო.


2. რას არის ,,ლიკანი“ სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით.



სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით ლიკანი თონეში ჩაკრული პურია. არა და ლიკანი მწვანე ნაძვნარში ჩაფლული ბორჯომის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომელიც ცნობილია საუკუნის წინ აგებული ლიკანის რენესანსული სტილის სასახლით, არაჩვეულებრივი ბუნებით და სუფთა ჰაერით. სულხან საბა კი გვეუბნება - არც მეტი, არც ნაკლები - ,,ლიკანი“ - თონეში ჩაკრული პურის სახელიაო. ვინ იცის, იქნებ ეს ადგილი ცნობილი იყო სწორედ თონის უგემრიელესი პურებით, თუმცა ამის შესახებ დანარჩენი ცნობები მართლა არა გვაქვს. შესაძლოა ეს სახელი მოგვიანებით დაერქვა ამ ადგილს, ყოველ შემთხვევაში გურჯისტან ვილაიეთის ჩანაწერებში სახელწოდება ,,ლიკანი“ არ გვხვდება.

3. ვის ეკუთვნოდათ პეტრეს და გოგიას ციხეები?



პეტრეს და გოგიას ციხეები ძმებს, ბორჯომის მფლობელებს, ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ. გოგიას ციხე თავს დაჰყურებს ბორჯომს, ის მტკვრის მარცხენა მხარესაა მაღლობზე აგებული.. პეტრეს ციხის ნანგრევები კი მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარე მთაზეა შემორჩენილი. ამ ციხეებს შუა საუკუნეებში თავდაცვითი და საგუშაგო დანიშნულება ჰქონდათ. მტრის შემოსევას ძმები ერთმანეთს ციხეზე ცეცხლის დანთებით ამცნობდნენ. ძმებს ერთმანეთში მტრობა ჰქონიათ, თუმცა მტრების შემოსევის დროს ამ მტრობას ივიწყებდნენ და ერთიანდებოდნენ. უფრო დეტალურად ნახეთ; https://borjomi.tv/socialuri-video/article/6870-gogiascikhe

4. ბორჯომში, გასული საუკუნის 20 იან წლებში, სასტუმრო თბილისის ადგილას იდგა:



ბორჯომში, გასული საუკუნის 20 იან წლებში, სასტუმრო თბილისის ადგილას ყოფილა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტებს დაუნგრევიათ. მის ადგილას კი სასტუმრო აუშებნებიათ. ამ ადგილას ახლაცაა შემორჩენილი ქვა, რომელიც ტაძარს ეკუთვნოდა, ეს ქვა სასტუმროს მარცხენა მხარესაა, პირველ სართულზე, სადაც მორწმუნეები დღემდე ანთებენ სანთლებს.

5. ვინ განიკურნა პირველად ბორჯომის მინერალური წყლით ?



პირველად ბორჯომის მინერალური წყლით განკურნებულა (ყოველ შემთხვევაში მანამდე არაა ცნობილი) კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილი. თუმცა, ბორჯომის ხეობაში მინერალური წყლები უძველესი დროიდან ყოფილა გამოყენებული. ისტორიული ჩანაწერების თანახმად, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მინერალურ წყალს აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა , რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, 1825 წელს ბორჯომის წყალი ხელახლა ,,აღმოაჩინეს“ რუსეთის ხერსონის გრენადერთა პოლკის ჯარისკაცებმა, რომლებმაც თბილი წყალი პოლკის მეთაურს მიუტანეს, წყალი შეამოწმა პოლკის ექიმმა ამიროვმა, რომელმაც ამ წყლის დალევა ურჩია კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს, რომელიც დაავადებისგან განიკურნა.

6. რომელ წელს მოხდა ყველაზე დიდი წყალდიდობა ბორჯომში:



ბორჯომში ბევრჯერ ყოფილა წყალდიდობა, მაგრამ ყველაზე მასშტაბური 1968 წლის აპრილში მომხდარა. ამ წყალდიდობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი , თუ არ ჩავთვლით უფროსებისგან მონაყოლს. გადმოცემებთან ერთად ისტორიას შემორჩა თვითმხილველების ფოტოები, მათ შორის ავთანდილ გელაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები. იმ პერიოდში მდინარე მტკვრის დონე ისე მომატებულა, რომ ქალაქში მდებარე ყველა ხიდი წაუღია ე.წ. ჩარხისწყლის ხიდის გარდა. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ეს ხიდი აკავშირებდა მტკვრის გაღმა-გამოღმა მცხოვრებლებს ერთმანეთთან.

7. რა ერქვა ბორჯომის ისტორიულ პარკში, მინერალური წყლის ბიუვეტის ქვეშ მდებარე წყაროს?



ბორჯომის ისტორიულ პარკში, მინერალური წყლის ბიუვეტის ქვეშ ერთ-ერთი უძველესი წყაროა, რომელსაც ადრე ეკატერინას წყარო ერქვა. ეკატერინა კავკასიის მთავარმმართებლის ევგენი გოლოვინის ქალიშვილი იყო, რომელსაც ექიმმა ურჩია ემკურნალა ბორჯომის მინერალური წყლით. ისტორიულ წყაროებში არაა შემორჩენილი რა დაავადება ჰქონდა ეკატერინას, მაგრამ ცნობილია რომ ამ წყლით ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო მინერალური წყლის პირველ წყაროს მის საპატივცემულოდ „ეკატერინსკი“ ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს – „ევგენიევსკი“, - გენერალ-გუბერნატორის სახელი.

8. სასტუმრო ფირუზა აშენდა:



სასტუმრო ფირუზა სპარსეთის კონსულის მირზა რეზა ხანის ბრძანებით აუშენებიათ. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალურ კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია, ამბობენ, რომ ეს აგარაკი მან თავის მეგობარ ქალს აჩუქა. . კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა. თუმცა ბევრმა დღემდე არ იცის, რომ აღმოსავლური სტილის „ფირუზა“, ბორჯომში სიყვარულის და დიპლომატიის ისტორიას ინახავს. უფრო დეტალურად ნახეთ; https://borjomi.tv/socialuri-video/article/6900-firuzisferimemkvidreoba

9. ვის ეკუთვნის სიტყვები: ,,თუ არსებობს ქვეყნად მიწიერი სამოთხე, მაშინ ის ბორჯომის მსგავსია“



ამ ფრაზის ავტორი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე ანატოლი ლუნაჩარსკია. ის ბორჯომში დასასვენებლად 1924-25 წლებში ჩამოსულა. მაშინ საკავშირო განათლების სახალხო კომისარი იყო და ხელისუფლებაში დიდი გავლენაც ჰქონია. მას ისე მოსწონებია ბორჯომის წყალი და ჩვენი ხეობა, საკავშირო ჯანმრთელობის სახალხო კომისართან, სემაშკოსთან ერთად გადაუწყვეტია, ბორჯომი საქართველოს დაქვემდებარებიდან რუსეთის შემადგენლობაში გადაეყვანა. მალე კრემლიდან ბრძანებაც მოსულა, თუმცა საბედნიეროდ, ამ წამოწყებას ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე გიორგი ვაწაძე და ქართველ ექიმთა ჯგუფი შეეწინააღმდეგებია და სემაშკოს სტალინთან ჩივილით დამუქრებიან. ამის შემდეგ რუს მოხელეებს ეს საკითხი აღარ წამოუჭრიათ.

10. ჩამოთვლილთაგან რომელი ხიდი არ არის ბორჯომში?



ბორჯომის თითქმის ყველა ხიდს საინტერესო ისტორია აქვს. 1968 წლის შემდეგ არის აგებული მდინარე მტკვარზე მტრედისა და სილამაზის ხიდი, მანამდე აქ არსებული ხიდები 1968 წლის წყალდიდობას წაუღია. წყალს გაღმა რომ მავთული გადაეჭიმათ, თოკი მტრედისათვის ფეხზე მოუბამთ და ისე გადაუტანიათ გაღმა ნაპირზე, აეს ხიდი დღესაც მტრედის ხიდის სახელითაა ცნობილი. იხ:. https://borjomi.tv/multimedia-georgia-/article/6786-mtrediskhidi , რაც შეეხება სილამაზის ხიდს, რომელიც დღეს ბორჯომის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლება და მართლა ამართლებს თავის სახელს, ისიც 1968 წლის წყალდიდობის შემდეგ აუგიათ, რადგან მანამდე აქ არსებული რკინის კონსტრუქციის ხიდიც სხვა ხიდებთან ერთად ადიდებულ მტკვარს წაუღია. ბორჯომში, მდინარე ბორჯომულაზე არის ეიფელის ხიდი. იხ: https://borjomi.tv/socialuri-video/article/7324--eifelis-khidi- გადმოცემის თანახმად, ხიდი ეიფელის კოშკის ავტორის, ალექსანდრე გუსტავ ეიფელის მიერაა დამზადებული. ამ ხიდის მშენებლობა მიხეილ რომანოვის სახელს უკავშირდება, სწორედ მისი შეკვეთით მომხდარა ხიდის დამზადება და საქართველოში ჩამოტანა. თუმცა რომანოვის სახელობის ხიდი ბორჯომში არაა.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.