ჩვენი მულტიმედია მასალის გმირმა, პირობითად თამუნამ, რომელმაც
ვინაობის იდენტიფიცირება არ ისურვა, ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა.
წყვილმა, დაავადების შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ექიმს მაშინ
მიმართეს, როდესაც ნაყოფის ჩასახვა ვერ მოხერხდა.
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს პირველ რიგში
მკურნალობის კურსი უნდა ჩაეტარებინათ და შემდეგ ეფიქრათ შვილის
ყოლაზე. მას შემდეგ, კონსულტაციებს ხშირად გადიოდნენ ექიმთან და
სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ოჯახის დაგეგმვა.
„ოჯახის დაგეგმვაზე ფიქრი მანამდე უნდა დაგვეწყო. არც მე
და არც ჩემ მეუღლეს არ გვქონდა ინფორმაცია რომ პირველ რიგში
მკურნალობა გვჭირდებოდა, მანამდე ექიმთან არ ვყოფილვართ. ჩვენც
გამოუცდელები ვიყავით. დაოჯახებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში რომ ვერ
დავფეხმძიმდი, მაშინ გადავწყვიტეთ მივსულიყავით ექიმთან. თავიდანვე
რომ ექიმისთვის მიგვემართა, ალბათ პრობლემა უფრო ადრე მოგვარდებოდა,
თუმცა ღვთის წყალობით, მკურნალობა წარმატებულად დასრულდა და ახლა მე
და ჩემ მეუღლეს ორი შვილი გვყავს“ - ამბობს თამუნა.
ჩვენი მასალის მეორე გმირი მარიამია (პირობითად). სახელი შევუცვალეთ,
რადგან ვინაობის საჯაროდ გამხელა არც მან ისურვა, თუმცა თავისი ამბავი
გვიამბო. მარიამი მაშინ დაოჯახდა როდესაც უნივერსიტეტში სწავლობდა და
პარალელურად მუშაობდა. იმ პერიოდში შვილის ყოლა არ სურდა, რადგან ჯერ
სწავლის დასრულება და კარიერის მოწყობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამიტომ,
მეუღლეს შეუთანხმდა, რომ ეს ყველაფერი დაეგეგმათ და ექიმს
კონსულტაციისთვის მიმართა.
„ძირითადად კონტრაცეფციაზე მინდოდა კონსულტაციის გავლა.
მაინტერესებდა, როგორ უნდა დამეცვა თავი ისე რომ ჩემ ჯანმრთელობას
საფრთხე არ შექმნოდა. ექიმთან ვიზიტი, ოჯახის დაგეგმვაში დამეხმარა.
დავფეხმძიმდი იმ დროს, როდესაც ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის იყო
მისაღები პერიოდი. ვფიქრობ, ოჯახის დაგეგმვის სერვისების შესახებ
ყველას უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რომ გავაკეთოთ გაცნობიერებული
არჩევანი და მოვახერხოთ ჩვენი ოჯახის გეგმების სწორად
განსაზღვრა“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას მარიამი.
ოჯახის დაგეგმვა ნიშნავს, ქალმა და მამაკაცმა ერთობლივად განსაზღვრონ,
თუ რამდენი შვილი იყოლიონ და რა შუალედით. ჩასახვის საწინააღმდეგო
მეთოდის გამოყენება, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების
შესაძლებლობას იძლევა. ოჯახის დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია,
არადროული ფეხმძიმობის შეწყვეტა, უსაფრთხო აბორტის გზით.
„ოჯახის დაგეგმვის სერვისების მიმართ, თბილისსა და დიდ
ქალაქებში ინტერესი უფრო მაღალია. რაიონებში კი ყველაფერი თითქმის
სპონტანურად ხდება“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას
მეან-გინეკოლოგი ელენა საბაშვილი.
ელენა საბაშვილი 23 წელია, ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო
ცენტრში, მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ამბობს, რომ რაც
არის რეკომენდებული, ექიმთან ვიზიტი, პროფილაქტიკური გასინჯვა,
საუბარი, რეკომენდაცია, ბორჯომში ძალიან იშვიათად ხდება და დიდ
ქალაქებში უფრო არის მიმართვიანობა.
„როცა თხოვდებიან, პირველი ორსულობაა, პირველი შვილია და ა.შ.
პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი შემთხვევები რომ წყვილი მოვიდეს ან
ქალი და დაგელაპარაკოს, ალბათ ასეთი 1%-ია სულ. არადა ზოგიერთ ქალს ან
კაცს, შეიძლება ჰქონდეს რამე პრობლემა, ან თანდაყოლილი და წინასწარ
ამის გამოკვლევა პრაქტიკულად არ ხდება. უმალავენ მომავალ მეუღლეს ან
მშობლებს და მერე ჩნდება პრობლემა, რამაც შესაძლოა უშვილობა
გამოიწვიოს. ყოფილა შემთხვევა, რომ 13 წლის მშობიარე გოგონებიც
მოდიან. იშვიათად არის ისეთი შემთხვევები, რომ ოჯახს ქმნინა, მაგრამ
ჯერ შვილი არ უნდათ და მათ აინტერესებთ კონტრაცეფცია, რომ როგორ
დაიცვან თავი, სანამ კარიერას მოიწყობენ ან სწავლას დაასრულებენ. ამ
კატეგორიას უფრო აინტერესებთ და უფრო გისმენენ. შესაბამისად, უფრო
კომფორტულიც არის მათთან მუშაობა“ - ელენა
საბაშვილი.
სამედიცინო ცენტრში, სამეანო გინეკოლოგიურ განყოფილებას ძირითადად,
მეორე და მესამე შვილის შემთხვევაში მიმართავენ, რადგან
პროფილაქტიკური მკურნალობა ესაჭიროებათ. ასევე ამბულატორიაშია, ქალთა
კონსულტაციის კაბინეტი, სადაც ორსულების აღრიცხვა ხდება. ელენას,
ყველა ასაკის პაციენტი მიმართავს, თუმცა განსაკუთრებით მეტია
რეპროდუქციული ასაკის ადამიანების რიცხვი.
„ტკივილები რომ აწუხებთ, ახლადდარჩენილები რომ არიან
ტოქსიკოზის ნიშნები აინტერესებთ, ზოგი მაშინვე არ ფეხმძიმდება და
ძირითადად ეს კითხვები აქვთ. მე ვაწვდი ინფორმაციას, რომ 9 თვის
განმავლობაში კონსულტაციებზე უნდა იაროს. როგორ უნდა იცხოვროს და
იკვებოს ჯანსაღად, რას მიაქციოს ყურადღება. მშობიარობის შემდგომ
პერიოდში, ამ პაციენტებთან მაქვს საუბარი კონტრაცეფციაზე, როგორ უნდა
დაიცვან თავი, რომ თავიდან აირიდონ არასასურველი ორსულობა და შემდგომ
აბორტი. სამომავლოდ, როდის დაგეგმონ შემდეგი ორსულობა და ა.შ.
ასაკოვანი ადამიანებიც მოდიან, ასაკობრივი ჩივილები აქვთ. ასევე
მოდიან სკოლის მოსწავლეები. დედას მოჰყავთ გოგონები, მენსტრუაციის
ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად“
- ამბობს ელენა საბაშვილი.
როგორც ექიმი ამბობს, ბოლო პერიოდში ბორჯომში შემცირებულია შობადობის
რიცხვი. თვის განმავლობაში 15-დან 20-მდე ქალი მშობიარობს. მისივე
თქმით, როგორც ქალებში ასევე კაცებში გაზრდილია უშვილობის პროცენტული
მაჩვენებელი, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზებად არასწორ კვებას,
კომპიუტერზე დამოკიდებულებას მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ოჯახის დაგეგმვის
სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაცია ყველას უნდა ჰქონდეს, სექსუალური
განათლების მიღება, სკოლის ასაკიდანვე უნდა ხდებოდეს და შესაბამის
ცოდნას მშობლებიც უნდა უზიარებდნენ შვილებს.
„ექიმთან ვიზიტი მნიშვნელოვანია რომ გამოირიცხოს რამე
დაავადება, საშიშროება, რაც ხელს შეუშლის დაფეხმძიმებაში. მოხდეს
დროული გამოვლენა, პრევენცია. საზოგადოება, გოგონების და ბიჭების
უმეტესობა ინფორმირებული არ არის. კარგი იქნება დედა უხსნიდეს ამ
ყველაფერს შვილს და ისიც ღია იყოს ასეთ ინტიმურ თემებზე სასაუბროდ. თუ
დედას არ შეუძლია შვილის ინფორმირება, სჯობს მიიყვანოს გინეკოლოგთან.
ასევე კარგი იქნება, თუ სკოლის ასაკიდანვე მოხდება ბავშვების
ინფორმირება. შეხვდებიან შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს და
გაესაუბრებიან“ - ელენა საბაშვილი.
არასამთავრობო სექტორშიც მიიჩნევენ, რომ ოჯახის დაგეგმვა აუცილებელია
და სასარგებლოა. ასოციაცია ჰერა XXI , ერთი-ერთია, რომელიც ამ
მიმართულებით მუშაობს, ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობაზე ინფორმაციას,
ვებ-გვერდზე და სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ავრცელებს
საზოგადოებისათვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველდღიურად, სოციალურად დაუცველი ქალები,
განსაკუთრებით კი ღარიბები და ლტოლვილები, სოციალური, ეკონომიკური და
გეოგრაფიული დაბრკოლებების წინაშე დგანან მაშინ, როცა საქმე ოჯახის
ნებაყოფლობით დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და სერვისების მიღებას
ეხება.
50 წლის წინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა
საფუძველი ჩაუყარა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA), როგორც ნდობის
ფონდს. 1969 წლიდან, მას შემდეგ, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა
ფუნქციონირება დაიწყო, ის აქტიურად მუშაობს ოჯახის დაგეგმვის
ხელმისაწვდომობისა და ქალების რეპროდუქციული უფლებების
რეალიზებისთვის. გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით მსოფლიოში
თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება გაორმაგდა - 1970
წელს 36%-დან 2016 წელს 64%-მდე.
იმისათვის, რომ სერვისებზე ხელმისაწვდომობა უფრო მეტად
გაიზარდოს, არასამთავრობო სექტორშიც და სამედიცინო ცენტრებშიც
ფიქრობენ, რომ ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკის გავრცელება
უმნიშვნელოვანესია ქალთა კეთილდღეობის და უფლებრივი გაძლიერების
გზაზე, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთი
წინაპირობაა. ისინი კიდევ ერთხელ ახსენებენ მოქალაქეებს, რომ -
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვომობა
ჩვენი უფლებაა!
სურათები
გამოყენებულია google.com-დან