ინტერაქტიული მულტიმედია
სოფლიდან გაძევებული ეთნიკური ოსები და მაჭარწყლის დროებითი ბინადრები



გუჯარეთის ხეობის პირველი სოფელი მაჭარწყალია, ხეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ქალაქიდან 29 კილომეტრით

არის დაშორებული.  სოფლის შესასვლელში არც აბრაა და არც არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ დასახლებაა.  უსწორმასწორო გრუნტის გზას სოფელ მაჭარწყლამდე მივყავართ. დასახლებაში ათიოდე ხის სახლი მოსჩანს. სახლები ძველია და ნახევრადდანგრეული.

წლების წინ სოფელში 30-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ამ ხეობის 9 სოფელი,  ძირითადად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული.

„ზვიად გამსახურდიას დროს დაცალეს ეს სოფლები, არაფორმირებული ჯგუფები შემოდიოდნენ ამ ხეობაში, აწიოკებდნენ და დევნიდნენ ადგილობრივ ოსებს, საბოლოოდ საკუთარი სახლი ყველამ მიატოვა“ - გვიყვება 55წლის ემზარი,   რომელიც სოფლის შესასვლელში პირველივე სახლში ცხოვრობს.

სახლი, რომელშიც ემზარ კურტანიძე ცხოვრობს მის მამიდას და ბიძას ეკუთვნოდა, მამიდის მეუღლე ოსი იყო, არეულობის დროს ემზარმა ოჯახი საქართველოდან გაიყვანა და მას შემდეგ მის სახლში თვითონ დასახლდა.

„ლარსის ხეობამდე მივაცილე და აიყარა მთელი ოჯახი, მერე რამდენიმე წელიწადში მეც უმუშევარი დავრჩი, ამოვედი და აქ ვცხოვრობ“

ემზარ კურტანიძე მარტო ცხოვრობს, 5 ძროხას უვლის, საკუთარი ხელით ყველს ამზადებს და ტიმოთესუბანში ყიდის.

სოფელში სახლების  უმეტესობა სიძველისგან ჩამოშლილია, ზოგს კარი აქვს აჭედილი, ზოგს სახურავი ჩანგრეული. დასახლებაში  ოთხი ოჯახი ცხოვრობს . ემზარ კურტანიძის მსგავსად ისინიც ოსების ნასახლარზე, სხვადასვა დროს დასახლდნენ.

მანუშაკ ნერსესინი მაჭარწყალში ახალციხიდან გადმოვიდა. 30 ძროხა  შეიძინა, ერთ-ერთ გამოკეტლ სახლში დასახლდა და 6 წელია უკვე ამ სოფელში დანარჩენ 3 ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

სოფელში ელექტროენერგია არ არის, აქ მცხოვრებ ოთხ ოჯახს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მზის ე.წ პანელები დაუმონტაჟა,  საღამოობით შუქის ანთება და ტელევიზორის ყურება უკვე შეუძლიათ. მაცივარს მზის ენერგიით ვარ ამუშავებენ და საკვები პროდუქტიც ზაფხულში ხშირად უფუჭდებათ.

„გზა არ გვაქვს, ძალიან დაზიანებულია, წყალსაც ერთკილომეტრიანი მანძილიდან, წყაროდან ვეზიდებით, ძალიან რთულია აქ ცხოვრება“ - გვიყვება სოფელში არსებულ პრობლემებზე მანუშაკ ნერსესიანი.

ახლა გუჯარეთის ხეობაში თიბვის სეზონია, ადგილობრივებს აქაც პრობლემები ექმნებათ,იმის გამო რომ დასახლებაში ტრაქტორი და შესაბამისი ტექნიკა არ არის, ბალახის მოთიბვა და საქონლისთვის ზამთრის საკვების მომარაგება უგვიანდებათ.

„რატომ არ უნდა გამოგვიყოს მთავრობამ ტრაქტორი? ახალციხეში სახნავადაც აძლევენ ტექნიკას და სათიბათაც. შარშან თივა ნოემბერში ავიღეთ, ლამის საქონელი დაგვეხოცა, ისეთი უხარისხო თივა იყო.  პრესი, სათიბი და ფოცხი გვჭირდება მეტი არაფერი, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, აქ ადგილობრივი მთავრობიდან ამოსული ჯერ არავინ გვინახავს, მარტო ოთარი ამოდის არბოლიშვილი და როგორც შეუძლია გვეხმარება“ - ამბობს გულდაწყვეტილი მანუშაკი

პარმენ გელაშვილი მაჭარწყალში 27 წლის წინ ამოვიდა, აქ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ადგილობრივებისთვის ყველაზე რთული, მთის სოფელში მკაცრი ზამთრის გადატანაა. ზღვის დონიდან  1480 მეტრზე მდებარე სოფელში ზამთარი უხვთოვლიანია.

„აქ შეიძლება იმხელა თოვლი მოვიდეს, ერთ ღამეში ერთი მეტრი მოთოვოს, ზამთარში აქ ცხოვრება გაუსაძლისია, გზები ჩაკეტილია, სასწრაფო ზაფხულში ვერ ამოდის ამ გზაზე და ზამთარში რას ამოვა, საკვების მომარაგებაც შემოდგომაზე  გვიწევს“ - გვეუბნება პარმენ გელაშვილის მეუღლე, რომელიც საკუთარი სახელის გამხელისგან თავს იკავებს.

სოფლის ბოლოს, ფერდობზე სასაფლაოა. საფლავების უმეტესობა მოუვლელია და ბუჩქებით არის დაფარული. წარწერებიც საფლავის ქვებზე აქა-იქ იკითხება. ზოგიერთ საფლავს კი პატრონობა ეტყობა, მოვლილია და ხე-ბუჩქისგან გაწმენდილი.



როგორც სოფელში ამბობენ, აქედან  წლების წინ გაძევებული  ეთნიკური ოსები, დასახლებაში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიან, ძირითადად 21 სექტემბერს, ამ ხეობაში ღვთისმშობლობა განსაკუთრებულად აღინიშნება.

„სექტემბერში მოდიან, ახლობლების საფლავებს ნახულობენ, უხარიათ რომ მათ სახლებს ვუვლით და ვპატრონობთ, გული წყდებათ აქაურობის მიტოვება რომ მოუწიათ, ხშირად გვინახავს როგორ ტირიან გაპარტახებულ სოფელს რომ უყურებენ“

 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.