ინტერაქტიული მულტიმედია
ნასოფლარზე დაბრუნებული თორელები
ბორჯომიდან 40 კილომეტრის გავლაა საჭირო და ძალიან პატარა მთის სოფელში, თორში მოხვდებით. ბაკურიანს გაცდებით, ანდეზიტის დასახლებას გაივლით და ასფალტს გრუნტის გზა ცვლის. დაახლოებით 8 კილომეტრიანი სამანქანო გზა ტყეში გადის. გზა ოღროჩოღრო და მიხვეულ-მოხვეულია. ტყიდან გამოხვალთ და თქვენს წინ სოფელი გადაიშლება, ხის პატარა, აივნიანი, ერთნაირი სახლებით. ეს არის ისტორიული სოფელი თორი.



სოფლის შესასვლელში პირველივე სახლთან ვჩერდებით, აივანზე ხანდაზმული ქალი ჩანს, ცოტა ხანს შორიდან გვაკვირდება, შემდეგ ეზოში ჩამოდის და სახლში გვეპატიჟება.

„1965 წლიდან აქ ვცხოვრობთ, მეურნეობა იყო, ძროხები გვყავდა, დღეში 30 ძროხას ვწველიდი. მერე მეურნეობა კი დაიშალა, მეუღლეც გარდამეცვალა, მაგრამ ჩვენ მაინც აქ დავრჩით, ჩემ ბიჭთან ერთად ვცხოვრობ“
– გვეუბნება 81 წლის იზოლდა შაყულაშვილი.



სოფელში სულ 7 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანს საქონელი ჰყავს. ადგილობრივების შემოსავლის წყარო ეს არის. რძეს და ყველს ბაკურიანში ყიდიან და აღებული თანხით პროდუქტს ყიდულობენ.

„მე სიარული არ შემიძლია, სულ ხუთი ქალი ვართ სოფელში, ისინი გადმოდიან ხოლმე ჩემთან, მე ყველაზე ასაკიანი ვარ, აქ ცხოვრება რთულია, გზა ჩვენ არ გვაქვს და არაფერი“




სოფელში ელ ენერგია შეყვანილი არ არის. ადგილობრივები წლების განმავლობაში უშუქოდ იყვნენ

„დენი საერთოდ არ იყო, სულ უშუქოდ ვიყავით“
- გვეუბნება ვასო მეტრეველი, რომელიც თორში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. საკირიდან ამ სოფელში საცხოვრებლად 27 წლის წინ მარტო გადმოვიდა, წლების შემდეგ მეუღლეც წამოვიდა და სოფლის ერთფეროვან დღეებს ახლა ერთად უმკლავდებიან.



„ამას დენი 20 წელია თვალით არ უნახავს, 2 წლის წინ მთავრობამ მზის ბატარიები დაგვიმონტაჟა შვიდივე ოჯახს და ცოტა სინათლე შემოვიდა სოფელში“
- ამბობს ვასოს მეუღლე ნათელა.

„თუ ღრუბლიანი დღეა ბატარიები ვერ იტენება, თუ მზიანი ამინდია მაშინ პრობლემა აღარ არის, დღე ვტენით და საღამოს ნათურასაც ვანთებთ და ტელევიზორსაც ვუყურებთ“
- ელ ენერგიის თემას აგრძელებს ვასო მეტრეველი.



ადგილობრივები ყვებიან, რომ წლების წინ სოფელში 50-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახალციხის სოფლებიდან თურქი ოჯახების გასახლების შემდეგ, თორელები ჯავახეთში გადაასახლეს, სოფელი დაიცალა, ბოლო წლებია რამდენიმე ოჯახი წინაპრების ნასახლარზე დაბრუნდა და თავიდან დაიწყო აქ ცხოვრება შვიდმა ოჯახმა.

სოფელში არსებული სახლების დიდი ნაწილი უკვე ჩამოშლილია, ზოგს სახურავი აღარ აქვს, ზოგს აივანი აქვს მორღვეული, ზოგი კი უკვე წაქცეულია.







„ძალიან ძნელია აქ ცხოვრება, ძალიან ძნელი, წყალზე ვწვალობთ ძალიან, ეზოში არ გვაქვს და საკმაოდ შორი მანძილიდან ჭიდან ვეზიდებით“ - სოფლის გასაჭირზე გვიყვება ვასო მეტრეველი

„ხალხთან ურთიერთობაც გვენატრება. შვილებს და შვილიშვილებს ხშირად ვერ ვნახულობთ“
-ამბობს ნათელა მეტრეველი, აქვე დასძენს, რომ აქ გადმოსვლა ადვილი იყო მაგრამ წასვლა და აქაურობის მიტოვება რთულია.



სოფელში ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ, მათი შვილიშვილები კი ხანდახან ზაფხულობით ამოდიან, და სწორედ ამ დროს არის, მთის პატარა სოფელი ყველაზე ხმაურიანი.

სოფლის ბოლო სახლშიც ცოლ-ქმარი ცხოვრობს. 2011წელს თორში საცხოვრებლად სურამიდან გადმოვიდნენ.

„მამაჩემი ორმოცდაოთხ წელში გადაასახლეს აქედან, ახლა ალბათ სისხლმა იყივლა და დავუბრუნდი ამ სოფელს“
- გვეუბნება ივანე პაშჩენკო
საკუთარ ეზოში ბოსტნეული მოჰყავს, ძროხებს უვლის. ამბობს რომ შვილებს აქედან ეხმარება.



„ადგილობრივი ხელისუფლების ძალიან კმაყოფილი ვარ, ხშირად მოდიან გვეხმარებიან, აგერ ახალი აკუმულიატორებიც მოგვიტანეს, აი ცენტრალური ხელისუფლება კი ამ სოფელს საერთოდ ვერ ხედავს, მაგათ მარტო თბილისი ჰგონიათ საქართველო“ - გვიყვება ვანო პაშნენკო.

ადგილობრივებო ამბობენ, რომ სოფელში ხანდახან ტურისტებიც მოდიან. მაგრამ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო დიდხანს არ რჩებიან. ვანო პაშჩენკო მიიჩნევს, რომ გზის და ელ.ენერგიის არსებობის შემთხვევაში სოფელში წინაპრების ნასახლარებზე, სხვა ოჯახებიც დაბრუნდებიან და ტურიზმიც განვითერდება.



სოფელმა რომ წინ წაიწიოს აუცილებელია შუქი, წარმოიდგინეთ მაცივრები არ გვაქვს, როგორია ამხელა გზაზე თითო კილო ხორცი უნდა ამოვიტანოთ, რომ საჭმელი გავაკეთოთ, ვერაფერს ვერ შევინახავთ, ყველაფერი გვიფუჭდება“

თორელების ინფორმაციით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლებაში წყლის სისტემის გაყვანა იგეგმება. თუ ელ. ენერგიასაც ეშველა და სოფელი მხოლოდ მზიან დღეებში არ განათდა, შესაძლოა დასახლებაში ნელ-ნელა სხვა თორელებიც დაბრუნდნენ, წინაპრების უკვე ნახევრად დანგრეული და ჩამოშლილი სახლებიც შეაკეთონ და დასახლებაც ახმაურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, იმ შვიდმა ოჯახმაც ვეღარ გაუძლოს უწყლობას, უშუქობას, მარტოობას და დასახლება ისევ გაუკაცრიელდეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.