ინტერაქტიული მულტიმედია
ტურიზმიდან მიღებული სეზონური შემოსავალი ქვაბისხევში
52 წლის ელზა მაისურაძე, ყოველდღიურად, ტყემალს, არაყს, სუნელებს, აჯიკას, მურაბებს, ტყლაპს, ასკილს და შავ ქლიავს ჰყიდის. ნატურალური პროდუქტი, ქვაბისხევში, სწორედ იმ ჯიხურში აქვს გამოტანილი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს და ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის. 



ამბობს, რომ ასკილს და შავ ქლიავს ტყეში ჰკრეფს, ასევე იმ ხილს, რაც მურაბების და ტყემლის დასამზადებლადაა საჭირო. ამ ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით ამზადებს და სთავაზობს როგორც ადგილობრივებს, ასევე ქალაქის სტუმრებს. 



თავადაც ქვაბისხეველია და სახლში რძის პროდუქტებიც აქვს, თუმცა გასაყიდად გამოაქვს ის, რაზეც მოთხოვნაა მყიდველების მხრიდან. ეს კი ის შემოსავალია, რაზეც ოჯახი მთელი ზაფხულის განმავლობაში არის დამოკიდებული.

„არაყს, ღვინოს, ნიგოზს, ჩურჩხელას ყიდულობენ ძალიან ხშირად. შესაბამისად, რაზეც არის მოთხოვნა, ის გამომაქვს გასაყიდად. ყველაფერი ჩემი ხელითაა დამზადებული, ვწვალობ იმიტომ, რომ მქონდეს შემოსავალი. ზაფხულში, სწორედ ტურიზმზე და ტურისტებზე ვართ დამოკიდებული ადგილობრივები“ - ამბობს ელზა მაისურაძე.



33 წლის ნიკოლოზ ხაჭაპურიძე კი ამ ჯიხურში თავისი ხელით დაწურულ ღვინოს ჰყიდის. ნიკაც ქვაბისხეველია და სოფელში საგვარეულო მარანი აქვს, რომელიც მე-19 საუკუნისაა, თავად აღადგინა და ტურისტებს სწორედ ამ მარანში იღებს. იქვე ახდენს ღვინის რეალიზებასაც, თუმცა გადაწყვიტა, რომ ღვინო ღია სივრცეშიც უნდა გაყიდოს და დახლზე, რამდენიმე სახეობის ღვინო შემოალაგა.



„გვაქვს ჩინური და გორული მწვანე. ქართული ჯიშების გარდა, გვაქვს ფრანგული ჯიშისაც. მაგ: პინოს ვაყენებთ, რომელიც საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია მყიდველებში. მიუხედავად იმისა, რომ მარანი მაქვს და იქ ვყიდი ღვინოს, ვფიქრობ ღია დახლიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სეზონურ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. ღვინოს აქ იმიტომ ვყიდი, რომ ეს ჯიხური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, აქ ბევრი ტურისტი მოძრაობს და მათთვის თვალშისაცემია აქ გამოტანილი პროდუქტი“ - ამბობს ნიკოლოზ ხაჭაპურიძე.



ელზას და ნიკოლოზის მსგავსად, აქ სხვებსაც აქვთ გამოტანილი თავიანთი პროდუქტი გასაყიდად. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე გავლისას არც თქვენ დაგრჩებათ შეუმჩნეველი, ჯიხურში მოფუსფუსე ქვაბისხევლები, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ტურისტებისთვის მიმზიდველად გამოფენენ ხოლმე დახლზე.








მათი ნაწარმის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ყველაფერი ნატურალურია და ადგილობრივების ხელით მომზადებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ჯიხურში დგომის საფასურს არ იხდიან მოვაჭრეები და ის შემოსავალი, რასაც პროდუქტიდან გაყიდვით იღებენ, ქირაში  არ ეხარჯებათ. პატარა სავაჭრო ადგილი, ა.ო. „მწვანე ბორჯომმა“ პროექტის ფარგლებში მოაწყო ქვაბისხევში, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოსაზღვრე სოფელია და მათი მთავარი მიზანი, ადგილობრივებისათვის, ტურიზმით მიღებული შემოსავლის ხელშეწყობა იყო.





ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და ადგილობრივებსაც იმედი აქვთ, რომ მათი პროდუქტის შესაძენად, მომავალში უფრო მეტი მსურველი გამოჩნდება. დაცული ტერიტორიის დასალაშქრად მომზადებულ ტურისტებს გზად ხვდებათ ტკბილი ნუგბარი, რომელიც შეუძლიათ შეიძინონ და თან გაიყოლონ. ქვაბისხევლები კი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე ზაფხულის ბოლომდე იქნებიან დამოკიდებული, მაშინ როცა სეზონი შედარებით აქტიური იქნება. ამის შემდეგ კი მზადებას ისევ მომავალი წლისთვის დაიწყებენ და მომავალ ზაფხულს, ისევ მეტი მყიდველის მოლოდინში შემოალაგებენ დახლებზე, თავიანთი ხელით დამზადებულ ნატურალურ პროდუქტს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.