ამ სოფლებში ქალები ყველაზე ადრე იღვიძებენ. ბორჯომის მაღალმთიანი
ზონის ოთხი სოფელი, ბალანთა, ჭიხარულა, მოლითი და ტაბაწყური ძირითადად
ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.
აქ ქალებს ყველაზე მეტი საქმე აქვთ, სეზონურიც და მუდმივიც.
სოფლებში მიწას ამუშავებენ და მეცხოველეობას მისდევენ. შესაბამისად
დილის 5 საათიდან ქალები ძროხების წველას იწყებენ, შემდეგ ოჯახს
უვლიან, მერე უკვე მიწაზე მუშაობენ, საღამოს ისევ ცხვარ-ძროხა და ასე
დაღამებამდე.
ვართანუშ მურადიანი, 79
წლის
ახალქალაქის სოფელ ბურნაშეთში დაიბადა და გაიზარდა, 24 წლის ასაკში
ტაბაწყურში გათხოვდა და მას შემდეგ ამ სოფლის რძალია.
„მთელი დღე მუშაობაა აქა გოგოჯან, თუ ფული გინდა უნდა იმუშაო.
აქ ყველა ქალი ასე მუშაობს“ - გვეუბნება დამტვრეული
ქართულით, კარტოფილის თოხნას დროებით წყვეტს. ქართული კარგად არ იცის,
ამიტომ სომხურად გვესაუბრება და მის ნათქვამს რძალი გვითარგმნის.
ორი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავს, ერთი შვილი აქვე, ტაბაწყურში გაათხოვა,
მეორე ერევანში, თვითონ კი ბიჭთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად
ცხოვრობს.
ყოველდღიურად 6 ძროხას და 17 ცხვარს უვლის. რძეს, მაწონს, ყველს და
არაჟანს ყიდის. რძეს ძირითადად ჭიხარულაში არსებულ, რძის
გადამამუშავებელ ქარხანაში აბარებს.
ადრე გაზაფხულიდან ოჯახი კარტოფილს თესავს. შემდეგ შემოდგომამდე
უვლიან და კარგი მოსავალიც მოჰყავთ. კარტოფილთან ერთად ნიორს, ჭარხალს
და სტაფილოს თესავენ. მიწაზე ძირითადად რძალთან ერთად მუშაობს.
„თუ მუშაობ კარგად იცხოვრებ, არ იმუშავებ და შიმშილით
მოკვდები, მე დილის ოთხი საათიდან ვმუშაობ, სულ ვმოძრაობ, სულ რაღაცას
ვაკეთებ, ასე გრძელდება ღამის თორმეტ საათამდე, სულ რამდენიმე საათი
მძინავს“ - ამბობს ვართანუშ ბებო და მიწის გათოხნას
აგრძელებს.
ხათუნა არუთუნიანი 32 წლის
17 წლის იყო ხაშურიდან მოლითში რომ გათხოვდა. ამ სოფელში სტუმრად
მყოფი, ადგილობრივ ბიჭს შეუყვარდა. ერთი თვე დასჭირდა
მოსაფიქრებლად.
„თავიდან ძალიან გამიჭირდა, ენა არ ვიცოდი. მართალია დედა
სომეხი მყავს, მაგრამ სომხურად ისიც ვერ ლაპარაკობდა. თანდათან ენაც
ვისწავლე და აქაურ ცხოვრებასაც შევეგუე, ისე გავიზარდე ძროხა
დანახულიც არ მყავდა, არც მოვლა ვიცოდი, ახლა უკვე ყველაფერს
ვაკეთებ“
უფროსი ბიჭი 13 წლის ჰყავს, უმცროსი 8 წლის ახლა გახდა. ზედა ზონის
სოფლებში ცხოვრების, ყველაზე დიდ სირთულედ ქალაქისგან სიშორე მიაჩნია.
ამბობს, რომ გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. ზამთარში სოფლებამდე
მისასვლელი გზა იკეტება და 7-8 თვე ბორჯომის მუნიციპალიტეტთან კავშირი
წყდება. ამ დროს მხოლოდ ახალქალაქისკენ მიმავალი გზით
გადაადგილდებიან.
"ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ, ვისაც საშუალება აქვს მიდის
ქალაქში.მეც მინდა წავიდე, მალე ჩემი შვილი მეცხრე კლასს დაამთავრებს,
მინდა სწავლა გააგრძელოს. აქ ქალები ზოგადად პასიურები არიან, მარტო
შრომობენ დილიდან დაღამებამდე“ - ამბობს ხათუნა
კაცები? (ავტორი) –
„არც არაფერს, (იცინის)
მარტო დგანან და ყველაფერი უნდათ, მარტო ითხოვენ. მანქანებით რომ
იარონ გზა უნდათ.“
სირანუშ ოვსეპიანი, 29 წლის
სირანუში დიზაინერია, ერევანში გრაფიკული დიზაინი ისწავლა. ფიქრობდა
საყვარელი პროფესიით იმუშავებდა, მაგრამ მოლითელი ბიჭი შეუყვარდა და
21 წლის ასაკში გათხოვდა.
ამ სოფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ერთადერთი, სადაც
ადგილობრივები არიან დასაქმებული, საჯარო სკოლებია. სკოლაში ახლა
ერთადერთი შვილი დაჰყავს. საკუთარი პროფესიით სოფელში აბა სად უნდა
ემუშავა.
ბევრი არ უფიქრია, საქმე და შემოსავლის წყარო თავად მოძებნა. ცხობა
კარგად გამოსდიოდა, მისი ნახელავი ყველას მოსწონდა. ახლა უკვე
შეკვეთებს იღებს და ტორტებს აცხობს. საკუთარი შემოსავალიც
გაუჩნდა.
„ხან დაბადების დღეებისთვისთვის მიკვეთავენ, ხან სხვა
დღესასწაულებისთვის, სახლის საქმეს, რომ მოვრჩები ცხობას ვიწყებ, ისე
რთულია აქ ცხოვრება ძალიან“
ახლაც მორიგ შეკვეთაზე მუშაობს, ტორტს აცხობს, დამკვეთს მეორე
დღისთვის უნდა ჩააბაროს. ქართულად საერთოდ არ საუბრობს.
მანია ბარბარიანი, 70
წლის
მანია ბარბარიანი მოლითის გზაზე გვხვდება, ზურგზე ძველებური საწოლის,
რკინის ბადე აქვს აკიდებული. ამ ბადეზე მატყლი უნდა გაფინოს და
გააშროს.
„ქალაქი არ არის, აქ სოფელია, ამიტომ მუდმივი მუშაობაა. აქ
ქალს თავისი საქმე აქვს და კაცს თავისი. მე ახლა ქმარი არ მყავს და
კაცის საქმესაც მე ვაკეთებ, 10 ტონა თივა დავაბინავე, ამ ზამთარში
ერთი კამაზი შეშა დავჩეხე“ - ამბობს მანია ბებო. (ქართული
კარგად ესმის და კითხვებზეც ქართულად გვპასუხობს)
ტაბაწყურში დაიბადა და რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ მოლითში
გათხოვდა, 4 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს. ქმარს გაშორდა და მისი
ტვირთის ტარებაც, საკუთარ თავზე აიღო.
„დილით 5 საათზე ვიღვიძებ, საქონელი, ძროხა, ცხვარი...ხან
ყველს ვაკეთებ, მერე ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს, ვაკეთებ, ტანსაცმელს
ვრეცხავ, მერე ცოტას დავისვენებ, ამასობაში 6 საათი მოდის და ისევ
საქონლის დროა, აქ მოხუცები უფრო ბევრს ვმუშაობენ, ჩვენ შრომა არ
გვეზარება“ - ამბობს მანია ბარბარიანი და ზურგზე მოკიდებულ
ტვირთთან ერთად გზას სახლისკენ აგრძელებს.