ინტერაქტიული მულტიმედია
აბიტურიენტების არჩევანი
ვინ გინდა გამოხვიდე? - ეს კითხვა ბავშვობიდან გვესმის. პასუხიც წლიდან-წლამდე იცვლება, იხვეწება და საბოლოოდ ყალიბდება.

პროფესიული არჩევანი აბიტურიენტებმა უკვე გააკეთეს. 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

მაღალანაზღაურებადი, პოპულარული, ადვილად დასაქმებადი თუ უბრალოდ საყვარელი და ყველაზე საინტერესო საქმე, როგორ აირჩიეს მომავალი პროფესია ბორჯომელმა ახალგაზრდებმა



„სამედიცინოზე ვაბარებ და 10 წლის ასაკში ჩამომიყალიბდა ეს აზრი, მას შემდეგ ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ეს ჩემი საქმეა“ - ამბობს ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ლომიძე.

ნიკა ფიქრობს, რომ ახალგაზრდამ მომავალი პროფესია დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს, კარგად გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები, მისწრაფებები და უნარი.

მშობლების მიერ, შვილებისთვის პროფესიის არჩევის პრაქტიკა დღესაც ხშირია. ნიკა ამბობს, რომ მის შემთხვევაში მშობლები არ ჩარეულან, უბრალოდ რჩევები მისცეს და მომავალი პროფესიის განსაზღვრაში ხელი არ შეუშალეს.

მთავარია იყო შენი საქმის კარგი სპეციალისტი - ასე მითხრეს ოჯახის წევრებმა. მე კი, ყოველთვის მქონდა და მაქვს იმის განცდა, რომ შემიძლია ადამიანებს აღმოვუჩინო დახმარება და იმედი მაქვს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე“


ანი დავიდიანმა მომავალი პროფესია ბავშვობიდან არაერთხელ შეცვალა, ჯერ მსახიობობა უნდოდა, შემდეგ ეკოლოგიამ დააინტერესა, პირველი ქალი პრეზიდენტიც უნდოდა ყოფილიყო, საბოლოოდ კი 2 წლის წინ ჩამოყალიბდა და ჟურნალისტობა გადაწყვიტა

„ეს ზუსტად ის პროფესიაა, რაც მომწონს და მიზიდავს, ეს პროფესია მაფიქრებს საზოგადოებაში არსებულ უამრავ პრობლემაზე, მინდა წარმატებული ჟურნალისტი გავხდე, ვიყო სამართლიანი, გავაკეთო საინტერესო სიუჟეტები, საინტერესო ადამიანებთან ერთად“ -ამბობს ბორჯომის მეექვსე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანი დავიდიანი.



„ჩემი ბავშვობა სავსე იყო ფანტაზიითა და ვირტუალური სამყაროთი, აქედან გამომდინარე სპაიდერმენიდან დაწყებული, პრეზიდენტობით დამთავრებული, ყველა პროფესია მქონდა მოსინჯული. მერვე-მეცხრე კლასში მინდოდა გამოვსულიყავი კულინარი“ -
გვიყვება ნიკა კუზნეცოვი, ომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მეცხრე კლასიდან გამოსულიყო და სწავლა კულინარიის აკადემიაში გაეგრძელებინა. როგორც ამბობს, საბედნიეროდ, აქ უფროსი ძმა ჩაერია და 12 კლასის დამთავრება ურჩია. გავიდა სამი წელი და ნიკას არჩევანი რადიკალურად შეიცვალა.

„მეთორმეტე კლასის მეორე სემესტრში, უკვე ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია კომპიუტერულ მეცნიერებასთან უნდა ყოფილიყო კავშირში. ჩემი მომავალი პროფესია იქნება თამაშებთან და ვირტუალურ სამყაროსთან კავშირში. ვირტუალური სამყარო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მსურს ჩემი ფანტაზია რეალობად ვაქციო და შევქმნა პროდუქტი, რომელიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იქნება“ - ამბობს ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა კუზნეცოვი.

ნინი ხაჩიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, სპეციალობად სტომატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია აირჩია და პირველი კურსის დახურვის შემდეგ თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ბავშვობაში მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი, მეცხრე კლასში იურისტობაც მომინდა, საბოლოო გადაწყვეტილება მეათე კლასში მივიღე, ოჯახი მხოლოდ მირჩევდა „უხეშად“ არ ჩარეულან. ვფიქრობ საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა, ამასთან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებს ეხმარები“ -საკუთარ არჩევანზე მოსაზრებებს გვიზიარებს ნინი ხაჩიძე

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სულ 623 საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს. გასულ წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა ბიზნეს-ადმინისტრირების, მეცნიერებისა და ხელოვნების, სამართლის, ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და საინჟინრო უსაფრთხოების პროგრამაზე იყო.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.