ინტერაქტიული მულტიმედია
ორჯერ გამოცხადებული ტენდერი და მოლითი ისევ გზის მოლოდინში
68 წლის შოთა მარგარიანი ამ გზას ყოველდღიურად ფეხით გადის. გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ურთულდება, როცა მონაკვეთი ატალახებულია და ჭირს მოძრაობა. ამბობს, რომ სოფელ მოლითში სულ 5 კმ-ია, რომელსაც რეაბილიტაცია წლებია სჭირდება და დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

„ძალიან ცუდი გზაა, გადაადგილება გვიჭირს. შარშან მოვიდნენ, რამდენიმე მანქანით ხრეში დაყარეს, გაიარეს და წავიდნენ“ - ამბობს შოთა მარგარიანი.



დაზიანებული გზა მოლითში №1 პრობლემაა. აქ გადაადგილება ფეხით მოსიარულეების მსგავსად, უჭირთ მანქანის მძღოლებსაც. ამბობენ, რომ ქვაღორღიან გზაზე საბურავი ფუჭდება და ეს ყველაფერი კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი ვერ აღწევს დროულად დანიშნულების ადგილამდე, მაშინ როცა თითოეული წუთიც კი გადამწყვეტია პაციენტისთვის. 



აღსანიშნავია ისიც, რომ მოლითი, ტაბაწყურის თემში შემავალი, მაღალმთიანი ზონის სოფელია. ესაზღვრება ახალქალაქის მუნიციპალიტეტს. ზღვის დონიდან 2050 მ სიმაღლეზე და ბორჯომიდან 64 კმ-ში მდებარეობს. გარესამყაროს ისედაც მოწყვეტილ სოფელში, დღითიდღე მცირდება ადგილობრივების რაოდენობაც, რაც მოსახლეობის თქმით სოფელში არარსებულმა გზამ და ინფრასტრუქტურამ განაპირობა. 



მოლითელები ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთშიც და მთელ საქართველოშიც აღარ დარჩა სოფელი სადაც გზა არ დაიგო. ეს მათ ძალიან ახარებთ, თუმცა წუხან იმაზე, რომ მათ სოფელში ინფრასტრუქტურა ვერ ვითარდება და წლებია გზის დაგებას უშედეგოდ ელიან. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემები, სოფელში მიგრაციას უწყობს ხელს.

„ჩვენს სოფელში, 5-6 წლის წინ იყო 70 კომლი, ახლა დარჩენილია 40-50 ოჯახი. რატომ? არც ნორმალური გზა არის, არც ნორმალური პირობებია. ამის გამო ხალხი სოფლიდან გარბის და ჩვენზე არავინ ფიქრობს სამწუხაროდ“ - ამბობს სოფელ მოლითის მკვიდრი.



თემის რწმუნებული მნაცაკან ირიციანი ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მოლითში გზის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი და აქვე განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ დაიწყო სოფელში აღნიშნული სამუშაოები.

„დიდი ხანია, ორჯერ გამოაცხადეს ტენდერი და არავინ გამოჩნდა ისეთი ვინც გზაზე ასფალტს დააგებდა. ამიტომ დარჩა ეს გზა ამ მდგომარეობაში“ - ამბობს ტაბაწყურის თემის რწმუნებული მნაცაკან ირიციანი.



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს, ე.წ. „ცხრაწყაროს უღელტეხილიდან“ ახალქალაქის საზღვრამდე არსებული 25 კმ-იანი გზის მონაკვეთის მოხრეშვა მოხდა. თუმცა ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ ეს იყო პრობლემის დროებითი მოგვარების გზა და სამომავლოდ აპირებდნენ გზის მოასფალტებასაც. მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ დაგეგმილი ჰქონდათ ახალქალაქი-ბორჯომის საზღვრამდე, თემში არსებული ყველა სოფლის: მოლითის, ტაბაწყურის, ბალანთის და ჭიხარულას გზების მოწესრიგება, რომელიც 3 წელზე იქნებოდა გადანაწილებული და ეტაპობრივად შესრულდებოდა სამუშაოები. გზების მოასფალტების მიზნით, წელს ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ორჯერვე ჩაიშალა და პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა.

„ორჯერ გამოვაცხადეთ ტენდერი, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაინტერესდა არცერთი კომპანია, რომ ემუშავა იმ ტერიტორიაზე. სავარაუდო მიზეზი ალბათ გეოგრაფიული მდებარეობა და იქაური კლიმატური პირობებია, რამაც განაპირობა მათი ინერტულობა და ნაკლები ინტერესი. პროცედურები ისე გვქონდა განსაზღვრული, რომ გაზაფხულზე ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო და ზაფხულში რეაბილიტაციაც დასრულდებოდა. ახლა კი აზრი აღარ აქვს კიდევ გამოცხადებას ტენდერის, რადგან სექტემბრიდან უკვე კლიმატი იცვლება იქ და დროში ვერ მოესწრებოდა, შესაბამისად თანხის ტყუილად დახარჯვაც გამოგვივიდოდა, ამიტომ ვაპირებთ მომავალი გაზაფხულიდან დავიწყოთ იგივე პროცესი“ - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.



მილიონ 250 000 ლარი ეს ის თანხაა, რაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული. ამ თახის 80%-ს რეგიონული განვითარების ფონდი დაფარავს, 20%-ის ანაზღაურება კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან უნდა მოხდეს. იგივე პირობებით გამოცხადდება ტენდერი მომავალ წელსაც. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში იმედოვნებენ, რომ კომპანიები გააქტიურდებიან და დაიწყებენ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„აღსანიშნავია ის, რომ აქამდე მოსაწესრიგებელი იყო ახალქალაქამდე არსებული გზაც, ახლა ის გზა რეაბილიტირებულია და აქამდე თუ უკან იხევდნენ კომპანიები იმ ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოების დაწყებისგან, ვფიქრობთ აწი უფრო დაინტერესდებიან და გააქტიურდებიან. ვიმედოვნებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდება ამ გზის რეაბილიტაცია, რადგან ჩვენთვისაც რთული იყო ამ არსებული გამოწვევების ახსნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის“ - ბუბა ბერიძე.



მაღალმთიან ზონაში, ზაფხული გრილი და ხანმოკლეა. სექტემბრიდან კლიმატური პირობები საგრძნობლად იცვლება და ამინდის გაუარესებასთან ერთად, თემთან დამაკავშირებელი გზაც იკეტება. შესაბამისად, ეს ოთხი სოფელი ზამთრის პერიოდში გარე სამყაროს წყდება. სოფელ მოლითში მუდმივად მცხოვრები 50-მდე ოჯახი მომავალ წლამდე იგივე პრობლემის წინაშე დარჩება. მოყინული თუ ატალახებული გზის გავლა როგორც ფეხით, ასევე მანქანით კვლავ არაერთხელ მოუწევთ. წელიწადის ყველაზე ცივი სეზონის გადატანის შემდეგ კი შესაძლოა მათი რამდენიმე წლიანი ნატვრა ახდეს და მოლითელებმა მოასფალტებულ გზაზე შეძლონ გადაადგილება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.