ინტერაქტიული მულტიმედია
ზრდასრულთა განათლების პრობლემა - რას მოუტანს ბორჯომს პროფესიული სასწავლებელი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში 75 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც 144 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. 75 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან 20 სახელმწიფოა, ხოლო 55 კერძო. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, რეგიონში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ახალციხესა და ახალქალაქში მდებარეობს, არის ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება აქვთ. ამ უნივერსიტეტში ამჟამად 1500 სტუდენტი ირიცხება, აქედან რამდენი ახალგაზრდა სწავლობს ბორჯომიდან, რთული სათქმელია. სასწავლებელში ამ კითხვაზე ვერ გვპასუხობენ. 



გარდა ამისა, ახალციხეშივე არის კერძო კოლეჯები და აგრეთვე ზრდასრულთა განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიას და ხელობას დაეუფლონ. 



ბორჯომში არც სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც პროფესიული კოლეჯი არ არსებობს. შესაბამისად, რთული სათქმელია, ბორჯომელი სტუდენტების რამდენი პროცენტი რჩება რეგიონში და რამდენი პროცენტი მიდის ქალაქგარეთ ცოდნის მისაღებად. ფაქტი ერთია, ბორჯომელ ახალგაზრდებს ამ ეტაპზე არ აქვთ არჩევანის საშუალება. იმისათვის, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება, მათ ყველა ვარიანტში მშობლიური ქალაქის დატოვება უწევთ.



21 წლის ლიკა სამსონიძე, ყოველწლიურად 3900 ლარს იხდის თბილისში, უმაღლესი განათლების მისაღებად. ამას ემატება ყოველთვიური ხარჯი, რაც დაახლოებით 500 ლარამდე აღწევს და ოჯახს, რომელსაც ლიკას გარდა, კიდევ ერთი სტუდენტის (ლიკას დის) თბილისში „შენახვა“ უწევს, ეს ყველაფერი ძვირი უჯდება. ლიკაც და მისი დაც წარმოშობით ბორჯომიდან არიან.

ლიკა უკვე მესამე წელია, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. სტუდენტი ამ დროისთვის უმუშევარია. როგორც თავად ამბობს, მშობლიურ ქალაქში სწავლის შემთხვევაში ეს ხარჯები მათ საგრძნობლად შეუმცირდებოდათ. იმედოვნებს, რომ თბილისში მალე დასაქმდება და საკუთარი შემოსავალი ექნება, იმისათვის, რომ შეძლოს ამ ხარჯების გარკვეულწილად საკუთარ თავზე აღება.



არტურ სტეფანიანი უკვე 5 წელია სერთიფიცირებული გიდია. ტურისტები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მიჰყავს და იქაურობას ათვალიერებინებს. არტური პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, სწავლობდა ვლადიკავკაზში. 2006 წლამდე იქ, სკოლაშივე ატარებდა გაკვეთილებს ინგლისურ ენაში. 2006 წლიდან ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი იყო. ამ სამსახურის შემდეგ კი გიდობა გადაწყვიტა და ეს პროფესია დღესდღეობით მისი შემოსავლის წყაროა. 42 წლის გიდი ამჟამად საქართველოს გიდების ასოციაციის წევრია და გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო კურსიც, რაც მისი თქმით ძვირი დაუჯდა.

„თბილისში, საქართველოს გიდების ასოციაციის 3 თვიანი კურსი გავიარე, რაც 600 ლარი დამიჯდა და ახლა კიდევ უფრო გაძვირდა, 1500 ლარი ღირს. ასევე გავლილი მაქვს, ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის 6 თვიანი კურსი, რაშიც 2000 ევრო გადავიხადე. ვარ საქართველოს გიდების ეროვნული ტრენერი და დამწყებ გიდებსაც ვასწავლი ამ საქმის სპეციფიკას. ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ჯგუფები შემიძლია საზღვარგარეთაც წავიყვანო ტურებზე. ბორჯომში რომ ყოფილიყო ამ პროფესიის საბაზისოდ შესწავლის შესაძლებლობაც კი, რა თქმა უნდა ძალიან იქნებოდა, რადგან ადგილზე ნაკლები დანახარჯის გაღება გიწევს“ - ამბობს არტურ სტეფანიანი.



ბორჯომში, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის კომპანიაში ამ დროისთვის 60-მდე ადამიანია დასაქმებული, აქედან უმრავლესობა ადგილობრივია, თუმცა მისი თქმით, სამშენებლო სფეროში ახალგაზრდების დეფიციტია. დავით გოგოლაძის განცხადებით, დასაქმებულთა საშუალო ასაკი 40 წელს ზევითაა.

„ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან დასაქმებულები. ახალგაზრდები საერთოდ არ მუშაობენ ჩემთან. არც კი მოდიან. ზოგადად ახალგაზრდების დეფიციტია ამ სფეროში. მოხარული ვიქნები, თუ სამშენებლო სფეროში ახალგაზრდებსაც დავინახავ და კადრების მოძიება მეზობელი რეგიონებიდან არ მოგვიწევს“ - ამბობს დავით გოგოლაძე.



მალე შესაძლოა ბორჯომელ ახალგაზრდებს, პროფესიული განათლების მიღების საშუალება ბორჯომშივე შეეძლოთ. განათლების სამინისტროს ინიციატივით, სავარაუდოდ 3 წელიწადში, ლიკანის ტერიტორიაზე, მესხეთის ქუჩაზე აშენდება 150-200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებელი. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ეს ნაკვეთი, დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს, რომელიც მუშაობს აღნიშნულ პროექტზე. მიწის გადაცემის საკითხს, ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.



მიწის ნაკვეთის გადაცემამდე იყო სხვა ეტაპები. კონკრეტულად: პროექტის აუცილებლობის დასაბუთება, რომელი პროფესიების შესწავლა უნდა მოხდეს ამ სასწავლებელში, რაც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთთანამშრომლობით მოხდა. განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო კი ფიზიკურ სამუშაოებს 2020 წლიდან დაიწყებს და 3 წელიწადში დაასრულებს.

„ძირითადად იქნება ტურიზმთან დაკავშირებული სპეციალობები და შემდეგ, მასზე მიბმული სხვა მიმართულებები. მაგ: გიდის, კვების ბლოკის და სხვა ისეთი სპეციალობები, რაც ტურიზმს უკავშირდება. ასევე სამშენებლო პროფესიები: მშენებელი, მომპირკეთებელი, ელექტრიკოსი, გამნათებელი. ასევე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიები და ა.შ. ეს იქნება განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებელი. შემდგომში რა მოდულები დაემატება და რა იქნება, ვნახოთ. ამ ეტაპზე ეს სურათია“ - აცხადებს ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი იზოლდა ლომიძე.

2020 წლიდან პროფესიული სასწავლებელი სოფელ ლიკანის ტერიტორიაზე აშენდება, რომელიც ქალაქის გასასვლელთან მდებარეობს. ამ დროისთვის ამ ადგილზე არის მუნიციპალური ბაზა, სადაც განთავსებულია შიდა ტრანსპორტი. შემდგომში იგეგმება ამ მიწის გამიჯვნა. შესაბამისად, ტერიტორიის ნაწილზე დარჩება მუნიციპალური ავტოპარკი, მეორე ნაწილზე კი აშენდება პროფესიული სასწავლებელი.


მუნიციპალური ავტოპარკი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი შენდება, არის ის, რომ ბორჯომელი ახალგაზრდები დარჩნენ მშობლიურ ქალაქში და ადგილზევე შეეძლოთ სხვადასხვა პროფესიის შესწავლის შესაძლებლობა. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ყოველწლიურად დაახლობით 150-200 ახალგაზრდა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიას.

„დაახლოებით 5 მილიონიან პროექტზეა საუბარი. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს ეყრება ახლა საფუძველი და ამას თითოეული ბორჯომელი იგრძნობს რამდენიმე წელიწადში. მუნიციპალიტეტმა ასევე აიღო იმის პასუხისმგებლობა, რომ ამ ტერიტორიაზე განახორციელებს ძველი შენობების დემონტაჟს, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ და განათლების სამინისტროს მივცემთ იმის საშუალებას, რომ რამდენიმე თვეში დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები“ - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.


პროფესიული სასწავლებლის სავარაუდო ტერიტორია

იმ შემთხვევაში თუ 2020 წლიდან ბორჯომში, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, მაშინ 2023 წელს, საკურორტო ქალაქს ახალი პროფესიული სასწავლებელი ექნება, რომელიც 200-მდე სტუდენტს დაიტევს და მათ სხვადასხვა პროფესიის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.
შესაბამისად, ბორჯომელ ახალგაზრდებს არჩევანის საშუალება ექნებათ. პროფესიულ განათლებას ან მშობლიურ ქალაქში მიიღებენ, ან უმაღლესი განათლების მისაღებად წავლენ ქალაქგარეთ და მათი ხარჯიც შესაბამისად გაიზრდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.