მერი კანთელაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცემში ისვენებს.
ხაშურიდან ბორჯომში ბავშვის გამო, ექიმის რეკომენდაციით ჩამოვიდა.
ამბობს, რომ საკურორტო სოფელში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები
არ არის.
ამიტომ ხშირად ჩამოსვლაზე თავს იკავებს.
„მარტო ჰაერი არაფერია. თუ საცხოვრებელი პირობები არ იქნება
დაცული, მაშინ აზრი არ აქვს აქ მოსვლას. აქ არ არის ის პირობები
რისთვისაც მოვდივართ. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები უნდა იყოს დაცული,
რომ ალერგია უფრო არ გაგიმწვავდეს“.
ცემის მოსახლეობა წლიდან-წლამდე ზაფხულის დადგომას ელოდება. საკურორტო
სეზონის პიკი ივლისი-აგვისტოა. სწორედ ამ პერიოდში ბინების
გაქირავებიდან მიღებული თანხაა ადგილობრივების შემოსავლის ერთ-ერთი
წყარო.
აქ შეხვდებით როგორც საოჯახო სასტუმროებს, ასევე კერძო სახლებს.
ფასებიც მომსახურებისა და პირობების მიხედვით მერყეობს.
ზღვის დონიდან 1120 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელი განსაკუთრებული
კლიმტით და სამკურნალო თვისებების მქონე სუფთა ჰაერით გამოირჩევა.
სწორედ ამიტომ ცემს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან ბავშვებთან ერთად,
განსაკუთრებით დამტვერვის პერიოდში.
დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი გასართობი ადგილი სკვერია, სადაც
რამდენიმე სახის მინი ატრაქციონია დამონტაჟებული.
„პარკში ხეები ძველია, ახალი არ არის დარგული. ცოტა ხანში
ესეც განადგურდება და არაფერი დარჩება. როგორც კურორტი არ მგონია რომ
ვითარდება“- გვეუბნება დასასვენებლად ჩამოსული მერი
კანთელაშვილი.
სოფლის ქვედა უბანში კი სკვერი აღარ არის. იმ იმედით რომ უკეთესი უნდა
გაკეთებულიყო ადგილობრივებს დააშლევინეს. ახლა წუხან, რომ სკვერის
გამო დამსვენებლები მათთან აღარ ჩერდებიან და ზედა უბანში ამჯობინებენ
დაბინავებას.
სოფელში კიდევ ერთი პრობლემა სასმელი წყალია, რომელსაც წვიმის დროს
დასალევად ვერ იყენებენ. ამის გამო დამსვენებლებს წყლის შეძენა
მაღაზიებში უწევთ.
„ბუტკა“ ვისაც აქვს გახსნილი იმათ უხარიათ. დამსვენებლები
წყლებს ყიდულობენ 5-10 ლიტრიანი ბალონებით ყოველდღე. ზოგს სახლიდან
მოაქვს თავის წყაროდან.
გვლანძღავენ, გვაგინებენ, ფულს გვაკლებენ და წყალს
ყიდულობენ“- ამბობს ადგილობრივი ზურაბ ტაბატაძე.
მიზეზი მოძველებული მილები და საფილტრის არ არსებობაა. სოფელში იმასაც
ამბობენ, რომ სეზონის პიკზე წყლის დებეტი იკლებს და მოსახლეობას წყალი
აღარ ჰყოფნის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე
სასმელი წყლის ქსელის დაზიანებული მონაკვეთების შეცვლა მიმდინარეობს.
შემდგეგ კი სათავე ნაგებობის შეკეთება დაიწყება. სამუშაოების
დასრულებამდე კი ცემში ჩამოსულ დამსვენებლებს სუფთა სასმელი წყლის
შეძენა ისევ სოფლის მარკეტში მოუწევთ.