ინტერაქტიული მულტიმედია
არც ახალი სკვერია და აღარც ძველი

„სეზონი გვივარდება ქვედა უბანში, მოდიან დამსვენებლები, იკითხავენ სად არის სკვერი და გასართობები ბავშვებისთვისო და ყველა გარბის ზედა უბანში, ჩვენ ვრჩებით ისე“

- გვეუბნება ცემში მცხოვრები ვახტანგ გოგოლაძე


საქმე სოფელში არსებულ სკვერს ეხება, როგორც ადგილობრივები ამბობენ დასახლებაში ორი სკვერი იყო, ერთი სოფლის ცენტრში, რომელიც ახალი, მოვლილი და შედარებით მოწესრიგებულია,  ხოლო მეორე საფეხბურთო მოედანი და გასართობები პატარებისთვის, შედარებით მოძველებული,  ე.წ ქვედა უბანში. ახლა ქვედა უბანში არსებული სკვერი აღარ არსებობს.



როგორც აღმოჩნდა, ქვედა უბანში, ახალი სკვერის მოწყობას, ადგილობრივებს, ბორჯომის მერია გასულ წელს დაპირდა. ცემელები ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, სკვერის მიმდებარედ მცხოვრებლებს სთხოვეს, ძველი სკვერის დემონტაჟი მოეხდინათ, რადგან უახლოეს დღეებში ახალი სკვერის მოწყობა უნდა დაწყებულიყო. ახლა ცემში რეალობა ასეთია,  აღარც ახალი სკვერი აქვთ და აღარც ძველი.

„ უნდა ნახოთ ეს მოედანი, აქ მითხარით,  ვინ უნდა დაისვენოს,  ბავშვებს აღარ აქვთ არსად სათამაშო. სასრიალოც იყო, საქანელაც იყო, სკამები დასასვენებლად, არ ვიცი ვისი განკარგულება იყო, რომ მოეშალათ ეს ყველაფერი“ - გვეუბნება ნათელა ბლუაშვილი


ცემელების თქმით ქვედა უბანში 50-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო,  საკუთარი სახლების გაქირავებით მიღებული შემოსავალია და მათი კეთილდღეობა, ჩამოსული  დამსვენებლის რაოდენობაზეა დამოკიდებული.


ადგილობრივები ამბობენ,  რომ ამ უბანში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამსვენებლების დაკარგვის მიზეზი ხდება.


„სესხები გვაქვს გამოტანილი, თუ დამსვენებელი არ გვეყოლება როგორ დავფარავთ?
- აღშფოთებულია ვახტანგ გოგოლაძე და ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოების დასაწყებად 10 დღის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანასოფლელებთან ერთად,  გზის კადაკეტვით იმუქრება.

„აგერ სტადიონი გაკეთებული იყო, მოთხარეს და წაიღეს,  რაც პირობა მოგვცეს, არაფერი არ გააკეთეს, მარტო ვჭირდებით არჩევნების დროს“ -
ადგილობრივი მთავრობის დანაპირებს იხსენებს ქვედა უბანში მცხოვრები ნათელა ციცქიშვილი.

ბორჯომის  მერიაში განმარტავენ, რომ ამ უბანში თანამედროვე სკვერის მოწყობა ნამდვილად იგეგმება და ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნამდვილად მიაწოდეს.  მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ  ძველი სკვერის დემონტაჟის თხოვნით, მერიას მოსახლეობისთვის არ მიუმართავს . ბერიძე ვარაუდობს, რომ მოსახლეობამ იჩქარა და დემონტაჟის გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.


„ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ივნისში დასრულებულიყო სამუშაოები, სამწუხაროდ ზალიან ბევრი პროცედურის გამო ეს დროულად ვერ მოხერხდა. სკვერის პროექტი ახლა უკვე დასრულებულია, ექსპერტიზა გავლილი აქვს, ხვალ გამოცხადდება ტენდერი „ -
ამბობს ჩვენთან საუბრისას ბუბა ბერიძე


თუ ტენდერის გამოცხადების ვადებს და პროცედურებს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ სოფელში სკვერის მოწყობის სამუშაოები ივლისის დასაწყისამდე ვერ დაიწყება. როდის დასრულდება სკვერის რეაბილიტაცია ეს კიდევ საკითხავია.


ამასობაში სოფელში დამსვენებლები ჩამოდიან, გვერდს უვლიან ყველა სახის ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩენილ ე.წ ქვედა  უბანს და სოფლის ცენტრში ქირაობენ ბინებს დასასვენებლად, სადაც სკვერიც არის და ბეტონის გზაც.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.