48 წლის მიშა თედიაშვილს, ბოლო 11 წლის განმავლობაში, დაბის გადამწვარ
ტყეში 12 000 ნერგი საკუთარი ხელით აქვს დარგული. ორივე ხანძარი
2008-2017 წწ-ში მის თვალწინ მოხდა.
მას შემდეგ ჩართულია ნახანძრალი ტყის მოვლა-აღდგენის პროცესში და
ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს გადარჩენაში. წუხს იმ
პრობლემებზე, რაც ხანძრის შემდეგ წარმოიშვა მის სოფელში.
„ხანძრის შემდეგ კლიმატი შეიცვალა, სოფელში ახლა უფრო
მეტად ცხელა, ვიდრე აქამდე იყო. დამსვენებლების რაოდენობაც შემცირდა.
ყველამ გაიგო, რომ ტყეში ხანძარი იყო და იციან, რომ ჰაერი ნორმალური
აქ აღარ არის, ამიტომ ბევრს აღარ უჩნდება ჩამოსვლის და დასვენების
სურვილი. მაქსიმალურად ვცდილობ ჩართული ვიყო ჩემი ტყის აღდგენის
პროცესში. რომ არა ბუნება და გარემო, არ იქნება ჩვენი მომავალი. ასე
რომ ყველას ვალია მივხედოთ ჩვენს ტყეს“ - ამბობს
ჩვენთან საუბრისას მიშა თედიაშვილი.
ახლა ძირითადად მოვლითი სამუშაოები მიმდინარეობს და მასთან ერთად
დანარჩენი ადგილობრივებიც, მიდიან ადგილზე და ნერგებს ბალახისგან
ათავისუფლებენ. შემოდგომა-გაზაფხულზე კი უფრო დატვირთული პერიოდი
აქვთ. ამ დროს რგავენ ნერგებს და ფიზიკურად მეტი სამუშაოს შესრულება
უწევთ.
55წლის ბადრი თედიაშვილი, ტყის მოვლა-აღდგენის პროცესში შედარებით
გვიან, გასული წლიდან ჩაერთო და შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში,
ყოველდღიურად 100 ნერგს რგავს, ჯგუფის წევრებთან ერთად. მისი თქმით,
დარგეს ძირითადად ფიჭვის ნერგები, რომელმაც გაამართლა და გაიხარა.
„მოხარული ვარ რომ ჩართული ვარ ტყის მოვლა-აღდგენის
პროცესში. ეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია დავიცვათ ტყე და ბუნება,
ის გარემო სადაც ვცხოვრობთ. სანამ ძალა და ღონე მექნება, ვიმუშავებ და
დავრგავ ნერგებს. ჩვენ თუ ვეღარ მოვესრებით, ჩვენი შვილები და
შვილიშვილები ხომ მაინც მოესწრებიან და იცხოვრებენ კარგ გარემოში, მათ
მაინც შევუნარჩუნოთ ტყე“ - ამბობს ბადრი
თედიაშვილი.
ბადრი თედიაშვილიც დაბის მკვიდრია და ბავშვობა სწორედ ამ ტყეში აქვს
გატარებული. იხსენებს, რომ ადრე ტყეში სუფთა ჰაერი იყო და ნიავი
ჰქროდა, ახლა კი ჩახუთული ჰაერია და კლიმატი საგრძნობლად
შეიცვალა.
„ჰაერი საერთოდ აღარ არის ტყეში. ნორმალურად სუნთქვა რომ
გინდოდეს ვერ ისუნთქებ, ჩახუთული ჰაერია. ადრე ასე არ იყო, ახლა
კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა. გარდა ამისა, წვიმის დროს წამოსული
წყალი პატარა მდინარეს უერთდება და დიდდება, იქმნება ღვარცოფული
მდგომარეობის საშიშროება“ - წუხს ბადრი თედიაშვილი.
გარემოს და ტყეს რომ დაცვა უნდა, სწორედ ამიტომ მუშაობენ აქტიურად
ადგილობრივები. სოფელ დაბაში 63 ოჯახი ცხოვრობს. გადამწვარი ტყის
მოვლა-აღდგენის პროცესში კი 50-მდე ადამიანია დასაქმებული. 10-10
კაციანი ჯგუფები ტერიტორიების მიხედვით არიან განაწილებული და მათ
მოვალეობაში მიწის გაფხვიერება, ნერგების დარგვა და მონიტორინგი
შედის. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია შემოსაზღვრულია, დარაჯი
ტერიტორიას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგანაც იცავს და აკონტროლებს.
თითოეული მათგანი, საკუთარი სურვილით ჩაერთო ტყის აღდგენის პროცესში,
თუმცა იღებენ ანაზღაურებას ეროვნული სატყეო სააგენტოსგან.
შეგახსენებთ, დაბა-წაღვერის ტყეში ხანძარი ორჯერ გაჩნდა. პირველად ეს
იყო 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს.
2017 წელს კი ტყეს ცეცხლი სავარაუდოდ დაუდევრობით გაუჩნდა. ბორჯომის
ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს
შეადგენს. მის აღდგენაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს, ეროვნული
სატყეო სააგენტო მუდმივად მუშაობს.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, 2018 წელს 144 -ჰა ფართობზე უკვე
განახორციელა დარგვის სამუშაოები და ჯამში 250 ათასამდე წიწვოვანი
სახეობის ნერგი დაირგო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტყის აღდგენის
პროექტი 144 ჰა ფართობზე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც 35 000 -მდე
წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც
ნარგავების მოვლის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო შემოდგომაზე
განახლდება დარგვის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა
ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს
სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო
გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მდგრადი
განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და
გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.