ახლა ბოლო გაკვეთილის ჩატარებას
ისეთივე ღელვით ელოდება, როგორც წლების წინ, როდესაც კლასში პედაგოგის
სტატუსით პირველად უნდა შესულიყო.
ნინო სანდაძემ სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ის ბორჯომის
მუნიციპალიტეტის ყველაზე ხანდაზმული პრაქტიკოსი პედაგოგია. ამბობს,
რომ ამ საკითხზე დიდი ხანია ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება
რთული მისაღები აღმოჩნდა, აქვე იმასაც ამატებს, რომ მისი
გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სიახლეს არ
უკავშირდება, რაც სკოლის დატოვების შემთხვევაში ჯილდოდ 2 წლის
ანაზღაურებას გულისხმობს.
„არც ენერგია მაკლია, არც განათლება და არც ცოდნა, გაკვეთილის
ჩატარებასაც ყოველთვის თანამედროვედ ვუდგებოდი, ჩემს გაკვეთილზე
ბავშვებს ქონდათ თავისუფლება, მსჯელობის და საკუთარი მოსაზრებების
გამოთქმის უფლება. ძალიან მიყვარს ბავშვები და ბავშვებსაც ძალიან
ვუყვარვარ, ისიც ვიცი რომ სკოლის გარეშე ძალიან გამიჭირდება“
-ამბობს ჩვენთან საუბრისას ნინო სანდაძე
„მასწავლებლობანას“ ბავშვშვობაში ყველაზე ხშირად თამაშობდა, სკოლის
დამთავრების შემდეგ, არჩევანის წინაშე არ დამდგარა, პედაგოგიურზე
ჩააბარა და 22 წლის ასაკში დაბა ახალდაბის სკოლაში დაიწყო მუშაობა,
შემდეგ კი 25 წელი ბორჯომის მესამე საჯარო სკოლაში ასწავლიდა. 80 წლის
პედაგოგს ახლა უკვე 57 წლიანი სამოშაო გამოცდილება აქვს.
ნინო სანდაძე
ამბობს, რომ ბოლო წლებია კლასში გაკვეთილზე შესვლის დროს თავს
უხერხულად გრძნობდა, ხვდებოდა, რომ ასაკი ხელს აღარ უწყობდა და ერთ
დღესაც თქვა, რომ საკმარისი იყო
„რომ ვეტყვი ხოლმე ბავშვებს მეყოფა და უნდა წავიდე, ნახეთ
რაღას ვგავარ მეთქი, მეუბნებიან ხოლმე, რას ამბობთ, თქვენ ყველაზე
ლამაზი ხართო, დარწმუნებული ვარ, რომ ვუყვარვარ ბავშვებს ძალიან,
მაგრამ უკვე დრო მოვიდა დავტოვო სკოლა“
„ასწავლე ქართული ენა“ - წლების წინ ამ პროგრამაში ჩაერთო, სირთულეებს
არ შეუშინდა, ბარი დატოვა და მთაში გადასახლდა. ჯერ ნინოწმინდაში,
სოფელ გორელოვკაში ასწავლიდა სომხურ სკოლაში ქართულ ენას. შემდეგ კი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტაბაწყურში გადავიდა და ბოლო 14 წელია
ეთნიკურ სომხებს ქართულს ასწავლის და აყვარებს. ბავშვების გარდა
ჯავახეთში ქართულს საჯარო მოხელეებსაც ასწავლიდა.
„ყოველ დღე ვტივრივარ, რომ მახსენდება აქაურობა უნდა დავტოვო,
ვერ წარმომიდგენია რა უნდა ვაკეთო ბავშვების გარეშე, ალბათ ჩამოვალ
ბორჯომში და ჩემს შვილიშვილებს მივხედავ“
სადაც კი იმუშავა რეჟისორობაც შეითავსა, გარდა იმისა, რომ ქართულს
ასწავლიდა, ბავშვებისთვის სპექტაკლებს დგამდა და ღონისძიებებს
მართავდა. ცდილობდა მაქსიმალურად დახარჯულიყო გაკვეთილზეც და
გაკვეთილების შემდეგაც.
ნინო სანდაძე ყოფილ მოსწავლეებთან
ერთად
ნინო სანდაძისგან განსხვავებით, ბორჯომის მესამე საჯარო სკოლაში,
მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მუშაობის გაგრძელებას გეგმავდა ლუიზა
ხრიკაძე. ორ წელიწადში 50 წლიან სამუშაო გამოცდილებას შეასრულებდა და
შემდეგ ასპარეზს ახალგაზრდებს დაუთმობდა. მას შემდეგ, რაც განათლების
სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა სკოლა
მიმდინარე წელს დაეტოვებინა.
14 ივნისს მესამე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ბოლო
გაკვეთილს ჩაატარებს.
„მართალია განვიცდი, მაგრამ დროა ახალგაზრდებსაც დავუთმო გზა.
მადლობა სამინისტროს, რომ ასეთი საჩუქრით გვიშვებენ სკოლიდან. ძალიან
კარგი გადაწყვეტილებაა, მაინც ყველაფერი თანხებს უკავშირდება, ახლა
ზუსტად ვიცი მომდევნო ორი წელი საკუთარ ჯანმრთელობასაც მივხედავ და
ხანდაზმულ დედასაც“ - ამბობს 72 ლუიზა ხრიკაძე და სკოლაში
გატარებულ წლებს იხსენებს.
„მამა პედაგოგი მყავდა, მაგრამ ბავშვობიდან ამ პროფესიაზე არ
მიოცნებია, ეს ცოტა მოგვიანებით გადავწყვიტე. დაწყებითი კლასები
ავირჩიე.“ - პედაგოგის კარიერა პატარა ცემის სატყეო
სკოლა-სანატორიუმში დაიწყო. საკურორტო სოფელში ჩასული ბავშვები, ამ
სკოლაში დასვენებას და სწავლას ერთმანეთს უთავსებდნენ. ამ სკოლაში
მუშაობით 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება დააგროვა. 1991 წლიდან კი
ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგია, სკოლაშიც დაწყებით კლასებს
ასწავლიდა, ოთხი წლის წინ კი გადაწყვიტა სადამრიგებლო კლასს ბოლომდე
გაჰყოლოდა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ჩატარება
დაიწყო.
სიჩუმე და მისკენ მომზირალი ბავშვების თვალები ეს ის განცდაა, რომელიც
ლუიზა ხრიკაძეს, მის მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილიდან ახსოვს.
მაშინ ძალიან განიცდიდა
„პირველ გაკვეთილზე ძალიან განვიცდიდი, შევედი კლსაში და
ბავშვები განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით მათვალიერებდნენ, ძალიან
დავიძაბე, მერე ნელ-ნელა ეს დაძაბულობა მომეხსნა, უკვე გავითავისე და
ჩემი იყო გაკვეთილი“
ლუიზა
ხრიკაძე გაკვეთილზე
ახლა მესამე საჯარო სკოლაში, მის მიერ ჩასატარებელი გაკვეთილები თითზე
ჩამოსათვლელია. სკოლას ოჯახს უწოდებს და მასთან განშორება უჭირს,
თუმცა გადაწყვეტილებას არ ნანობს და თვლის, რომ ახლა ახალგაზრდების
დროა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკის 56-მა პრაქტიკოსმა
პედაგოგმა, პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება განცხადებით უკვე
დაადასტურა. განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით,
ამ კატეგორიის პედაგოგები ჯილდოდ ორი წლის შრომის ანაზღაურებას
მიიღებენ, ხოლო იმ პენსიონერ პედაგოგებს, რომლებსაც სკოლის დატოვების
გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, სამინისტრო მეორე შანსს აძლევს.