ინტერაქტიული მულტიმედია
ნავის მმართველი
უხსნის, ასწავლის და შემდეგ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე. დავით აბულაძეს, ნავის მართვა, წყალთან ბრძოლა და ნავში მყოფი პირების მუდმივი ყურადღება, ერთდროულად უწევს.


უკვე 8 წელია რაც ექსტრემალური სპორტის სახეობა აირჩია და საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო.




პროფესიით ენერგეტიკოსია, თუმცა რეალური პროფესიით არცერთი დღე არ უმუშავია და თავი ჯომარდობას მიუძღვნა. ამბობს, რომ რთული და დამღლელი საქმეა, რადგან 6-8 ადამიანის სიცოცხლე მას აბარია და ვალდებულია იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე. ყველა კატეგორიის ადამიანთან უწევს ურთიერთობა, ზოგს მეტად ეშინია წყლის, ზოგს კი ნაკლებად. გუნდის წარმატებაც და წარუმატებლობაც სწორედ ნავის მმართველზეა დამოკიდებული.




თავდაპირველად, თვითონაც მოყვარულის სტატუსით იჯომარდა და ინსტრუქტორის მითითებებს ასრულებდა. მას მერე სურვილი გაუჩნდა, რომ ნავს თავად გაძღოლოდა. თვლის, რომ ინსტრუქტორი პირველ რიგში გამოცდილი უნდა იყოს. სწორედ ამისთვის 2-3 წლის განმავლობაში, ინსტრუქტორის შემსწავლელი კურსი ბორჯომშივე გაიარა და გამოცდილი ტურისტები საჯომარდოდ სწორედ ამის შემდეგ ჩაიბარა.

„პირველად ვიჯომარდე მაისის წყალში. ამ დროს დიდი და ექსტრემალური წყალია. მაშინ მოყვარული ვიყავი და ამ დაშვებამ განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი. რამდენიმე თვის შემდეგ, თეატრში ვიყავი სპექტაკლზე, სადაც გამოკრული განცხადება ვნახე, რომ სპორტსმენების მიღება ჰქონდათ გამოცხადებული. წამოვედი და იმ დღესვე ჩავეწერე. იქიდან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ 2-3 წელი ისე ვსწავლობდით ინსტრუქტორობას, რომ ტურისტებთან შეხება არ გვქონია. ამის შემდეგ როცა პირველად მომიწია, ინსტრუქტორის სტატუსით ჯომარდობა, რა თქმა უნდა ძალიან ვინერვიულე, რადგან სარისკო და საპასუხისმგებლო საქმეა“ - იხსენებს ჩვენთან საუბრისას დავით აბულაძე



ახალბედა ინსტრუქტორმა დროთა განმავლობაში მეტი გამოცდილება მიიღო. 2017-20188 წწ-ში, მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში და ევროპის თასის გათამაშებაში, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში გაიმართა. საერთაშორისო შეჯიბრში მაშინ, 11 ქვეყნის 44 ნაკრები გუნდი იღებდა მონაწილეობას, სადაც საქართველომ წარმატებულად იასპარეზა და დათო აბულაძეს ეამაყება, რომ ამ წარმატებაში მისი წვლილიც იყო. ბორჯომში მაქსიმალური მანძილი, რომელიც სოფელ დვირიდან სოფელ ლიკნამდეა, 14 კმ დაუფარავს, თუმცა ფასანაურში და რაჭაში უფრო დიდი მონაკვეთი აქვს ათვისებული, 30-დან 50კმ-მდე.



გამოცდილმა ინსტრუქტორმა, წლების შემდეგ გადაწყვიტა რომ საყვარელი საქმე ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ ექცია. ჩითახევში, რომელიც მისი მშობლიური სოფელია და ამავდროულად, ჯომარდობის ტრადიციული ადგილი, მოაწყო საჯომარდო ბანაკი რომელიც მსურველებს მდინარეზე დაშვებას, ექსტრემს, აზარტს და დროის სასიამოვნოდ გატარებას სთავაზობს.



„ბორჯომი ტურისტული ზონაა. მტკვარი გვაძლევს იმის საშუალებას რომ აქ ბიზნესი განვავითაროთ, მითუმეტეს მაშინ როცა ამდენი ტურისტი ჩამოდის ჩვენს ქალაქში. ამიტომ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და გადავწყვიტე საკუთარი კომპანია გამეკეთებინა. Facebook-ზე გვაქვს გვერდი Rafting in Borjomi/ჯომარდობა ბორჯომში, სადაც შეუძლიათ მსურველებს დაგვიკავშირდნენ. ერთი ადამიანის ღირებულება 55 ლარია. ერთ ნავში სავარაუდოდ 6-8 ადამიანი ჯდება და ყველას ვინც აზარტულია, უყვარს ექსტრემი და სურს საუკეთესო თავგადასავლები, ველოდებით ყველას“ - დავით აბულაძე



სამომავლოდ გეგმავს, რომ ბორჯომში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეჯიბრი ჩაატაროს ჯომარდობაში. ყველას ურჩევს, რომ გაბედონ, არ შეეშინდეთ წყლის და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. იხსენებს იმასაც, რომ ნავი ხშირადაც ამობრუნებია და ამას ხანდახან სპეციალურად აკეთებენ, ვისაც აზარტი და ექსტრემი უყვარს. გამოცდილს ინსტრუქტორს აქამდე, ნავი ყოველთვის უსაფრთხოდ უმართავს და ნავის მგზავრები ყოველ ჯერზე უსაფთხოდ მიუყვანია „ფინიშის“ ხაზამდე.



„თავიდან ნავში ჩაჯდომა შიშის ფაქტორთან არის დაკავშირებული. ვურჩევდი სცადონ, გაბედონ, იჯომარდონ და „ფინიშამდე“ რომ მივლენ, რას იტყვიან მერე ვნახოთ. დამიჯერეთ, მეორედაც და მესამედაც მთხოვენ დაშვებას. ჩემი სურვილი და მიზანია, რომ ჩემთან მოსულმა სტუმრებმა მიიღონ ისეთი სიამოვნება, როგორც მე ვიღებდი მაშინ იმ წლებში, როცა ვიყავი დამწყები. მე კი ვიქნები ამ სფეროში იქამდე, სანამ მექნება ძალა და ღონე, რომ ჩავჯდე ნავში და დავეხმარო ტურისტებს ამ შეგრძნებების მიღებაში“ - დავით აბულაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.