ინტერაქტიული მულტიმედია
ექვს კომლიანი სოფლის პრობლემები
ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით მგზავრობისას გზაზე ტრაფარეტს შეხვდებით წარწერით „ლარები“. გზის მარცხენა მხარეს კი რამდენიმე სახლს დაინახავთ, სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს. ეს სოფელი ლარებია. ყველაზე პატარა სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

სოფელს ცენტრალურ გზასთან მხოლოდ საფეხმავლო ხიდი აკავშირებს. თუმცა ადგილობრივები ხიდს სამანქანოდაც იყენებენ და მხოლოდ მსუბუქი მანქანებით გადადიან. სატვირთო ავტომობილით აქ გადასვლა შუძლებელია.

უგზოობის გამო აქაურები შეშას, თივას ან თუნდაც სამშენებლო მასალებს სოფლის მეორე მხარეს ცლიან და სახლამდე მსუბუქი ავტომანქანებით ეზიდებიან. გზა პრობლემას უქმნის სასწრაფო დახმარების მანქანებსაც.






ანა გაბაიძე სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. გზა მისთვის მთავარი პრობლემაა.




„სასწრაფოს გამოძახება ბევრი მქონია სიცხიან ბავშვებზე და მოწამლულ ადამიანებზე და ხიდის გულისთვის ვერ გადმიდიან. ვერ გადმოვდივართ საშიში ხიდია გვეუბნებიან“.


ხიდს რომ გადაივლით სოფელი იწყება. განსაკუთრებულ სიმყუდროვეს და ულამაზეს ბუნებას სამი უსახური შენობა ამახინჯებს. აქ ადრე რკინიგზის სადგური ყოფილა. ახლა უფუნქციო და მიტოვებულია. კედლები ნახევრად ჩამოშლილი, სახურავი კი ხავსითა და ბალახით დაფარული. 




გზის მარცხენა მხარეს მატარებლის ძველი ვაგონებია, ნახევრად დაშლილი და ეკალ-ბერდებში ჩაფლული.




სოფელს ერთი გზა ჩაუყვება, რომელიც არც ისე სახარბიელოა. აქვეა ჩამწკრივებული სახლები სადაც მუდმივად მაცხოვრებელი 6 ოჯახია დასახლებული. აქაურების ნაწილი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებშია დასაქმებული. ამუშავებენ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს და უვლიან მსხვილფეხა საქონელს.


სოფელში მცხოვრები 20-მდე ადამიანის მთავარი პრობლემა სასმელი წყალია. მათ ონკანებში სასმელად უვარგისი წყალი მოდის. 




„წყალს ბეწველები მოდევს, ნაგავი ყველანაირი, შებელი, ხრეში ფოთლები და ტოტები. სასმელისთვის და საჭმელისთვის ლიკნიდან ვზიდავთ. სარეცხისთვის ბალონებში ვავსებთ და ვასხამთ სარეცხ მანქანებში“- ამბობს თამარ კაპანაძე.

მარიამ შირიაევა ონკანის წყლით ჭურჭელსაც ვერ რეცხავს. გასავლებად სუფთა წყალს იყენებს, რომელსაც სოფლის მეორე ნაპირიდან ზიდავს. 



„სასმელი წყალი საშინელებაა, ტალახი მოდის. რომ იჭედება ორი დღე არ გვაქვს. სანამ კაცები მოიცლიან და გააკეთებენ რამდენიმე დღე გადის. ვზიდავთ იქითა გზიდან. მილია გახეთქილი და იქიდან ვავსებთ“- მარიამ შირიაევა.

ლარებში მცხოვრებ ათამდე მოსწავლეს ქალაქის სკოლაში უწევს სიარული. მათთვის სპეციალურად დაინიშნა ავტობუსი, რომელიც დღეში ორჯერ ბავშვების გადაადგილებას უზრუნველყოფს. თუმცა სოფელში დაბრუნებულებს არ აქვთ გასართობი ადგილი. მშობლები ბავშვებისთვის სკვერის მოწყობას ითხოვენ.


ექვს კომლიანი სოფლის პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ცნობილია. ახლა ადგილობრივები ამ დაპირებების შესრულების მოლოდინში არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: ლარები /
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.