მშობლების ჩუმად გაიპარა, ჩააბარა გამოცდები შსს-ს აკადემიაში,
მუშაობს პოლიციელად და ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ებრძვის
კრიმინალს - ასეთია 30 წლის თეონა ივანიძის ცხოვრების სტილი
, რომელიც უკვე 8 წელია შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი
ინსპექტორ გამომძიებელი პოლიციის კაპიტანია.
„აკადემიაში ისე წავედი, ისე ჩავაბარე გამოცდები, რომ
მამაჩემისთვის არ მითქვამს, რადგან ვიცოდი ამის უფლებას არ მომცემდა.
ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, საზოგადოება რთულად უყურებს ქალ
პოლიციელს, განსაკუთრებით 8 წლის წინ ხომ წარმოგიდგენიათ როგორი
შეხედულება ექნებოდათ? იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესწილად კაცებთან
ერთად გვიწევს მუშაობა ქალ პოლიციელებს, 24 საათის განმავლობაში, დღეც
და ღამეც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ქვეყნის სამსახურში მუშაობისთვის,
ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცოტა რთულად შეხვდა ჩემს
გადაწყვეტილებას მამაჩემი. მისთვის არასასურველია ჩემი პოლიციელობა.
დედაჩემი უფრო განსხვავებულად ფიქრობს, ხშირად ამაყობს კიდეც. მე არ
მომისმენია, პირადად არ მეუბნება, მაგრამ სხვებისგან გამიგია, რომ
დედაჩემს მოსწონს და ამაყობს ჩემი პროფესიით, მაგრამ მამაჩემს უჭირს
ამასთან შეგუება, დროთა განმავლობაში შეარბილა დამოკიდებულება, მაგრამ
მაინც“ - იხსენებს მუშაობის პირველ წლებს თეონა
ივანიძე.
შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში მუშაობა 2011 წლიდან დაიწყო,
თავდაპირველად დაინიშნა უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. ახალი უბნის
დასახლება ჩაიბარა და შემოიარა ყველა ოჯახი, აღწერების,
მოსახლეობასთან გასაუბრების და დანაშაულის პრევენციის მიზნით.
იხსენებს იმასაც, რომ როცა პირველად ქუჩაში ფორმით გამოჩნდა,
საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. გრძნობდა რომ გამვლელ-გამომვლელის
დაკვირვების ობიექტი იყო და ამან ახალბედა პოლიციელი ცოტა დააბნია,
თუმცა წლებთან ერთად ყველაფერი გადალახა და ახლა ამბობს, რომ
საზოგადოების მხრიდან პატივისცემას გრძნობს, ღიმილს და სითბოს იღებს
როცა ხედავენ პოლიციელის ფორმაში გამოწყობილს.
2014 წლიდან თეონამ, უბანზე სიარული შეწყვიტა და სისხლის სამართლის
საქმეების გამოძიება დაიწყო და დღემდე ამ საქმეს ასრულებს. ამბობს,
რომ ორივე მიმართულება თავისებურად რთულია, თუმცა საყვარელ საქმედ
იმას მიიჩნევს, რასაც ახლა აკეთებს.
„ქალისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან 24 საათიანი
სამუშაო რეჟიმია პოლიციაში. დღის განმავლობაში სულ აქ ვარ. საღამოს კი
ჩემი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით მივდივარ სახლში, თუმცა
მუდმივად მზად ყოფნაში უნდა ვიყო საჭიროების შემთხვევაში. ამიტომ როცა
მძინავს, მაშინაც კი ველოდები ტელეფონის ზარს, რომ თუ დარეკეს, უნდა
წავიდე, უნდა მოვასწრო 5 წუთში ჩაცმა და გასვლა სახლიდან. პოლიციელობა
ცოტა რისკის შემცველი არის რა თქმა უნდა, რადგან კრიმინალთან ბრძოლა
გიწევს. მაგრამ თუ ადამიანებთან გვექნება ნორმალური დამოკიდებულება,
ადამიანური მიდგომა, პატივისცემა, ყოველგვარი აგრესიის გარეშე თუნდაც
იმ ბრალდებულთან, ის არასდროს შეეცდება რომ რამე დაგიშავოს. მე ესე
ვფიქრობ და ამ წლებმა ეს მასწავლა. არასდროს მიგვრძნია რომ ჩემს
უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ყოველთვის ვგრძნობ, რომ დაცული ვარ,
არა იმიტომ რომ პოლიციელი ვარ, უბრალოდ ამ განწყობას ვგრძნობ
საზოგადოების მხრიდან“ - თეონა ივანიძე
ამბობს რომ ყველგან პოლიციელია - სახლშიც, სამსახურშიც და ყველგან
სადაც იმ მომენტში იმყოფება. ღიმილით გვიყვება იმას, რომ მამა ხშირად
ეხუმრება, სახლში მაინც დაივიწყე რომ პოლიციელი ხარო. მისთვის
პოლიციელობა ნიშნავს, ქვეყნის სამსახურში ყოფნას, ერთგულად მუშაობას,
ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, ასევე
კრიმინალთან ბრძოლას და ნაკისრი მოვალეობის შესრულებას და იცის, რომ
უფრო მეტი თავშეკავება მართებს, ყველგან სადაც არ უნდა იყოს, უნდა
იზრუნოს იმ საზოგადოებაზე და მოახდინოს რეაგირება ყველა
კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.
„აკადემიაში როცა ვსწავლობდი, ერთმა ძალიან ჭკვიანმა
ლექტორმა გვითხრა, რომ პირველივე დღიდანვე უნდა შეეგუოთ და
გაითავისოთ, რომ „პოლიციელობა არის ცხოვრების სტილი და არა პროფესია
ან სამსახური“. ეს სიტყვები სრულიად გამართლდა. იმდენად ჩემშია ეს
პროფესია, რომ გამორიცხულია ფორმა გავიხადო და აღარ ვიყო პოლიციელი.
ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი და არ აქვს მნიშვნელობა სამოქალაქო
ფორმით ვიქნები თუ პოლიციელის ფორმით. ვერც კი წარმომიდგენია ამ
საქმის გარეშე როგორ უნდა ვიყო ერთი დღეც კი. წლის განმავლობაში,
შვებულებაში რომ მივდივარ რამდენიმე კვირით, მგონია რომ რაღაც მაკლია.
რაღაც სიცარიელეს განვიცდი იმის გამო, რომ სამსახურში არ ვარ. ასე
მგონია, რომ სამსახური აღარ არის ადგილზე და აღარ მუშაობენ პოლიციაში,
ასეთი შეგრძნება მიჩნდება. სხვა სფეროში ჩემი თავი ერთი წამითაც
კი ვერ წარმომიდგენია და არასდროს მიფიქრია სამსახურის შეცვლაზე,
მივყვები ბოლომდე ჩემ პროფესიას“ - ამბობს თეონა
ივანიძე.
სწორედ იმის გამო, რომ ყველგან და ყოველთვის პოლიციელია, იხსენებს
იმასაც რომ შვებულების დროს, სამოქალაქო ფორმაში მყოფიც კი საქმეზე
ფიქრობს და ამასთან დაკავშირებით ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც
შვებულებაში იყო და დასასვენებლად მეგობართან ერთად ქობულეთში
იმყოფებოდა.
„შევნიშნე რომ მცირედ კამათს ჰქონდა ადგილი ზღვის
ნაპირზე, ეგრევე ტელეფონი მოვიმარჯვე, ვრეკავ 112-ში, ვატყობინებ რომ
პოლიციელი ვარ და ესეთი კამათია და პრევენციის მიზნით, ვინმე უბნის
ინსპექტორი რომ მოვიდეს და გაესაუბროს და ამ დროს ჩემი მეგობარი
რომელიც თან მახლდა, მეხუმრებოდა, ერთი წამით მაინც დაივიწყე, რომ
პოლიციელი ხარ და დაისვენეო. თუმცა სხვანაირად შეუძლებელია, როცა
ხედავ რომ რაღაც კანონსაწინააღმდეგო ხდება და შენ რეაგირება არ
მოახდინო“ - თეონა ივანიძე
იხსენებს სასაცილო შემთხვევებსაც.
„ერთადერთი რაზეც მეცინება ხოლმე არის ის, რომ როდესაც
სახლიდან გამოვდივარ და პოლიციის ფორმა მაცვია, მაგ დროს ყველა მცნობს
და მესალმება. მაღაზიაში ან სადმე რომ შევალ, მომიკითხავენ, როგორ
ბრძანდებით და ა.შ. მაგრამ როცა ფორმის გარეშე დავდივარ ქუჩაში,
100-დან 90% ვერ მცნობს, რომ მე ვარ ის ფორმიანი გოგო რომელსაც
იცნობენ. მერე რომ მიხვდებიან, სახალისო მომენტია ეგ და სულ მეცინება
ამ ფაქტზე“ - თეონა ივანიძე
ბორჯომის და ბაკურიანის განყოფილებაში ამჟამად მთლიანობაში 60
თანამშრომელი მუშაობს, აქედან 3 ქალი პოლიციელია. თეონას სურს, რომ
შსს-ში მეტი ქალი მუშაობდეს და ამბობს, რომ მათი უწყების მიდგომაც
სწორედ ასეთია.
„კარგია და აუცილებელი რომ პოლიციაში ბევრი ქალი
იყოს, შეიძლება კაცების რაოდენობას ვერ გაუტოლდეს, თუმცა სასურველია
მეტი ქალი ამ სფეროში რადგან საქმეს სჭირდება. ჩვენი სამინისტროს
მიდგომაც ესეთია, რომ მეტი ქალი პოლიციელი იყოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში დასაქმებული და მეც ვისურვებდი რომ უფრო მეტი ქალი
მენახოს თითოეულ სამმართველოში“
თითოეულ ახალგაზრდას კი იმას ურჩევს, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ
პოლიციელობას გადაწყვეტენ, რადგან ეს არის რთული და საპასუხისმგებლო
პროფესია და ამისთვის უნდა იყონ მზად.
„მე როდესაც პოლიციაში დავიწყე მუშაობა, ჩემს
გადაწყვეტილებაში 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ არ შემეშინდებოდა
და არასდროს ვინანებდი. ამიტომ სხვებსაც ვურჩევ კარგად დაფიქრდნენ,
როდესაც ირჩევენ პოლიციელობას, უნდა იყონ ძლიერები, უნდა ჰქონდეთ
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სხვა დანარჩენი კი წლებთან და
გამოცდილებასთან ერთად მოდის. ვრჩები ამ სფეროში და ვაპირებ ვიმუშაო
ნებისმიერ ასაკში, სადამდეც შესაძლებელი იქნება“
თეონა ივანიძის მთავარი მიზანი და სურვილი მხოლოდ ეს არის:
„ ჩემი მთავარი მიზანი მაინც ხალხთან დამოკიდებულება და
ურთიერთობაა. მინდა დაიმსხვრეს ის სტერეოტიპი, რომ პოლიციელი
საშიშია, ასე ნამდვილად არ არის. მინდა სრულყოფილად შევასრულო
ჩემი სამსახურის მიერ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და არ შევარცხვინო
პოლიციის მუნდირი. შევძლო ზრუნვა და დაცვა საზოგადოების, მოვახერხო
მდგომარეობის პრევენცია, მშვიდობიან საქართველოში საცხოვრებლად.
ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა პოლიციელს და შინაგან საქმეთა
სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მივულოცავ დღევანდელ დღეს,
პროფესიული დღეს და თითოეულ მათგანს მინდა ვუსურვო მშვიდობიანი
მუშაობა“