მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ
ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა.
რაც შეეხება საქართველოს, მწეველთა რაოდენობის მიხედვით ჩვენი
ქვეყანა, ევროპაში მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში, მე-6 ადგილზე.
მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას ეყრდნობა.
საქართველოში კაცების 57% მწეველია, ყოველ წელს კი ორმაგდება მწეველ
ქალთა რიცხვი. სკოლაში ყოველი მეოთხე თამბაქოს მომხმარებელია.
საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი თამბაქოსთან დაკავშირებული
დაავადებების გამო იღუპება. აქედან ორი ათასზე მეტი არამწეველია.
მულტიმედია მასალაში გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს
სიგარეტის მოწევაზე და ცხოვრობენ თამბაქოს გარეშე.
70 წლის რევაზ ქიმაძეს სიგარეტი არასდროს მოუწევია. მიზეზი მამის
რჩევა-დარიგება იყო, რომელიც ეუბნებოდა, რომ თამბაქო მავნებელია
ჯანმრთელობისთვის და რომ ხელს შეუშლიდა აქტიურ ცხოვრებაში. პატარა
ბიჭმა, მშობლის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ცხოვრება თამბაქოს
გარეშე გადაწყვიტა.
„მე-6 კლასში ვიქნებოდით, როცა ჩემმა კლასელებმა
სიგარეტის მოწევა დაიწყეს. მეც შემომთავაზეს, მაგრამ გასინჯვაზეც უარი
ვთქვი და მას შემდეგ არასდროს მომიწევია, არც სურვილი გამჩენია
არასდროს. მამაჩემი 40 წლამდე ეწეოდა და იმის მერე თავი დაანება. მე
კი სულ იმას მიყვებოდა, რომ ძალიან ნანობდა, სიგარეტის მოწევა რომ
დაიწყო. მიამბობდა, რომ მისი მეგობრები ყოველთვის სჯობნიდნენ
სიარულში, მას კი ენერგია აღარ ჰყოფნიდა. კარგად მახსოვს, რომ მითხრა:
„ერთხელ თუ მოწევ, თავს ვეღარ დაანებებო“, ჰო და ამიტომ, არასდროს
მომიწევია“ - ამბობს რეზო ქიმაძე
მამის რჩევას და სკოლიდანვე მიღებულ გადაწყვეტილებას უმადლის იმას,
რომ დღესდღეობით ჯანმრთელი ფილტვები აქვს და ცხოვრობს ჯანსაღად. რეზო
ქიმაძე, რამდენიმე ათეული წელი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის
რეინჯერად მუშაობდა და ყოველდღიურად 20კმ-მდე მანძილის ფეხით გავლა
უწევდა. მისი თქმით, ამას ვერ შეძლებდა, თამბაქოზე დამოკიდებული რომ
ყოფილიყო. სუნთქვა გაუჭირდებოდა და ვეღარ შეასრულებდა დაკისრებულ
მოვალეობას. მისი მაგალითი გადაიღეს მისმა შვილებმაც, ამბობს რომ
სიგარეტს არცერთი მათგანი არ ეწევა და ეს ფაქტი ახარებს. სხვებსაც
ურჩევს, იცხოვრონ თამბაქოს გარეშე.
„არ მინდა „ბლატაობაში“ ჩამეთვალოს, მაგრამ ბევრ 20-25
წლის ახალგაზრდას ვაჯობებ 70 წლის კაცი სიარულში, იმიტომ რომ ფილტვები
მაქვს სუფთა და ჯანმრთელი. მწეველებს კი მოკლე მანძილის გავლაც კი არ
შეუძლიათ, მალე იღლებიან. ცხოვრება თამბაქოს გარეშე - ეს იგივეა
იცხოვრო ჯანსაღად და იცხოვრო აქტიურად. ასე რომ ყველას ვურჩევ, არ
მოწიონ სიგარეტი და იყონ ჯანმრთელები“ - რეზო
ქიმაძე.
ჩვენი მეორე რესპონდენტი დავით ბარდაძეა, რომელიც 16 წლის
განმავლობაში ეწეოდა სიგარეტს. თამბაქოზე დამოკიდებული სკოლის
პერიოდიდანვე გახდა. ცდუნებას ვერ გაუძლო, როცა მისმა თანაკლასელებმა
პირველად მოწიეს სიგარეტი, თავადაც შეუერთდა და ასე გახდა მწეველი.
ყოველდღიურად 1-2 კოლოფს ყიდულობდა და სისტემატიურად ეწეოდა. 3 წლის
წინ, ერთ მშვენიერ დღეს, დათომ გადაწყვიტა, რომ თამბაქოზე უარი უნდა
ეთქვა და ასეც მოიქცა. მას შემდეგ სიგარეტს აღარ გაჰკარებია.
„ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში მივიღე იმიტომ, რომ
საკუთარი შვილებისთვის ცუდი მაგალითი არ მიმეცა. ორი შვილი მყავს და
არ მინდა სიგარეტი მოწიონ, როცა გაიზრდებიან. მე ყოველთვის ამას
ვურჩევ და რას იზამენ, თავიანთი გადასაწყვეტია. ახლავე ვცდილობ,
სპორტით დაკავდნენ, დამყავს სხვადასხვა სახეობაზე და მათთან ერთად მეც
ვკავდები ცხოვრების ჯანსაღი წესით“ - გვიყვება დავით
ბარდაძე.
დათო იმასაც გვიყვება რომ როდესაც აქტიური მწეველი იყო, სუნთქვა
უჭირდა და სიარულის დროს ადვილად იღლებოდა. ყოველდღიურად რამდენიმე
კოლოფის ყიდვაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა მისი
თქმით, თამბაქოზე უარი, არა ფინანსების დაზოგვის მიზნით, არამედ
ჯანსაღი ცხოვრებისთვის თქვა.
„თავიდანაც ძალიან მიჭირდა დათმობა, ეხლაც მომინდება
ხოლმე მოწევა, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ ისევ მწეველი
გავხდე. ამჟამად ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, აღარც სუნთქვა მიჭირს
და აღარც ფეხით სიარული. გადაწყვეტილებას არ ვნანობ და სხვებსაც
ვურჩევ, უარი თქვან თამბაქოზე. სიგარეტი ვნებს ადამიანის
ჯანმრთელობას“ - დავით ბარდაძე.
აღსანიშნავია ის, რომ ყოველწლიურად, 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ დღეს
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ამ დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ ხდება
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ხაზგასმა
და თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის
განხორციელების ადვოკატირება.
თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე უფრო თავიდან
აცილებადი სიკვდილის მიზეზია, თუმცა ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის
სიკვდილობის 10% სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით,
საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9
000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური
მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად იყიდება 10 მილიარდი ღერი (0.5
მილიარდი კოლოფი), რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, გასული წლიდან აიკრძალა
თამბაქოს ღერებით გაყიდვა. კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში
თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.
თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე
გამოწერენ.