ინტერაქტიული მულტიმედია
დაუცველი ბიომრავალფეროვნება
ჰაერი რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი რომელსაც ვსვამთ და საჭმელი რომელსაც მივირთმევთ - ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. ეს იგივე სიცოცხლის მრავალფეროვნებაა დედამიწაზე, რომელიც ჩვენს გამო საფრთხეშია და ესაჭიროება დაცვა.


სახეობათა კონსერვაციისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ,,ნაკრესის'' სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი ლევან თაბუნიძე, ბორჯომში და საქართველოში, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვესაუბრება. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა სწორედ ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩნებისკენაა მიმართული. ლევან თაბუნიძე, გარემოსდაცვით სფეროში წლებია მუშაობს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც საქართველოს ბიომრავალფეროვნება დღესდღეობით დგას.



„დღესდღეობით ქვეყანა კვლავ დგას ისეთ გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ხე-ტყის უკანონო მოპოვება, ბრაკონიერობა. რაც ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა პრობლემები მსგავსია მთლიანად ქვეყნისათვის და ბორჯომში ცალკე აღებული რაიმე კონკრეტული პრობლემა ასეთ სახით არ არის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხე-ტყის მოპოვებით და უკანონო ჭრებით სამცხე-ჯავახეთზე საკამოდ დიდი წილი მოდის“ - ამბობს ლევან თაბუნიძე.

მისი განმარტებით, პრობლემის გამომწვევი მიზეზები ბევრია, თუმცა მთავარი, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბუმია, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და ის წარმოადგენდა ერთ-ერთ უმნიშვენლოვანეს შემოსავლის წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სოციალური ფაქტორი დიდი როლს თამაშობს. აქვე საუბრობს, გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალ დონეზე. თაბუნიძის თქმით, განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში და გამოსავალს, ბრძოლის ეფექტურ მექანიზმში ხედავს, რაშიც სახელმწიფო და ხალხი თანაბრად უნდა იყოს ჩართული. ლევან თაბუნიძე, საკანონმდებლო ხარვეზებზე და კანონის არაეფექტურ აღსრულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს საკითხი გადახედვას საჭიროებს.



„რა თქმა უნდა, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ვაცნობიერებდეთ თუ რა მოხდება ამათუიმ ცხოველის მონადირებით, ხე-ტყის უკანონო ჭრით და ა.შ. მაშინ მაშტაბები შემცირდება. ასევე საკამოდ სერიოზული საკითხია ჩვენი კანონმდებლობა - ზოგიერთ შემთხვევებში, საჭიროა კანონმდებლობის უფრო გამკაცრება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმთვარესი საკითხის აღსრულება. კანონი რაც არ უნდა მკაცრი იყოს, თუ მისი სათანადო აღსრულება არ მოხდა შედეგი არ დადგება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი დანაშაული საზოგადოების მხრიდან და არამარტო ხელისუფლების მხრიდან აღქმული იყოს როგორც მნიშვნელოვან საკითხად. სამწუხაროდ გვაქვს ისეთი ფაქტები, როდესაც გარემოსდაცვითი დანაშაული არ აღიქმება მძიმედ. აქ ისევ გარემოსდაცვით ცნობიერებასთან და განათლებასთან მივდივართ“ - აცხადებს ლევან თაბუნიძე.

ბიომრავალფეროვნების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციასაც არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს წითელი ნუსხის სახეობების კვლევა-მონიტორინგს, დაცული ტერიტორიებისათვის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, საძოვრების მენეჯმენტის გეგმების შემუშავებას, დაცული ტერიტორიების თანამშრომლების უნარების გაძლიერებას ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგში სხვადასხვა ტრენინგების მეშვეობით, ამბობს ჩვენთან საუბრისას ,ნაკრესის'' სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი.



„მაგალითად აღსანიშნავია ბოლო ფაქტი, რომელიც მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყო - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. მიმდინარეობს კავკასიურ ჯიხვზე ტელემეტრიით დაკვირვება. ასევე მიმდინარეობს პროექტი დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერების და პატრულირების ეფექტურობის გაზრდისათვის ე.წ. SMART -ის დანერგვას, რაც გულისხმობს რეინჯერების აღჭურვას სპეციალური „სმართ ფონებით“, სადაც ჩატვირთულია სპეციალური აპლიკაცია, რისი მეშვეობითაც მოხდება პატრულირება და ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირება, რაც ხდება ონლაინ რეჟიმში და შესაბამისად ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება მოხდება დროულად და ეფექტურად. ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტის პილოტირება ხდება ორ დაცულ ტერიტორიაზე. მინდა მადლობა გადავუხადო იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთი ტიპის პროექტებს და წვლილი შეაქვთ ბიომრავალფეროვნების დაცვაში“ - ამბობს ლევან თაბუნიძე.

საინტერესოა, რას აკეთებს სახელმწიფო უწყება ბიომრავალფეროვნების დასაცავად. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აცხადებენ, რომ გარემოსდაცვითი ცნობიერება მოსახლეობაში წლიდან წლამდე იზრდება და გასულ წლებთან შედარებით მოიმატა ინტერესმაც და ცნობიერების დონემაც. ცენტრის დირექტორის თამარ ალადაშვილის თქმით, ხშირად მართავენ საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს, დებატებს როგორც ახალგაზრდებთან, ასევე ზრდასრული ასაკის ადამიანებთან და გამოსავალს, სწორედ ასეთი ღონისძიებების ხშირად და მუდმივად ჩატარებაში ხედავენ.




„განათლება და სწორად ინფორმირებული საზოგადოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ სწორად მოხდეს გარემოსდაცვითი პრინციპების, მდგრადი განვითარების პრინციპების და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების განხორციელება. იგივე ხე-ტყესთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ხშირად ეწყობა შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა თემაზე. მაგ: ტყის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი უფლებები და სხვა. ხშირად ასეთი ტიპის შეხვედრები არის კითხვა-პასუხის რეჟიმში იმისათვის, რომ მივაწოდოთ ის მაქსიმალური ინფორმაცია, რაც მათთვის არის საინტერესო. ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებზე ვაწვდით ინფორმაციას, რომ სამომავლოდ თავი ავარიდოს ხალხმა სანქციებს და ჯარიმებს“ - აცხადებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.


გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ახორციელებენ 24 საათიან პატრულირებას, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით. მათი თქმით, სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 153, რომელზეც შემოდის შეტყობინებები. ზარი უფასოა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს, დატოვოს შეტყობინება. შემოსულ ინფორმაციაზე დეპარტამენტის მიერ კი დაუყოვნებლივ ტარდება რეაგირება.

„რაც შეეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს, დეპარტამენტი კონტროლს ახორციელებს არა მხოლოდ ტყის ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების გამოსავლენად, არამედ აკონტროლებს ხე-ტყის ტრანსპორტირებას და გადამუშავებას. შესაბამისად, დეპარტამენტი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების და ადამიანური რესურსის ფარგლებში ახორციელებს ყველა ქმედებას. კერძოდ: აღკვეთს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ავლენს სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებს, განსაზღვრავს ბუნებრივი რესურსის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს რაც სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის არის მნიშვნელოვანი“ - აცხადებენ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში.



რაც შეეხება საკანონმდებლო რეგულაციებს, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2018 წელს უკვე გამკაცრდა მოთხოვნები ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებაზე და გადამუშავებაზე, თუმცა მათი გადახედვის აუცილებლობას არ გამორიცხავენ. აქვე იმასაც ამბობენ, რომ 2019 წლიდან დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა გაიზარდა. მაკონტროლებელი ორგანოს შესაძლებლობათა გაძლიერება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უკანოანო ბუნებათსარგებლობის ფაქტების ოდენობა მაღალია - არის უნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

„საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი მოთხოვნის დაწესება ან არსებული რეგულაციის გამკაცრება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებით ვერ მოხერხდება უკანონო ბუნებათსარგებლობის ფაქტების აღკვეთა. პრობლემა კომპლექსურია და საჭიროებს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების ანალიზს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ღონისძიებებს. ქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს 400 მდე საშტატო ერთეულით გაიზარდა დეპარტამენტის არსებული რიცხოვნობა, რაც უკავშირდება საქართველოს ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - ტყის საფარის გაძლიერებულად დაცვისა და კონტროლის ფუნქციების უკეთ შესრულებას. ამავდროულად დაგეგმილია დეპარტამენტის გაძლიერება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით და ტექნოლოგიებით, რაც გააუმჯობესებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს“ - ამბობენ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში.




აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება ბიომრავალფერონების დაცვის კუთხით, ქვეყანა 1994 წლიდან შეუერთდა ,,კონვენციას ბიომრავალფეროვნების შესახებ’’ და ასევე ქვეყანას შემუშავებული აქვს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.



აღნიშნულ კონვენციასთან შეერთება ნიშნავს რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება. აღნიშნული სტრატეგიის გრძელვადიანი მიზანი და ხედვა ჩამოყალიბელულია ასეთი სახით ‘’2050 წლისთვის ბიომრავალფეროვნება სათანადოდ დაფასებულია, აღდგენილია და გამოიყენება მხოლოდ მდგრადი ფორმებით, ისე, რომ შენარჩუნებულია ეკოსისტემური სერვისები, უზრუნველყოფილია პლანეტის სიჯანსაღე და თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარგებელი“.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.