ინტერაქტიული მულტიმედია
სეზონური შემოსავალი
67 წლის ჟუჟუნა ნოზაძემ, ჰამაკების ქსოვა, 20 წლის წინ მაშინ დაიწყო, როდესაც სამსახურები აღარ იშოვებოდა და დაუსაქმებელი დარჩა. მანამდე ფაბრიკაში მუშაობდა და მისი დახურვის შემდეგ მიხვდა, რომ საკუთარ შემოსავალზე ზრუნვა უნდა გაეგრძელებინა. ქსოვა ნათესავმა ასწავლა და ახლა იხსენებს, რომ იმ ახლობელმა იმის შემდეგ, სამსახური მოძებნა, თავად კი ხელში ძაფები და ჰამაკის ტარები შერჩა. შვილები დაოჯახებულები ჰყავს, ამიტომ ხაშურში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კი ჰამაკების ქსოვაც და გაყიდვაც მარტო უწევს. 




თავიდან ქსოვა გაუჭირდა, პირველი ჰამაკი, რომელზეც იმუშავა, სამჯერ დაშალა და ააწყო. წლებთან ერთად ხელიც გაიწაფა და ახლა დღეში მინიმუმ 10 ჰამაკს ქსოვს. ზაფხულის აქტიური სეზონის დაწყებამდე, საქმე წინ წაიგდო და ჰამაკები წინასწარ მოქსოვა. ყოველ დილით, 6-7 საათზე გამოდის სახლის ეზოსთან და უერთდება ჰამაკების იმ გამყიდველთა „არმიას“, რომელიც მყიდველების მოლოდინში, საათობით გასცქერის გზას. 



ჰამაკები ხაშურში დაახლოებით 30 წელია იყიდება, საშუალო ფასი 15-დან 40 ლარამდე მერყეობს. ეს არის ოჯახური ბიზნესი და მიუხედავად იმისა, რომ ხაშური ჰამაკების ქალაქია, აქედან მიღებული შემოსავალი სეზონზეა დამოკიდებული. 




ქვეყანაში მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს იმას, რომ შემცირდა ჰამაკების მყიდველთა რაოდენობა. ამბობს, რომ მოთხოვნა გასულ წლებში უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლა. მისი თქმით, სეზონური შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ეს საქმე საკუთარი თავის შენახვასაც ძლივს ახერხებს.

„მილიონები არასდროს გვქონია აქედან, მაგრამ ადრე იმდენი იყიდებოდა, რომ თავის თავს მაინც ინახავდა. ძაფს და საჭირო ნივთებს რომ იყიდი ნისიად, ის ხო უნდა გადაიხადო, მეორედ ხომ ვეღარ მიხვალ საყიდლად? მართალია, კარგი ხალხია და გვაცდიან ხოლმე, მაგრამ ის ფული ოდესღაც ხო მაინც შენ უნდა გადაიხადო? ბევრი არაფერი სახარბიელო არ არის ამ საქმეში, მაგრამ მადლობა უფალს, რომ პურის ფული მაინც გვაქვს და ჩვენი საარსებო წყაროა“ - ამბობს ჟუჟუნა ნოზაძე.



ძაფებს, ჰამაკის ტარებს და სხვა საჭირო ნივთებს ხაშურშივე ყიდულობს და ქსოვას გულმოდგინედ იწყებს. ამბობს, რომ დასრულებული ნამუშევარი ჯერ თავად უნდა მოეწონოს რომ დაკიდებს და შემდეგ სხვას. გვიხსნის ჰამაკის პარამეტრებსაც, რომ აუცილებლად სიგრძე-სიგანეში ზომიერი უნდა იყოს, ამასთანავე ლამაზიც და ხარისხიანიც, რომ მომხმარებელსაც თვალში მოუვიდეს და ყიდვის სურვილი გაუჩნდეს. იხსენებს იმასაც, თუ როგორ იწვალა ერთ ჰამაკზე, რომელსაც მთელი ღამე ქსოვდა.

„ზამთარში, სახლში ღამე ვქსოვდი ჰამაკს. უცხო სტილი იყო, ერთი დავინახე სხვაგან და მინდოდა მასეთი მომექსოვა. დავიწყე ქსოვა საღამოს 8 საათიდან და ღამის 3 საათი იყო რომ მოვრჩი. დავშალე-მოვქსოვე, დავშალე-მოვქსოვე და იქამდე ვიწვალე, სანამ ხარისხიანი არ გამოვიდა და გავაკეთე კიდეც. იმ ჰამაკის დაკიდვაც ვერ მოვასწარი ნორმალურად, ისე მოვიდა კლიენტი და იყიდა“ - იხსენებს ჟუჟუნა ნოზაძე.

თუმცა როგორც იმ ჰამაკს გაუმართლა, ისე არ გაუმართლა დანარჩენებსაც. მიუხედავად დიდი მონდომებისა, ასე გულმოდგინედ მოქსოვილი 50-მდე ჰამაკი აქვს გასაყიდად დასაწყობებული.





მისი თქმით, დაინტერესება ამჟამად უცხოელი ტურისტების მხრიდან უფრო არის. მყიდველთა რაოდენობა შედარებით იმატებს მაშინ, როცა აქტიური სეზონი იწყება და ქალაქში თავს უამრავი ადამიანი იყრის. ჰყიდის ჰამაკებსაც და სხვა ნივთებსაც, რაც შეიძლება მყიდველს აინტერესებდეს.

„უცხოელებს აინტერესებთ ძალიან, გულს არ გვწყვეტენ ხოლმე. ყიდულობენ ისეთ რამეს, რასაც თვითმფრინავში აიტანენ. მაგ: დასაკეცი პატარა საქანელები და ა.შ“ - ჟუჟუნა ნოზაძე.



გარდა ზაფხულისა, ცდილობენ შემოსავალი სხვა სეზონზეც მიიღონ და ქუჩებში ჰამაკები უფრო ადრე გამოაქვთ. 67 წლის ჟუჟუნა ნოზაძე სახლის ეზოსთან, თებერვლიდან გამოვიდა და ოქტომბრამდე გააგრძელებს ჰამაკების გაყიდვას. გაუფასურებულ შრომას აგრძელებს იქამდე, სადამდეც შეეძლება ჰამაკების მოქსოვა და გაყიდვა.

„სადამდეც შემეძლება, ჯანი და ენერგია მექნება და იქნება მყიდველი, მეც მოვქსოვ და გავყიდი, სხვა რა გზაა. როცა აღარ შემეძლება, თავისთავად სახლში დავჯდები“.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.