არჩილ სამხარაძე დაბა წაღვერის პარკში მოაჯირებს ნაცრისფრად ღებავს.
სამზადისი საკურორტო სეზონს უკავშირდება. დამსვენებლებს განახლებული
ინფრასტრუქტურით უნდა შეხვდნენ.
სამუშაოებს ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის დაკვეთით ასრულებს.
მასთან ერთად აქ კიდევ სამი ადამიანი მუშაობს.
„სეზონისთვის ვემზადებით. ვღებავთ ბოძებს, მოაჯირებს,
სკამებს. საპირფარეშოს აღვადენთ და სკამებს დავამატებთ. ასევე
განათება გვინდა გავაკეთოთ ე.წ. „ბუყბუყას“ წყაროზე. ვაპირებთ, რომ
სეზონისთვის მოვასწროთ“.
წაღვერის პარკი ზაფხულში ჩამოსული დამსვენებლებისთვის თავშეყრის
ძირითადი ადგილია. დამსვენებლები აქ სუფთა ჰაერისთვის და
მჟავე
წყლების დასალევად მიდიან. სწორედ
დამსვენებლების სიმრავლეზეა დამოკიდებული წაღვრელების ფინანსური
მდგომარეობა. ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყარო ბინების
გაქირავებიდან მიღებული შემოსავალია. უმრავლესობამ ბანკიდან სესხი
აიღო და ბინები დამსვენებლების მოთხოვნებს მოარგო.ისინი წლიდან წლამდე
სეზონის დადგომას ელოდებიან.
სეზონი ძალიან დაგვიმოკლდა. ადრე თუ ივნისიდან იწყებოდა, ახალა 15
ივლისიდან იწყება და მარიამობისთვის მიდიან. ხალხს არ აქვს
საშუალება-გვიყვება ადგილობრივი მანანა მურჯიკნელი, რომელიც ასევე
ბინას აქირავებს.
„ეს არის ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო. სეზონიდან
სეზონამდე ველოდებით ტურისტებს. ზამთარში ბაკურიანში მივდივარ
სამუშაოდ, რომ ორი კაპიკი შევიტანო ოჯახში“.
ბაკურიანში მუშაობს 69 წლის ნუნუ კოპაძეც. წაღვერში სახლს არ
აქირავებს, არც მუშაობს, ამიტომ დასაქმება მეზობელ ზამთრის კურორტზე
გადაწყვიტა. ამბობს, რომ წაღვერს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.
„წაღვერში ჩამოსული დამსვენებლები უფრო მეტ გასართობ ადგილებს
ითხოვენ, თუნდაც კაფეებს რაც ჩვენ არ გვაქვს. ასევე საჭიროა რეკლამა,
რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“.
ჩამოსულ ტურისტებს კი მთავარ პრობლემას სასმელი წყალი უქმნის. ყოველი
წვიმის დროს ონკანებში ამღვრეული, დასალევად უვარგისი წყალი მოდის.
სუფთა წყლის მოტანა მოშორებით წყაროდან უწევთ.
„რომ იწვიმებს და აიმღვრევა შავი ტალახი მოდის. დამსვენებლები
წყაროზე და ჭაზე დადიან მოსატანად. ჩემს სამზარეულოში პლასტმასის
ბოთლებია ხოლმე ჩამწკრივებული. რა ქნან ტალახს ხომ არ დაალევინებენ
ბავშვებს“- მანანა მურჯიკნელი.
წაღვერში თავშეყრის კიდევ ერთი ადგილი ცენტრში განთავსებული სკვერია.
აქ ძირითადად ბავშვები და მოხუცები იკრიბებიან. ახალგაზრდები
ტრენაჟორებზე ვარჯიშობენ და ე.წ. მინი ატრაქციონზე ერთობიან.
პანსიონერებს კი დრო ნარდის თამაშით გაჰყავთ.
„პენსიონერები ასე ვერთობით, მაგრამ ახალგაზრდები არიან
ცოდოები. იმათ რომ ახლავე ამის თამაში დაიწყონ ოჯახი სარჩენი აქვთ.
ცხოვრება წინ აქვთ, თორემ ჩვენ უკვე ხელი გვაქვს ჩაქნეული. ასე
გაგვყავს დრო“-ამბობს მაქსიმე ხეთაგური.
წაღვრელები ამბობენ, რომ დაბაში ინფრასტრუქტურული პრობლემები
ნაწილობრივ მოგვარებულია. ძირითადად შიდა გზებია მოსაწესრიგებელი,
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თორელის ქუჩაზე, რომელიც სოფელ
ტიმოტესუბნისკენ მიდის. ქუჩის ერთი ნაწილი მთლიანად
შესაკეთებელია.
„გვპირდებიან გაგიკეთებთო და ვნახოთ. იმდი გვაქვს. წვიმის
დროს გუბეები დგება, ვერ გაივლი. სკოლაში ვერ მიიყვან ბავშვს რომ არ
გაისვარო. სხვას არაფერს ვითხოვთ, გზა გაგვიკეთონ“-ამბობს
ციური მურჯიკნელი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ
წელს წაღვერში მასშტაბური პროექტები განხორციელდება. იგეგმება გზებისა
და კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
„ეს ყველაფერი ზაფხულის საზონს ემთხვევა და ბოდიში მინდა
მოვუხადო ტურისტებს, რომლებიც ჩამოვლენ წაღვერში. შეიძლება შეექმნათ
დისკომფორტი სამუშაოების გამო“.