მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. 9 მაისი ფაშიზმზე
გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ,
ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ
გამოცხადდა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან
ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც
გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან
ერთად, გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი
პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ბორჯომის
მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, სამამულო ომის 10 ვეტერანია დარჩენილი,
აქედან ერთადერთი ქალი 98 წლის თამარ სტაჟაძეა, რომელიც ომის პერიოდს
იხსენებს. იმდროინდელი არცერთი ფოტო არ აქვს შემორჩენილი, თუმცა ეცადა
ყველაფერი დეტალურად გაეხსენებინა.
თამარ სტაჟაძე გვიყვება, რომ 19 წლის იყო როდესაც ქვეყანაში ომი
გამოცხადდა. იმ დროს თბილისში, მე-3 კურსზე სწავლობდა და უნდოდა,
ბორჯომში ოჯახში დაბრუნებულიყო, თუმცა გადაადგილება მარტივი არ
აღმოჩნდა. ორი კვირის განმავლობაში იწვალა, რომ მილიციაში საშვი აეღო,
რისი საშუალებითაც შეძლებდა მატარებლის ბილეთის აღებას. სტუდენტმა
გოგომ მაინც შეძლო მშობლიურ ქალაქში დაბრუნება ოჯახთან, სადაც
დედ-მამა და სამი და-ძმა ელოდა. მალე მამაც გარდაეცვალა, დედა კი
ავადმყოფობდა. გადაწყვიტა, ოჯახის რჩენის და დედმამიშვილების გაზრდის,
მათი განათლების მიღების ტვირთი საკუთარ თავზე აეღო. იხსენებს და
ამბობს, რომ რთული პერიოდი იყო და ეს ყველაფერი ცხოვრებასაც შეეტყო.
ერთ თვეში ყველაფერი შეიცვალა, მაღაზიებიდან გაქრა ყველანაირი
პროდუქტი თუ საქონელი. მუშაობის მაძიებელი გოგო, საავადმყოფოში
დასაქმდა, სადაც დაჭრილი მეომრების აღრიცხვა უნდა ეწარმოებინა. შემდეგ
მოხვდა საინდენდანტო ნაწილში, სადაც არმია უნდა მოემარაგებინათ,
როგორც სასურსათო, ისე საომარი და ყველანაირი რესურსით, რაც
დასჭირდებოდათ. სამხედრო ნაწილი ამ მიზნით ბორჯომში იყო გახსნილი და
მეზობელ მუნიციპალიტეტებს უწევდა დახმარებას.
„დაჭრილები შემოდიოდნენ. ჩვენი ექიმები და ყველა იქ მყოფი
ადამიანები ვეხმარებოდით დაზარალებულებს. მაშინ თურქეთი იყო გერმანიის
მომხრე, ხელშეკრულებით ერთად იყვნენ დაკავშირებული და მოსალოდნელი იყო
რომ თურქეთიც ჩაერთვებოდა საომარ მოქმედებებში. აქედან გამომდინარე,
ყოველ წუთს იყო იმის მოლოდინი, რომ თურქეთი დაგვარტყამდა. სტალინის
გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე იყო განლაგებული
არმია. არავინ იცის, როგორ შეძლო სტალინმა თურქეთის შეჩერება. დღეს
რომ ამბობენ, თურქეთი ჩვენი მეგობარიაო, ამაზე მეფიქრება ხოლმე,
რადგან მე ხომ ვიცი მთელი ისტორია“ - გვიყვება 98 წლის
თამარ სტაჟაძე
სწორედ იმის გამო, რომ თურქეთიდან შეტევის მოლოდინი იყო, წინასწარ
ხდებოდა ახალგაზრდების სამხედრო მომზადება. წვრთნები თამარმა და მისმა
თანატოლმა გოგონებმა გაიარეს. როგორ უნდა გამოეყენებინათ საბრძოლო
იარაღი, როგორ დაემყარებინათ სატელეფონო კავშირი, ფრონტზე მოხვედრის
შემთხვევაში და ა.შ. წვევამდელების მსგავსად, ყველა იმ საჭირო
უნარ-ჩვევებს ასწავლიდნენ, რაც საომარი მოქმედებების დროს
დასჭირდებოდათ.
„თოფის სროლაც ვიცოდი, ნაგანის და ზარბაზნისაც. ფიზიკურად
ცოტა რთული იყო ზოგიერთის ხელში დაჭერა, მაგრამ ინტერესი მქონდა
სწავლის და ყველაფერი ასე ვისწავლე. სადაც მოგვიწევდა, იქ უნდა
წავსულიყავით, ისეთი მზადყოფნა იყო. ახლა რომ თავს არიდებენ
ახალგაზრდები, ასე კი არ იყო. ისეთი ახალგაზრდები მიდიოდნენ, სულ
პატარა გოგო-ბიჭები“ - თამარ სტაჟაძე
ამბობს, რომ იმ დროს მისი სოცოცხლე ყოველ წუთს საფრთხის ქვეშ იყო.
ერთი პატარა, სუსტი გოგო იყო და შეიძლებოდა ნებისმიერ დროს რამე
მოსვლოდა, თუმცა თავს არაფერს არიდებდა და ბოლომდე ძლიერად იდგა
მეომრებთან ერთად. ყველაზე დიდი გულისტკივილით და ცრემლიანი თვალებით
იხსენებს იმ ნაამბობს, რასაც მისი თანამებრძოლები უყვებოდნენ.
„გერმანელები არაადამიანურად ეპყრობოდნენ ქართველ დაჭრილ
მეომრებს, თუ ხელში ჩაიგდებდნენ. იმდენად საშინელი ამბები იყო, რომ
ამის გახსენება და გამეორება არ შემიძლია. 1941-1942 წლები იყო,
როდესაც კავკასიონს მოადგა მტერი და მოსალოდნელი იყო შეტევა. მაშინ
ჩაირხჩვნენ აზოვის ზღვაში ჩვენი ქართველები, იმათმა არ მისცეს
შემოსვლის საშუალება. მაშინ დაიბომბა სოხუმი, მაშინ ჩამოვარდა ბომბი
ხაშურში. ისეთი რთული პერიოდი იყო, რომ ნებისმიერი იქ მყოფის სიცოცხლე
საფრთხის ქვეშ იყო“
სულით მებრძოლმა გოგომ ცხოვრებაც ასე გააგრძელა. საკუთარი ოჯახი არ
შეუქმნია და და-ძმის აღზრდას მიუძღვნა თავი. ამჟამად არცერთი დარჩა
ცოცხალი და ცდილობს მათ გარეშე, მარტოობა ასე გადაიტანოს. ორ
წელიწადში, ცხოვრების ერთი საუკუნე შეუსრულდება, თუმცა როგორც თავად
ამბობს, არ იცის რამდენი ხანი აქვს დარჩენილი სიცოცხლისთვის.
სამამულო ომის ვეტერანის შემოსავლის წყარო პენსიაა. ამბობს, რომ
ადგილობრივი თვითმმართველობა წლის განმავლობაში პროდუქტით და ფულადი
თანხითაც ეხმარება. სახლში მარტო ცხოვრობს, თუმცა ახლობლები ხანდახან
აკითხავენ მას. მარტოობისას, ხშირად გაჰყურებს ფანჯარას და
განვლილ წლებს უფიქრდება.
როგორც თავად ამბობს, საქართველოსთვის ომის დრო ყველაზე რთული პერიოდი
იყო, თუმცა იმ დროს ხალხი ერთიანი და მებრძოლი იყო. გული
სწყდება იმაზე, რომ ამ სულისკვეთებას ახლა ვეღარ ხედავს. სურს, რომ
ქვეყანაში ხალხი კვლავ ერთიანი იყოს და ახალგაზრდები არ შეუშინდნენ
სამხედრო სამსახურში წასვლას, გმირებად და ქვეყნის დამცველებად
ყოფნას.