ინტერაქტიული მულტიმედია
ბორჯომის სახალხო თეატრის მესამე თაობა
ბორჯომში თეატრალური ცხოვრება 1908 წლიდან დაიწყო. თეატრი, რომლის ისტორიასაც ახლა მოგიყვებით, 1956 წლამდე სახელმწიფო თეატრის სტატუსს ატარებდა , შემდეგ კი სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა. იმ პერიოდში „ოქროს ხანას“, უკავშირებენ გოგი ხმალაძეს, რომლის სახელსაც დღემდე ატარებს სახალხო თეატრი.



თეატრის არსებობის ისტორიაში, გაჩნდა მსახიობების მესამე და ახალი თაობა, რომელიც უკვე 6 წელია სცენაზე, მაყურებლის წინაშე დგას. ამ ხნის განმავლობაში გასცდნენ ბორჯომის და ქვეყნის ფარგლებსაც და წარმატებებიც მოიპოვეს. ოთხი წლის წინ, გორში, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი გაიმართა. ბორჯომელმა მსახიობებმა იქ სპექტაკლი „ყვარყვარე“ დადგეს, რამაც ბორჯომის სახალხო თეატრს ლაურეატის წოდება მოუტანა.



წარმატებული სპექტაკლი თურქეთშიც წაიღეს ორი წლის წინ, საერთაშორისო ფესტივალზე. ისინი საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და მათთან ერთად იყვნენ მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის პატარა თეატრებიც.

სამივე თაობის უხუცესი მსახიობი


დასს ჰყავს სამივე თაობის ძირძველი მსახიობი ზანგურ ანდღულაძე, რომელიც 64 წელია სცენაზე დგას და ამ ხნის განმავლობაში 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.



მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც დასს ერქვა თეატრალური კოლექტივი. მისი კოლეგები ასაკით მასზე უფროსები იყვნენ და როლების განაწილების დროსაც, ყველაზე ახალგაზრდა პერსონაჟის როლი მას ხვდებოდა. წლების და ასაკის მატებასთან ერთად, ახლა უფრო მეტად ხანდაზმულ პერსონაჟებს განასახიერებს. მესამე თაობის დასში 83 წლის ზანგურ ანდღულაძე ყველაზე გამოცდილი და უხუცესი მსახიობია. გვიყვება იმასაც, რომ ძველ დროსთან შედარებით, ახლა უფრო კარგი პირობები აქვთ და მეტი კომფორტია შექმნილი მსახიობებისთვის.




„მაშინ სცენას ხან ხელით, ხან ფეხით ვატრიალებდით, ეხლა ყველაფერი ელექტრო სისტემაზეა დამოკიდებული და ავტომატურად მოძრაობს. მე პირადად, ხან მთავარ როლებში ვყოფილვარ, ხან ეპიზოდურში. მოხუციც ვყოფილვარ, ახალგაზრდაც, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელიც და ა.შ. ბევრი როლი აღარც მახსოვს, იმდენი წელი გავიდა“ - ამბობს ზანგურ ანდღულაძე

დებიუტანტი მსახიობები

სახალხო თეატრის ახალი მსახიობი კი 18 წლის საბა გელაშვილია, რომელიც დასს სამი თვის წინ შეუერთდა. მსახიობობა ყოველთვის მოსწონდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, დედას დაჰყავდა სპექტაკლებზე. დროთა განმავლობაში კი მიხვდა, რომ ეს სფერო ხიბლავდა და გადაწყვიტა, დარბაზიდან სცენაზე გადაენაცვლა და მაყურებლის წინაშე გამოჩენილიყო. თავდაპირველად, თბილისში, ათონელის თეატრში იყო 6 თვე, თუმცა როგორც თავად ამბობს, იმდენად პატარა იყო, რომ იქ ვერაფერი ისწავლა. შემდეგ, ბორჯომში დაბრუნდა და სახალხო თეატრში მოსინჯა ბედი. ახლა რეპეტიციებს გადის და დებიუტისთვის ემზადება. ახალბედა მსახიობი უკვე დატვირთულია, ის სპექტაკლში 2 სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებს. პრემიერისთვის ნერვიულობს, თუმცა იმედოვნებს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.




„ორი როლი მაქვს. მომიწევს ერთ სპექტაკლში ვიყო ახალგაზრდა სპორტსმენი ბიჭიც და გეიც. ეს უკანასკნელი უფრო მომწონს, რადგან უცხოა და ახალია ჩემთვის, რაც დიდ ინტერესს იწვევს“ - ამბობს საბა გელაშვილი

დებიუტისთვის ემზადება და ნერვიულობს ნიკა პეტროსიანიც, რომელიც ამ პრემიერისთვის მოიწვიეს. თეატრს, არსებობის ისტორიაში, პირველად ეყოლება სპექტაკლში 11 წლის პატარა მსახიობი, რომელიც დასს, თეატრალური სტუდიიდან შეუერთდა. პატარა ხულიგანი ბავშვის პერსონაჟს განასახიერებს და მისი ასაკიდან გამომდინარე, როლის მორგება არ გაუჭირდა.



„თეატრალურ სტუდიაში ჩემს თანატოლებთან ერთად მიწევდა როლების მორგება, ახლა დიდების თეატრში ვარ და პასუხისმგებლობაც მეტია. ცოტა ვნერვიულობ, რადგან მინდა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ხალხმა გამიცნოს. ამ პროფესიამ 6 წლიდან გამიტაცა და უკვე ერთი წელია თეატრალურ სტუდიაში ვსწავლობ, სამომავლოდ მინდა გავხდე პროფესიონალი მსახიობი“ - გვიყვება თეატრის ყველაზე პატარა მსახიობი ნიკა პეტროსიანი.

მესამე თაობის მსახიობები

სახალხო თეატრში სულ 6 მსახიობია, აქედან ოთხი მათგანი „მესამე თაობელია“. ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა სცენაზე ფეხი თითქმის ერთდროულად დადგეს და სცენის მტვერიც ერთად ჩაისუნთქეს.






21 წლის იოსებ გელაშვილი, ოთხი წელია სახალხო თეატრის მსახიობია. კარიერის დასაწყისშივე, შეძლო წარმატების მიღწევა. გორში გამართულ საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალში, დააჯილდოეს მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. პირველივე წუთებიდან მიხვდა, რომ თეატრი მისი ოჯახი იყო, რომელიც თავისუფლებას ანიჭებდა. სიყვარულით იხსენებს იმ როლს, რომელიც სხვა პერსონაჟებისგან განსაკუთრებულობის გამო გამოარჩია.



„ჩემი საყვარელი როლი არის ჯაყოს ხიზნებიდან, თეიმურაზ ერისთავის პერსონაჟი, რადგან ყველაზე მეტი ენერგია ამ როლს დავახარჯე. თეიმურაზ ერისთავში დავინახე ის, რაც სხვა პერსონაჟებში, არ შემიმჩნევია. იმდენად მომთმენი და მიმტევებელია, რომ მისი მსგავსი არავინ დაბადებულა. მეც ვარ მშვიდი, არ მიყვარს კონფლიქტი, ხმაური, თუმცა იმდენად მიმტევებელი ვერასოდეს ვიქნები, როგორიც ის იყო. „წიგნის ჭიასაც“ ეძახდნენ მას. იმისათვის, რომ როლი ბოლომდე გამეთავისებინა, ვცადე მიმებაძა და მეც ბევრი წიგნი გადმოვყარე, ვერ გეტყვით რომ ყველა წავიკითხე, მაგრამ ამ წიგნების სიძველის სუნის შეგრძნება დამეხმარა როლში ადვილად შესვლაში. შრომა დამიფასდა და მაყურებელს მოეწონა ჩემი შესრულება, რისთვის უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი“ - გვიზიარებს ემოციებს იოსებ გელაშვილი.

აქამდე შესრულებული ყველა როლი თავისებურად უყვარს, თუმცა არსებობს ერთი როლი, რომელზეც ოცნებობს.

„ოტელოს ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით. ფსიქოპატური აზროვნება არ მაქვს, რომ შევძლო ამ როლის მორგება. საერთო ჯამშიც, არანაირი სახასიათო კავშირი არ მაქვს ამ პერსონაჟთან და ვფიქრობ რომ რთულია ამ როლში ყოფნა, თუმცა ამას მივიღებ გამოწვევად და იმედი მაქვს ავიხდენ ამ ოცნებას. აქვე ვიტყვი იმას, რომ თეატრი ჩემი თავისუფლებაა, შინაგანი სამყარო, მეორე ოჯახი, რომელიც მზრდის. თეატრი ჩემია და ყოველთვის ასე იქნება“ - ამბობს იოსებ გელაშვილი



სანამ იოსები ოტელოს როლზე ოცნებობს, ბაქარ ლომიძე უკვე საოცნებო როლს ირგებს. 26 წლის მსახიობი, ბად ბაქსტერის პერსონაჟს განასახიერებს. სპექტაკლს „ბინა“ ჰქვია და პრემიერა ზაფხულშია დაგეგმილი. ბაქარი აპირებს, რომ მხიარული პერსონაჟის როლი კარგად მოირგოს და აქაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადოს.

„მიხარია რომ ჩემ საოცნებო როლს მოვირგებ. ეს როლიც და ზოგადად თეატრის მსახიობობა დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის, თეატრი არის დიდი მხიარული სკივრი, რომელსაც გახსნი და ბევრ საინტერესო რამეს შეიძენ. სცენაზე მუშაობა მხიარულ შრომას ნიშნავს, რომელიც არ გღლის და სიამოვნებას განიჭებს“ - ამბობს ბაქარ ლომიძე, რომელიც უკვე 5 წელია თეატრის მსახიობია



26 წლის თამარ გელაშვილმა სახალხო თეატრში მუშაობა 6 წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე დიდხანს იფიქრა. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა ყოველთვის უნდოდა, თუმცა კომპლექსიანი ბავშვი იყო და ეს ფაქტორი მუდმივად ხელს უშლიდა. მიუხდავად ამისა, ერთ დღეს გადაწყვიტა კომპლექსები დაეძლია და ფეხი სცენაზე შეედგა, რისკს არ ნანობს და თვლის, რომ დღესდღეობით თავისუფალია, თუმცა ნერვიულობა დღემდე ვერ დაძლია. ბევრი როლი აქვს ნათამაშები, თუმცა სურვილი აქვს შექსპირის რომელიმე პიესის მსახიობი იყოს. საკუთარი სტილიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ჯულიეტას როლში ყოფნას, ურჩევნია ლედი მაკბედის პერსონაჟი მოირგოს.



„ხშირად გვისვამენ კითხვას, რომ რაღატომ ნერვიულობ, მერამდენედ გამოდიხარ სცენაზე, მერამდენე სპექტაკლში თამაშობ? მაგრამ რამდენ სპექტაკლშიც არ უნდა ითამაშო, ყველა ახალია, ყველა სპექტაკლს თან ახლავს ნერვიულობები, ემოციური დატვირთვა და მერამდენედაც არ უნდა გამოხვიდე სცენაზე, მაინც ინერვიულებ. თუმცა, სცენაზე რომ გამოვდივარ, ნერვიულობა თავისთავად ქრება და ყველაფერი მავიწყდება“ - გვიზიარებს ემოციებს თამარ გელაშვილი

მარიამ ლომიძე 16 წლიდან დგას სცენაზე. ისიც უკვე 6 წელია, მაყურებლის წინაშე სხვადასხვა როლში ჩნდება. ძირითადად მთავარ პერსონაჟებს განასახიერებს. ამბობს, რომ მისთვის ყველა როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ მათგანში დიდი შრომა აქვს ჩადებული.

„რა თქმა უნდა, მაქვს გამორჩეული როლებიც. მადამ კუზნეცოვას პერსონაჟი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო სპექტაკლზე „12 სკამი“. ჯაყოს ხიზნებში, მარგოს როლი, პასიკო - სოფლის აშიკში და ა.შ. მსახიობი ცოტა ამბიციურია და ისეთი როლებიც უნდა, რომელიც შეიძლება ბუნებით მას არ ეკუთვნის“ - ამბობს მარიამ ლომიძე




ერთი მსახიობი, ერთდროულად რამდენიმე როლში

მსახიობებს რომ თითო სპექტაკლზე, 2-3 როლის ერთდროულად მორგება უწევთ, ეს უკვე ჩვეულებად იქცა, გამომდინარე იქიდან, რომ თეატრს 6 მსახიობი ჰყავს და იმისათვის, რომ მსახიობმა მხოლოდ ერთი როლი მოირგოს, ამისთვის 15-მდე მსახიობი მაინც არის საჭირო. ამ რესურსით, წელიწადში 2 სპექტაკლს და საახალწლო წარმოდგენებს დგამენ. თითოეულ სპექტაკლს 3 თვე სჭირდება. თავდაპირველად მიმდინარეობს ე.წ. „სამაგიდო“ რეპეტიციები.



შემდეგ მსახიობები, სცენაზე ინაცვლებენ და „თეჯირებში“ მუშაობენ. დეკორაციების და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, რეპეტიციები უკვე ცოცხალ პლანში გრძელდება. პრემიერის დღეს კი მსახიობები, მაყურებლის წინაშე, ერთდროულად რამდენიმე როლში ჩნდებიან. პერსონაჟების შეცვლასთან ერთად, სწრაფად უწევთ კოსტიუმების შეცვლაც.

„ყოფილა რომ სამი როლიც უთამაშია ერთ მსახიობს. არ გვაქვს ფუფუნება, მცირერიცხოვანი დასი ვართ. რეჟისორისთვის უკეთესია იყოს მეტი არჩევანი, უფრო მეტ სპექტაკლს შევთავაზებთ მაყურებელს. გამოწვევაა მსახიობისთვის ერთ სპექტაკლზე რამდენიმე პერსონაჟის როლო მოირგოს, რადგან აქ უკვე გემოვნების და ხარისხის საკითხი შემოდის. ხარისხი მაყურებელმა უნდა შეაფასოს, ბორჯომში კი გვყავს მცირე, მაგრამ თბილი პუბლიკა. ეს ის პუბლიკაა, რომელსაც უნდა, ესმის, ქომაგობს და უყვარს თეატრი. მე ვთვლი, რომ საბანი სადამდეც გაგწვდება, ისე უნდა მოირგო“ - აცხადებს სახალხო თეატრის რეჟისორი ზაზა კიკნაველიძე




მაყურებლების ნაკლებობა

მაყურებლის ნაკლებობაზე საუბრობს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორიც. ნუნუ ხოლუაშვილი ცენტრს, სადაც თეატრია განთავსებული, უკვე 6 წელია ხელმძღვანელობს. როგორც თავად ამბობს, თეატრს ფინანსური პრობლემა არ აქვს, თითოეული სპექტაკლი ფინანსდება იმდენით, რამდენსაც საჭიროებს, ამაში იგულისხმება პრემიერების წინასწარ რეკლამირება და საინფორმაციო ტიპის მასალების დაბეჭდვა-განთავსებაც. თუმცა იმ ფაქტს, რომ დარბაზში მაინც მაყურებლების სიმცირეა, ამას ვერსად გაურბიან და მიზეზების ახსნა თავადაც უჭირთ.



„ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსულ თეატრზე თუ კონცერტზე, ადვილად მოდიან მაყურებლები. ადგილობრივების მიერ დადგმულ სპექტაკლზე კი ნაკლებად ჩანან. გულდასაწყვეტია, რადგან ასე ვწვალობთ, ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვილია, ბილეთებს ვარიგებთ, სარეკლამო ბანერებს ვათავსებთ და ყველა საშუალებას მივმართავთ მაყურებლების მოსაზიდად“ - აცხადებს ცენტრის დირექტორი ნუნუ ხოლუაშვილი




ნუნუ ხოლუაშვილის თქმით, მსახიობების ანაზღაურების საკითხიც მოგვარებულია და პირობებიც მოწესრიგებულია. მისი განმარტებით, კოსტიუმები წინასწარ იკერება თითოეული სპექტაკლისთვის და ხდება ყველა საჭირო ატრიბუტის შეძენა.




თანამშრომლები სცენის მიღმა

თითოეული სპექტაკლისთვის დეკორაციები ადგილზე, სამხატვრო სტუდიაში მზადდება. პეტრე დიასამიძეა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სცენის მიღმაა დარჩენილი, თუმცა სპექტაკლისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს უკვე 32 წელია ერთგულად აკეთებს. მხატვარ-დეკორატორი ჯერ ესკიზს ამზადებს, შემდეგ კი დეკორაციებზე იწყებს მუშაობას. საშუალოდ, ერთ დეკორაციას, ერთ თვეზე მეტს არ ანდომებს.

„ზოგი რთულია, ზოგი მარტივი. „ვენეციელი ვაჭარის“ დეკორაცია იყო რთული და დიდი დრო დავუთმე. კეთების დროს, ბუნებრივია შეიძლება რაღაც დეტალი არ მოგეწონოს და შეცვალო, ან დაშალო და ხელახლა დაიწყო აწყობა. თუ გესმის საქმე - სახალისოა. ყველაზე კარგი გრძნობაა, როცა დაამთავრებ, შეხედავ და მოგეწონება“ - გვიყვება ღიმილით სახალხო თეატრის ერთადერთი მხატვარი პეტრე დიასამიძე.

მსახიობმა რომ როლი კარგად შეასრულოს, მხოლოდ კარგად ნასწავლი ტექსტები და ნიჭი არაა საკმარისი, მას პლასტიკა და ქორეოგრაფიული ცოდნაც მოეთხოვება. ამისთვის გოგი ხიდირბეგიშვილი ჰყავთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მათ მოძრაობებს ასწავლის. ისიც სცენის მიღმაა დარჩენილი, თუმცა პრემიერის დღეს, ცდილობს კულისებიდან მიადევნოს თვალი თავის „მოსწავლეებს“. 51 წლის ქორეოგრაფი 1992 წლიდან ცეკვავს, სახალხო თეატრში მსახიობებს კი 7 წელია რაც ცეკვის ელემენტარულ ცოდნას უზიარებს.

„ზოგადად მარტივად ითვისებენ, რადგან დიდები არიან და შედარებით მობილიზებულები არიან. თუმცა, ხანდახან არის ისეთი ცეკვები, რომლის შესწავლასაც მეტ დროს ვანდომებთ. მაგალითად, ასეთი იყო ტანგო, სადაც კონკრეტული სვლები, თვლები, ნაბიჯებია საჭირო და ზოგადად რთული შესასრულებელია“ - ამბობს გოგი ხიდირბეგიშვილი




და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიიწევს ბორჯომის სახალხო თეატრი წარმატებისკენ. წლებთან ერთად აგროვებს უფრო მეტ გამოცდილებას და დღითიდღე ცდილობს მაყურებლის გულის მოგებას. ერთდროულად რამდენიმე როლის მორგებას მსახიობები აღარ ჩივიან, ახლა მხოლოდ იმის იმედს იტოვებენ, რომ მომავალში მათ დარბაზში სპექტაკლზე დასწრების მსურველთა რაოდენობა ნელ-ნელა გაიზრდება და პრემიერის ბოლოს, აპლოდისმენტებსაც მიიღებენ. რეჟისორის სურვილები კი უფრო ამბიციურია. უნდა რომ თეატრი გაიზარდოს და განვითარდეს, გაუმჯობესდეს ხარისხი და რაც მთავარია, ბორჯომი გახდეს თეატრალური საფესტივალო ქალაქი. ეს რომ შორეული პერსპექტივა და ოცნებაა, ამას ზაზა კიკნაველიძეც კარგად ხვდება, თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ ბორჯომს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.