სოფელ კორტანეთის შესასვლელში ერთი ნაგვის ურნა დგას, ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც სოფელს, ნარჩენების ჩაყრა შეუძლია. ურნა სოფლის გადასახვევთან დგას და იქამდე მისასვლელად მოსახლეობამ მთელი სოფელი და მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი უნდა გაიაროს. რაც მთავარია ერთ ურნაში 80 კომლიანი სოფლის ნაგავი არ ეტევა.
„ჯერ ორი დადგეს, მერე ერთი დაზიანდა და წაიღეს ან შევაკეთებთ ან ახალს ჩამოვიტანთო, რა ვიცი ველოდებით“ - გვეუბნება ელისო შაყულაშვილი, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახლში მოგროვება უწევს და კვირიდან-კვირამდე ნაგვის მანქანას ელოდება. შვიდსულიან ოჯახს კვირის განმავლობაში ერთი დიდი კასრი და 3-4 პარკი ნაგავი უგროვდება.
„ორი ურნა რომ იდგა ისიც
არ ჰყოფნიდა სოფელს, მესამეც გვჭირდება, რამდენიმე დღის წინ
გადავსებული ურნიდან გადმოყრილი ნაგავი ძაღლებმა მიმდებარე
ტერიტორიაზე გაფანტეს, გავედი მოვაგროვე და ურნაში მაინც ვერ ჩავყარე
არ ჩაეტია“ - ამბობს ელისო შაყულაშვილი.
კორტანეთში ნაგავმზიდი კვირაში
ერთ დღეს მიდის, მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს,
სამშაბათიდან-სამშაბათამდე აგროვებს, მანქანა სამშაბათს დილით მთელს
სოფელს შემოივლის, სოფლის შესასვლელში ნაგვის ურნასაც დაცლის და
სოფელში მისვლას მომდევნო სამშაბათამდე ელოდება.
„კვირიდან კვირამდე
ყროლდება ნაგავი, განსაკუთრებით მზიან დღეებში, ხან ეზოში ვაგროვებთ,
ხან სოფლის შემოსასვლელში გაგვაქვს, მაგრამ ის ერთი ურნა რას
უშველის“ - ამბობს კორტანეთელი მაია ჩადუნელი
ხშირად ადგილობრივებს ნაგავი
საკუთარი მანქანებით გააქვთ. სოფელში არსებული ერთადერთი ურნა, რომ არ
გადაავსონ, ნარჩენები ქალაქში ჩააქვთ და იქ არსებულ ნაგვის ურნებში
ყრიან.
„ხანდახან მანქანაში
ჩავდებთ ხოლმე და მიგვაქვს, მე ერთი დიდი ვედრო მაქვს, ცელოფნებში
გამოვკოჭავ ხოლმე ნაგავს, ამ ვედროში ჩავყრი და სამშაბათობით
ჩამომაქვს სოფლის ცენტრში და ნაგავმზიდს ველოდები“ -
გვეუბნება მანანა თოთლაძე, რომელიც სოფელში ნაგვის ურნების დამატებას
ითხოვს. აქვე ამატებს, რომ, როდესაც კორტანეთში ნაგვის ურნების
განთავსების საკითხი განიხილებოდა, მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა,
არავის უნდოდა საცხოვრებელ სახლთან ურნის დადგმა.
„ვინც ამბობს უარს ნუ დადგამენ მის სახლთან,
აქვე ვცხოვრობ, მეზობელსაც ვუთხარი და დაგვიდგან ჩვენ, ადრე დიდი
კასრი გვქონდა დადგმული, ნაგავს ვაგროვებდით და ზემოდან შიფერს
ვაფარებდით, იდგას ურნა, თავსახურიც აქვს, დავაფარებთ და პრობლემა არ
იქნება“
კორტანეტში ე.წ ზედა უბანთან არსებული ხევი
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის სავსე, ახლოს მცხოვრებლემბა საკუთარი
ხარჯებით ხევის ნაწილი დაასუფთავეს და რამდენიმე მანქანა ნაგავიც
გაიტანეს, ამბობენ, რომ არასაკმარისი ურნების გამო სოფლის მოსახლეობის
ნაწილი ნაგავს ამ ხევში ჰყრის.
„ამ უბანს სოფლის
ნაწილად არც თვლიან, არც გზა გვაქვს აქეთ, არც გარე განათება, ერთი
ნაგვის ბუნკერი დაგვიდგან და ასეთი ამბავიც არ იქნება, არც უკითხავთ
დაედგათ თუ არა ურნა, იქ თვლიან სოფელს, ჩვენ არ გვთვლიან და არც
არაფერს გვეკითხებიან“ - გულდაწყვეტილი ამბობს გურამ
ღონღაძე.
ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ
მუნიციპალიტეტს ურნების პრობლემა არ აქვს და მაისის ბოლოს დამატებით
კიდევ 30 სანაგვე კონტეინერის შემოტანა იგეგმება.
„ბორჯომის
მუნიციპალიტეტმა სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა 60 ცალი ახალი
სანაგვე კონტეინერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი აწყობა. შემდეგი
კვირიდან, ახალი ურნებით ჩანაცვლდება ძველი, დაზიანებული უნები,
როგორც ქალაქ ბორჯომში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე მოხდება
მათი განთავსება, იმ ადგილებში სადაც ამის საჭიროებაა. ურნა დაიდგება
სოფელ კორტანეთშიც, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ
ადგილას.“ - ამბობს ბორჯომის მერის მოადგილე დავით
ზაალიშვილი.
იმ შემთხვევაში თუ სოფელში საკმარისი რაოდენობის ნაგვის კონტეინერი არ დაიდგა, მოსახლეობას ზაფხულის ცხელ დღეებში, კვირიდან-კვირამდე, ეზოებში დაგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების სუნის ატანა მოუწევს, პარალელურად კი ძაღლების მოგერიება, რომ მათ პარკებში მოგროვებული ნაგავი არ გაქექონ და თავიდან მოსაგროვებელი არ გახდეს.