ინტერაქტიული მულტიმედია
ცენტრალური ბიბლიოთეკა-ცენტრიდან გარეუბანში
დალი ლომიძე ბორჯომის ცენტრალური ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია. წიგნის სიყვარულმა ბიბლიოთეკასთან წლების წინ დააკავშირა. მოგვიანებით კი ტერიტორიულადაც ახლოს აღმოჩნდა. შორს წასვლა აღარ უწევს. მხოლოდ კიბე უნდა აიაროს, რომ წიგნის სამყაროში აღმოჩნდეს.

ბორჯომის აგრარულ ბაზარში პირველ სართულზე ვაჭრობს, მეორეზე კი ბიბლიოთეკაა განთავსებული, რომელსაც თავისუფალ დროს ყოველთვის სტუმრობს. ლიტერატურასთან ერთად და ახალ პრესასაც ეცნობა.



დალი ლომიძე-აქტიური მკითხველი

„ყოველდღე ამოვდივარ ახალ პრესას ვეცნობი, წიგნებიც გამაქვს და ვკითხულობ. ადრე ქალაქშიც დავდიოდი. რაც აქ გადმოვიდნენ სულ მოვდივარ. კარგი მომსახურება და კარგი პერსონალია. მიყვარს აქ ამოსვლა“.


წლების წინ ბიბლიოთეკამ ქალაქის ცენტრიდან ყოფილი მეორე საჯარო სკოლის შენობაში გადაინაცვლა. 2015 წელს კი აქედანაც გადავიდა. ორივე შემთხვევაში შენობები კერძო მესაკუთრეზე გაიყიდა. ბიბლიოთეკამ ბინა ქალაქის გარეუბანში ჩარხისწყალზე, აგრარული ბაზრის მეორე სართულზე დაიდო. ქალაქის ცენტრიდან 4 კილომეტრით დაშორებულ ბიბლიოთეკაში მისასვლელად ტრანსპორტია საჭირო.







ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ყოფნამ მკითხველთა რაოდენობაზე იმოქმედა, მაგრამ ერთგული მკითხველი მაინც გვყავს. განსაკუთრებით გვიხარია რომ ახალგაზრდები მოდიან და ჩვენი ძველი მკითხველები -ამბობს ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი ნაირა ამანათაშვილი.



ნაირა ამანატაშვილი-ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი


„შენობა მოგეხსენებათ არის შეუსაბამო ბიბლიოთეკისთვის. ყველგან გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ბიბლიოთეკამ ადგილი შეიცვალოს და გადავიდეს ქალაქის ცენტრში. ხელისუფლება საქმის კურსშია და ეძებენ ადგილს სადაც შეიძლება გადასვლა. მკითხველის რაოდენობას არ ვუჩივით. რა თქმა უნდა უკეთესია, რომ ცენტრში იყოს. აუცილებლად მოიმატებდა ამ შემთხვევაში მათი რაოდენობა. ეს ჩვენი სურვილიც არის და ყველა ვთანხმდებით რომ ბობლიოთეკა აქ არ უნდა იყოს. ჯერ-ჯერობით ვერ მოინახა ადგილი სადაც შეიძლება ბიბლიოთეკა განთავსდეს. უახლოეს მომავალში იგეგმება ჩვენი გადასვლა და სავარაუდოდ გადავალთ“.



ბიბლიოთეკაში 14 თანამშრომელია. მათგან უმრავლესობა აქ 30-40 წელია მუშაობს. გამოცდილი ბიბლიოთეკარები საყვარელ საქმეს პასუხისმგებლობით ემსახურებიან.


82 წლის დალი დათუნიშვილი ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგეა. 60 წელია რაც ბიბლიოთეკაში მუშაობს. თავისი საქმე ძალიან უყვარს და წიგნის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. წიგნებისა და გაზეთების კითხვას სამსახურშიც ახერხებს. სამუშაო პირობებით კმაყოფილია, თუმცა წუხს, რომ სიშორის გამო მკითხველები მისვლას ვერ ახერხებენ.




დალი დათუნიშვილი-ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგე



„ბიბლიოთეკა როდესაც ქალაქის ცენტრში იყო მკითხველათა რაოდენობაც დიდი იყო. ხალხი იმდენი გვყავდა, რომ ჩვენ ვდგებოდით და ისინი სხდებოდნენ. ადგილი აღარ გვქონდა. ახლაც რომ გამოინახოს ადგილი და ცენტრში იყოს ბიბლიოთეკა კარგი იქნება. კი არ გვაკლია მკითხველი, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდები მოდიან. ასაკოვნებს უჭირთ მოსვლა. ამიტომ ჩვენ მთავრობას ვთხოვ მოგვიგვარონ ეს საქმე“.



ბიბლიოთეკაში წიგნების განახლება წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. ყიდულობენ ყველაზე მოთხოვნად წიგნებს. ასევე ითვალისწინებენ მკითხველთა სურვილსაც. ასევე საბიბლიოთეკო ასოციაციამ ვაუჩერიზაციით გასულ წელს ბიბლიოთეკას 450 ლარის წიგნები გადასცა.

სამომავლოდ ბიბლიოთეკაში არსებული ათასობით წიგნის ელექტრონული კატალოგის შექმნა იგეგმება, რაც გაამარტივებს მათ მუშაობას. ასევე მკითხველებსაც შეეძლებათ უფრო მარტივად მოიძიონ სასურველი წიგნი.





გარდა იმისა რომ მკითხველებს ემსახურებიან ღონისძიებებსაც ხშირად მართავენ. ყოველთვის აღნიშნავენ ქვეყნისთვის მნიშვნელივან თარიღებს და მწერლების იუბილეს.
მრავალფეროვანი იქნება მაისის პირველი ნახევარი ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ყოველი დღე ღონისძიებებით იქნება დატვირთული.





Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.