"ნუთუ არ შეიძლება ამ ტყეს რამე ეშველოს? თბილისიდან და კაბინეტებიდან არ ჩანს ეს კატასტროფული მდგომარეობა, პლატოს ტყე ხუთ წელიწადში აღარ იქნება“ - გვეუბნება სოფელ სადგერში მცხოვრები ზაალ სტეფნაძე.
ბორჯომიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, მაღლობზე ახვალთ და პლატოა, ახლა ამ ტერიტორიაზე გადამხმარი ხეები და გაკაფული კუნძები უფრო მეტია ვიდრე ჯანსაღი წიწვოვნები. მეორე ათეული წელია , რაც ტყეს მავნებელი ე.წ „მბეჭდავი ქერქიჭამია“ ანადგურებს.
„მბეჭდავი ქერქიჭამია“ შავი ბრჭყვიალა ხოჭოა. საქართველოში პირველად
1952 წელს გამოჩნდა. სავარაუდოდ ქვეყანაში შემოტანილ გაუქერქავ
ხე-ტყეს შემოჰყვა. მავნებელი აზიანებს წიწვოვან მცენარეებს. მწერი
ნაძვის ქერქში სახლდება და ძალიან სწრაფად ახმობს მთელ
მცენარეს. ქერქიჭამია წელიწადში ორჯერ მრავლდება და სითბოში, მაღალ
ტემპერატურაზე აქტიურდება.
ბორჯომის სატყეო უბანზე მავნებელი ხოჭო 11 000 ჰა-მდე ფართობზეა
გავრცელებული.
„ჩვენს თვალწინ ხმება და
ნადგურდება უნიკალური ტყის მასივი, ასე გაგრძელება შეუძლებელია,
პატრონი არ ჰყავს აქაურობას, მალე ეს ტერიტორია უდაბნოს
დაემსგავსება“ - გვეუბნება რამაზ სტეფნაძე, რომელიც სოფელ
სადგერში ცხოვრობს
ბორჯომიდან სადგერში
პლატოს გავლით მოხვდებით. სადგერი, ტბა და ცემი საკურორტო
სოფლებია. ადგილობრივების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო საოჯახო
სასტუმროების და საცხოვრებელი სახლების გაქირავებაა. აქ მცხოვრებლები
დარწმუნებული არიან, რომ ტყის განადგურებასთან ერთად სოფლები
მიმზიდველობას კარგავს და დამსვენებელი იქ აღარ მივა.
„სახლებს ვაქირავებთ,
პატარა შემოსავალი გვაქვს აქედან, მაგრამ რად გინდა, ტურისტი,
რომ ამ ტყეს გამოივლის და ნახავს რა მდგომარეობაა,
ვინ მოვა ჩვენს სოფელში“ - წუხს ლევან ხაჩიძე
ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ მავნებელთან ბრძოლა 2013 წლიდან დაიწყო. ტყეში განთავსდა ფერომონიანი მწერსაჭერები. რომლებიც იზიდავს და იჭერს მწერს. ხდება მონიტორინგი და ითვლება რა რაოდენობით მწერია ტყის მასივში და რამდენად სწრაფად ხდება მისი გავრცელება. ამ დროისთვის სულ ჯამში დაჭერილი და განადგურებულია 18 მილიონამდე მბეჭდავი ქერქიჭამია.
პარალელურად დაიწყო სანიტარული ჭრები, რაც დაავადებული ხეების მოჭრას
და ტყიდან გამოტანას გულისხმობს.
„კი ჭრიან ამ ხეებს,
მაგრამ აი ბოლო შემთხევევას გეტყვით, მოჭრეს უკვე ერთ თვეზე მეტია
დაზიანებული ხეები და გაუქერქავი ისევ ტყეშია დასაწყობებული, ეს
მავნებელი აგერ ნახეთ, გამოსულია უკვე ქერქიდან და გადავიდა ჯანსაღ
ხეებზე. ეს ხომ მავნებლობაა, როგორ შეიძლება ასე“ - მოჭრილ
და გაუქერქავ ხეებზე გვითითებს ყოფილი მეტყევე ზაალ სტეფნაძე.
სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ
მოჭრილი ხეები, ადგილზე სრულად იქერქება, გაქერქილი ნარჩენი და ტოტები
იქვე იწვება, ადგილი იფოცხება და ამის შემდეგ საწყობდება კანგაცლილი
მერქანი. ის ხეები, რომლებიც შეშად გამოიყენება გადაეცემა ბორჯომის
საჯარო სკოლებს, ხოლო სამასალე მერქანი იყიდება აუქციონის წესით.
ერთი თვის განმავლობაში,
გაუქერქავი მერქანის ტყეში დატოვებას უარყოფს სამცხე-ჯავახეთის
სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე კობე სილაგაძე -
„გაუქერქავი ხე-ტყე იქ შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით,
რომელიც შემოწმებულია და ხის იმ ნაწილში არ არის მავნებელი,
ერთი თვის განმავლობაში კი მიმდინარეობს ჭრის პროცესი, მაგრამ
უწყვეტად ხდება მოჭრილი ხეების საწყობში შეტანა და გამოტანა. ეს
ნიშნავს იმას, რომ დასაწყობებული ხე-ტყე არანაირ საფრთხეს არ
წარმოადგენს და არ უწყობს ხელს მავნებლის გამრავლებას“
სადგერში მცხოვრებლები იმაზეც
საუბრობენ, რომ გაჩეხილი ტყის აღსადგენად დარგულ ნერგებს აღარავინ
პატრონობს და ეს მეთოდი არაეფექტურია. ბოლო წლების განმავლობაში
პლატოს ტერიტორიაზე ათასობით ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარე დარგეს.
აქციაში სატყეო სააგენტოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საჯარო
სტრუქტურებმა, კერძო კომპანიებმა, სკოლებმა, უნივერსიტეტებმა და
აქტივისტებმა.
კობა სილაგაძე სადგერში
მცხოვრებლებს ტერიტორიის ერთად დათვალიერებას სთავაზობს. ამბობს, რომ
სისტემატიურად ხდება დარგული ნერგების
მოვლა-პატრონობა
ეროვნული სატყეო სააგენტოს
ინფორმაციით, „ მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლისთვის
მსოფლიოში არ არსებობს სხვა რაიმე უფრო ეფექტური მეთოდი. ბოლო წლებში
განხორციელებული სანიტარული ჭრებისა და ფერომონიანი მწერსაჭერების
მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მავნებლის
პოპულაციის სიმჭიდროვე და რიცხოვნობა შემცირებულია. შესაბამისად სსიპ
ეროვნული სატყეო სააგენტო გააგრძელებს ზემოხსენებული ღონისძიებების
განხორციელებას.“
რამდენად ეფექტურია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი ღონისძიებები რთული სათქმელია. ფაქტი ერთია პლატოს მიმდებარე ფერდობებზე მწვანე ხეების დიდი ნაწილი უკვე გამხმარია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მავნებელი იმაზე უფრო სწრაფი და აქტიურია, ვიდრე მასთან მებრძოლი საჯარო უწყება.