ინტერაქტიული მულტიმედია
ენერგეტიკოსი, მკერავი, ტაქსის მძღოლი სამცხე-ჯავახეთიდან
პროფესიით ენერგეტიკოსმა, რომელიც რამდენიმე ათეული წელი სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობდა, 5 წლის წინ ყველაფერი მიატოვა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ახალციხეში მცხოვრებ, 60 წლის ნაზი ტაბატაძეს ახლა ორი მეგობარი - საკუთარი ტაქსი და საკერავი მანქანა ჰყავს. 


ნაზი ტაბატაძის ტაქსი და სამკერვალო, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე


სწორედ, ხუთი წლის წინ გადაწყვიტა საკუთარი სამკერვალო გაეხსნა. იფიქრა, რომ ასე თავს ნაკლებად დაიტვირთავდა და შემოსავალიც ისევ ექნებოდა, თუმცა დასვენების ნაცვლად, ახლა უფრო დაკავებულია და მუშაობას ყოველდღიურად, დილის 8-9 საათიდან იწყებს და საღამოს 9-10 საათამდე აგრძელებს. თუმცა, თვლის რომ საკუთარი შემოსავალი აქვს და ეკონომიკურად ძლიერია. 




კერვა ბავშვობიდან აინტერესებდა, ჯერ კიდევ 3-4 წლის იყო როდესაც დედას აკვირდებოდა თუ როგორ კერავდა ტანსაცმელს, 8-9 წლიდან კი დამოუკიდებლად აიღო ხელში ნემსი და ძაფი და ასე შეუდგა საქმეს. ნაჭრებს დედას ჰპარავდა და პრაქტიკას თოჯინების ტანსაცმლის შეკერვაზე გადიოდა, შემდეგ კი უფრო დაიხვეწა.

„სულ პირველად თოჯინებს ვუკერავდი, დედას ნაჭერს მოვპარავდი ხოლმე, გამოვჭრიდი რაღაც-რაღაცეებს. შემდეგ მეზობლის გოგონებს, ბავშვებსაც ვუკერავდი ტანსაცმელს, ვეუბნებოდი ოღონდაც დამიჯერეთ მეთქი, მე თქვენი მკერავი და მასწავლებელი ვარ, კაკლის მურაბასაც ვაჭმევდი ხოლმე. ჩემთვის მქონდა პატარა ოთახი, ფარდებით და რაღაცეებით ლამაზად მოწყობილი“ - იხსენებს ნაზი



თვითნასწავლმა მკერავმა გადაწყვიტა საქმეს სერიოზულად მიდგომოდა და წლების შემდეგ, ბავშვობის გატაცება, ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდ აქცია. ცდილობს ბევრი საქმე არ დაიგროვოს და ყველას მალე დაუბრუნოს შეკერილი ტანსაცმელი

„რაც მოდის, „შუსტრად“ ვაკეთებ, რომ მოვასწრო ყველაფერი და არ დავაგროვო. ვცდილობ, აქეთაც მოვასწრო საქმე და იქითაც“ - ნაზი ტაბატაძე-ობოლაშვილი




„იქით“ საქმეში კი ტაქსი იგულისხმა, რომლის მძღოლიც თავად გახლავთ. ბავშვობიდან ოცნებობდა მანქანის ყოლაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოჯახში ძალიან ბევრი სხვადასხვა მარკის ავტომობილი ჰყავდათ, ერთხელაც კი არ უცდია რომელიმეს გატარება. მუდმივად დაკავებული იყო და ხშირად სჭირდებოდა სხვადასხვა ადგილას გადაადგილება, რისთვისაც მანქანა აუცილებელი იყო. თუმცა, იმას რომ ავტომობილი უნდა ეყიდა, სწორედ 5 წლის წინ მიხვდა, როდესაც სამკერვალო გახსნა. მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარა, მანქანაც იყიდა და ასე გადაადგილდება დღემდე, დანიშნულების ადგილამდე. სამი წლის წინ, სურვილი გაუჩნდა რომ „ეტაქსავა“ და საკუთარი შემოსავალი აქედანაც გასჩენოდა. საკუთარი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთანაც გააჟღერა, თუმცა ხუმრობით იხსენებს იმ ფაქტს, თუ როგორ გახდა საბოლოოდ ტაქსის მძღოლი.

„სახლში განვაცხადე, რომ უნდა „ვიტაქსაო“ მეთქი. ერთი ეგ გაკლიაო მითხრეს. შემდეგ, ჩემმა სიძემ მოიტანა და ჩუმად დაუმაგრა ჩემ მანქანას ტაქსის ნიშანი, მე არ შემიმჩნევია. ცოტა ხანში, მოვიდნენ ნაცნობი გოგონები და მანქანით წაყვანა მთხოვეს, რომ მივიყვანე ადგილამდე, ფულს მაძლევდნენ. გავიოცე, რა ფულს მაძლევთ მეთქი? აბა ტაქსის ნიშანი რომ აქვს შენს მანქანასო? გავხედე და მართლაც... უი რა კარგია მეთქი, მომეცით აბა ეგ ფულითქო, გავეხუმრე გოგონებს და იმის მერე მართლა დავიწყე „ტაქსაობა“. პატარა შვილიშვილი წინააღმდეგი იყო. აუ ეხლა, ტაქსისტი ბებო და რამე... ვეუბნები, ახლა ხო კარგია მეთქი რომ მთხოვ, ნაზი ბებო, მოდი წამიყვანე მანქანით. ახლობლები კარგად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას, სულ მეუბნებიან, რომ მაგარი ვარ“ - იხსენებს ღიმილით ნაზი ტაბატაძე



როგორც თავად ამბობს, დღესდღეობით ტაქსს ქალი იშვიათად მართავს, რადგან სტერეოტიპებით გაჯერებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჭე ქალის საქმე არ არის. სწორედ ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად გადაწყვიტა გამხდარიყო ტაქსის მძღოლი. იმასაც ამბობს, რომ უნდობლობის მომენტს მის მიმართ ნაკლებად გრძნობს, უფრო იმაზე წყდება გული, რომ ზოგიერთი ქალი, ქალების მიმართ ნაკლებად სოლიდარულია და მათ ასეთ დამოკიდებულებას შურს უწოდებს.

„ზოგი ისეთი ქალია, რომ გაიგებენ „ტაქსისტი“ ქალიაო, უიმე - ქალი ჩემი თავი მეზარებაო უთქვამთ. ჰო და იმის მერე, იმ ქალს წვიმიან ამინდში აღარ გავუჩერე მანქანა, თვითონაც ვეღარ შემომბედა, გამიყოლეო. ზოგი ქალი პირიქით ფიქრობს და მოტივაციასაც გმატებს, როცა გეუბნება, რომ ყოჩაღ, შენ გენაცვალე, რა მაგარი ქალი ხარ, კაცებს ხომ ვჯობივართო...“ - ნაზი ტაბატაძე



ნაზი რომ კარგი მძღოლია, ამას მისი ერთგული მგზავრი პაატა შველიძეც გვიდასტურებს, რომელიც ბოლო 2 წელია მისი ტაქსით რეგულარულად სარგებლობს.

„ქალი რამ გაყო კაცისგან საქმეში. ნაზი ძალიან კარგი მძღოლია. შეიძლება ითქვას, რომ მის ტაქსიში უფრო უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თუნდაც სხვა მანქანაში“ - ამბობს პაატა შველიძე.



ამ ხნის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოუხდენია, ერთადერთხელ გზაზე ძროხამ გადაუბრინა და მისთვის რომ აეცილებინა მანქანა, ქვას მიჰკრა ავტომობილი. ხუმრობს იმაზე, რომ სულ მის მანქანას ეჯახებიან, თანაც გაჩერებულს და უკვე ყველა მხრიდან დაუზიანეს ავტომობილი. იხსენებს იმასაც, თუ როგორი შიშით გაიარა „ბეწვის ხიდი“.

„ერთი თვის მძღოლი ვიყავი და პედაგოგი მიმყავდა სოფელ აწყვიტაში. ისეთი გზა იყო, ფიცარი, ფიცარზე იდო, გვერდით ბადე იყო და 5 სმ-ით რომ გადაცდენილიყო საბურავი, ხრამში ჩავარდებოდით. თუ მოპირდაპირე მხრიდან სხვა მანქანაც წამოვიდოდა, ვეღარსად წავიდოდი, გზა აღარ იყო, თან ღამე იყო და კარგადაც არაფერი ჩანდა. შიშით მაგრამ გავიარეთ ის გზა და ბოლოს „კლიენტმა“ გაოცებულმა მითხრა, ყოჩაღ, შენ ყოფილხარ ნამდვილი მძღოლიო“

ხუმრობით იხსენებს იმასაც, თუ როგორ დატოვა ერთი მგზავრი შუა გზაში.

„დამიჯდა მანქანაში, ფხიზელი იყო. გავიდა ცოტა ხნით სადღაც და დაბრუნდა მთვრალი. დაიწყო მერე რაღაცეების ლაპარაკი, რაც არ მომეწონა. ვთხოვე, ერთი წუთით რომ გადახვიდეთ მანქანიდან მეთქი, გადავიდა და ისეთ კაი ბუნებაში დავტოვე, კარგად იყავით მეთქი მივაძახე და წავედი. ზოგადად, არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი. მეორე დღეს მოვიდა ეს მგზავრი და ბოდიში მომიხადა“



ასე უთავსებს ერთმანეთს 60 წლის ნაზი, ტაქსს და სამკერვალოს. ახალციხეში მარტო ცხოვრობს, მეუღლე და 2 შვილი დაეღუპა. ერთადერთი გოგო, სიძე, რძალი და 3 შვილიშვილი ჰყავს დარჩენილი. მარტოობა რომ შეაწუხებს, ხანდახან შვილის ოჯახში რჩება, რომელიც ამავე ქალაქშია გათხოვილი.

თავად, ადრეულ ასაკში, 19 წლის იყო როდესაც უსიყვარულოდ გათხოვდა. მისმა მომავალმა მულმა სკოლიდანვე დაადგა თვალი და გადაწყვიტა რომ მისი რძალი უნდა გამხდარიყო, შემდეგ ძმა გააცნო. პატარა ქერა კულულებიან გოგოს იმ დროს სხვა ბიჭი მოსწონდა და იმ ბიჭსაც ძალიან უყვარდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ, გარიგებით გაცნობილზე გააკეთა და ფიქრობს, რომ გაუმართლა, როგორც მეორე ნახევარში, ასევე ოჯახის დანარჩენ წევრებში. ქმარს ნელ-ნელა შეეჩვია და ახლა მას დიდი სიყვარულით იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სტუდენტი იყო, ხელი სწავლაში არ შეშლია. ამბობს, რომ კარგი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ და მეუღლე მას არაფერში ზღუდავდა.

„მაგარი ცოლ-ქმრობა გვქონდა, ის იყო უნიკალური ადამიანი. სულ მეუბნებოდა, წავედით ნაზი რესტორანში, ნუ მუშაობ ამდენს, დაიღლები. მივლინებაში ისე მივდიოდი 6 თვე და ა.შ. საერთოდ არ ვიყავი შეზღუდული. დედამთილი ბავშვს იტოვებდა და მთელი ოჯახი ხელს მიწყობდა“




ცოლ-ქმარი ერთადაც კი მუშაობდა ადიგენში, მაგნიტოფონის ქარხანაში, სადაც დეციმეტრულ ანტენებს, ავტომატურ ხელსაწყოს „რელეს“ აკეთებდნენ. ნაზი ტაბატაძე 12 წელი თბილისში, 18 წელი კი ახალციხეში მუშაობდა. ყველაზე დიდხანს თავისი პროფესიით იმუშავა ენერგეტიკის სფეროში. არა და, ბავშვობიდან იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება, თუმცა ვერ მოხვდა და გადაწყვიტა, ენერგეტიკის მიმართულებით ტექნიკური უნივერსიტეტი დაემთავრებინა. სწავლის პარალელურად დაიწყო მუშაობა თავდაპირველად, ორთაჭალაში, ელექტრო ავტომატში, კონტროლიორის პოზიციაზე. ქარხანაში, სხვადასხვა მასალისგან უამრავი დეტალი იჭრებოდა, რასაც ნაზი ამოწმებდა. ეს ყველაფერი კი სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებოდა. 1-2 წელი ქარხნის დირექტორიც იყო და პარალელურად ბევრი საქმე ჰქონდა ჩაბარებული. თავადაც ხუმრობს იმაზე, რომ ყველა სამსახურში სადაც უმუშავია, ბევრი საქმე ჰქონია ერთდროულად შეთავსებული. წუხს იმაზე, რომ ამდენ სამსახურში მუშაობდა და დღესდღეობით არცერთი სურათი აღარ აქვს შემორჩენილი. გასახსენებლად და მოსაყოლად მხოლოდ მოგონებები დარჩა.

„მასტერი“ ვიყავი, „ოტეკა“ ვიყავი, „რელეს“, პლატებს, დეციმენტრულ ანტენებს ვაკეთებდი. საყოფაცხოვრებო სამმართველოშიც მიმუშავია, კადრების განყოფილებაში, მბეჭდავად, მდივან-მემანქანედ, საქონელმცოდნედ, მძღოლების დისპეჩერად, საგზურებსაც გავცემდი და რა ვიცი, უამრავი მიმართულებით მაქვს მიღებული გამოცდილება“

ბევრ სფეროში გამოცდილ ნაზი ტაბატაძეს სურს, რომ კიდევ ახალ საქმეს შეეჭიდოს. კერვასთან და „ტაქსისტობასთან“ ერთად, სამომავლოდ გეგმაში აქვს, რომ სილამაზის სალონიც გახსნას და ქალებს თმა შეაჭრას. სტილისტად არასდროს უმუშავია და არც შესაბამისი კურსები გაუვლია, თუმცა ბავშვობიდან ეს საქმეც აინტერესებდა და ფიქრობს, რომ მონდომებით ყველაფერს შეძლებს. მისი თქმით, გაჭირვება რომ არ იყოს, უფასოდაც იმუშავებდა და ხალხს ანაზღაურების გარეშე სიამოვნებით მოემსახურებოდა.



საკუთარ ცხოვრებას და ამ დრომდე გამოვლილ 60 წელს რომ გადაავლო თვალი, გვეუბნება რომ „რეჟისორი ერთ კარგ ფილმს გადაიღებდა ჩემზე, ისეთი საინტერესო ცხოვრება მაქვსო...“




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.