რთულ, საინტერესო და საამაყო პროფესიას, თავი 35 წელი მიუძღვნა.
კუკური სარალიძემ მუშაობა 1983 წლიდან ჯერ ბორჯომის სახელმწიფო
ნაკრძალში დაიწყო და ეროვნული პარკის ჩამოყალიბების შემდეგაც განაგრძო
მუშაობა.
ის არის ერთადერთი ყველაზე გამოცდილი რეინჯერი
საქართველოში.
23 წლის ახალგაზრდა ბიჭი, თავდაპირველად მეხანძრე რეინჯერი იყო,
შემდეგ რეინჯერი გახდა. ქვაბისხევის უბანი ჩაიბარა და მას შემდეგ
ყოველდღიურად 20-25კმ მანძილს, ფეხით ან ცხენით გადიოდა.
ხშირად ადიოდა ლომის მთაზე, ზამთარ-ზაფხულ. თოვლშიც ჩავარდნილა, თუმცა
არასდროს დაშავებულა. ნისლში გზების გაკვლევაც გასჭირვებია, თუმცა ამ
ხნის მანძილზე, ერთხელაც კი არ დაკარგულა.
ვიდეო ეკუთვნის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას
„ხშირად მიწევდა ლომის მთის ტერიტორიაზე
ასვლა-ჩამოსვლა. ზამთარში რთული იყო გადაადგილება, მაგრამ მაინც
ავდიოდი და ჩამოვდიოდი. არასდროს დავშავებულვარ და არც დავკარგულვარ,
პირიქით დაკარგული ტურისტები მიპოვია და დაშავებულებს
დავხმარებივარ“ - კუკური სარალიძე
35 წლის განმავლობაში, უწყვეტად იცავდა საქართველოს ბუნებას, მათ
შორის ისეთ პერიოდებში, როდესაც შესაბამისი აღჭურვილობაც კი არ
ჰქონდა. მის მოვალეობაში კანონდარღვევების აღკვეთა, ცხოველების კვალის
აღრიცხვა და გარემოს კონტროლი შედიოდა. კუკური სარალიძის
ბრაკონიერობის არაერთი ფაქტი აქვს გამოვლენილი. დაჯილდოვებული იყო
დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის.
მისთვის ყველაზე რთული საქმე, ბრაკონიერებთან ბრძოლა და ტყის
ხანძრებისგან დაცვა იყო. ხანდახან მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაც
დამდგარა, თუმცა არადროს შეშინებულა და არასდროს უნერვიულია.
რეინჯერობა მისთვის ბუნების და ხალხის სიყვარულს ნიშნავს. ეს კი
ბავშვობიდან მამამ ჩაუნერგა, რომელიც ასევე რეინჯერი იყო და ხშირად
დაატარებდა ტყეში. მას შემდეგ გადაწყვიტა, საყვარელი საქმე პროფესიად
ექცია და ამ გზას გაჰყოლოდა. 35 წლის წინ გაკეთებულ არჩევანს, დღემდე
არ ნანობს.
„მამაჩემი მუშაობდა ამ სფეროში, ხშირად დავყავდი ტყეში.
მაშინ ბავშვი ვიყავი და ჯერ ნაფიქრიც არ მქონდა სამომავლო პროფესიაზე.
ბუნების სიყვარულმა შემდგომში გადამაწყვეტინა ის, რომ მამაჩემის გზა
მეც უნდა გამეგრძელებინა. დავამთავრე სატყე ტექნიკუმი და მას შემდეგ
ერთგულად ვემსახურები ჩემ სამსახურს“ - ამბობს კუკური
სარალიძე
მის ხელში გამოიზარდა 4 რეინჯერი, რომელიც ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკშია დასაქმებული. ახალბედებს ყოველთვის ურჩევდა, რომ
ფრთხილად და ყურადღებით ემოქმედათ. გარდა ამისა, ასწავლიდა
გამბედაობას და საქმისადმი ერთგულებას.
35 წლის შემდეგ, კუკური სარალიძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიტოვება მოუწია. გადაწყვიტა
სახლში დაისვენოს და ხელი სოფლის მეურნეობას მიჰყოს. თუმცა, მზადაა,
ნებისმიერ დროს, დახმარება გაუწიოს კოლეგებს და ახალგაზრდებს,
რომლებსაც ამ სფეროში დასჭირდებათ კუკურის რჩევა და გამოცდილების
გაზიარება.
59 წლის რეინჯერს, რომელსაც მთელი ცხოვრება ქვაბისხევის უბანი ებარა,
ეს ტერიტორია უკვალოდ არ დაუტოვებია. კუკური სახლში წავიდა, თუმცა
მისი მეორე სახლი ქვაბისხევში, ტურისტული თავშესაფარია, რომელსაც მის
საპატივსაცემოდ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, „კუკურას ქოხი“
უწოდა.