ინტერაქტიული მულტიმედია
უკრაინიდან ბორჯომში სამუშაოდ დაბრუნებული ახალგაზრდა ექიმი
28 წლის ლევან დიასამიძე, ყბა-სახის ერთადერთი ახალგაზრდა ქირურგია სამცხე-ჯავახეთიდან. მუშაობს ბორჯომში, ახალციხეში, მცხეთასა და რუსთავშიც. ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებთან. უკვე 5 წელია ამ სფეროშია.




ლევან დიასამიძე სოხუმიდანაა. ომის შემდეგ, მშობლებთან ერთად ბორჯომში, მამა-პაპისეულ სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლების მიღებაც ამავე ქალაქში დაიწყო, თუმცა 2000 წლიდან თბილისში გადასახლდა ოჯახით. სკოლა დედაქალაქში დაამთავრა და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. პროფესიული არჩევანი მისმა ბებიამ და ბაბუამ განაპირობეს, რომლებიც ასევე სტომატოლოგები იყვნენ. მაგალითი მათგან აიღო და კბილის მკურნალობის ტექნოლოგიები შეისწავლა. 




„ადრე სხვა პროფესიებზეც მიფიქრია, თუმცა ბებია-ბაბუის პროფესიამ ჩემზე გავლენა იქონია. რა თქმა უნდა, არავის დაუძალებია რომ სტომატოლოგი გავმხდარიყავი. სიმართლე გითხრათ, პირველი-მეორე კურსი არც თუ ისე სასიამოვნო იყო, როცა უნივერსიტეტში დავდიოდი, რადგან ვერაფერს ვგებულობდი, მერე შემიყვარდა ჩემი პროფესია“ - იხსენებს ხუმრობით ლევან დიასამიძე

მესამე კურსის შემდეგ, ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მოხვდა, სადაც შეისწავლა ორთოპედიული სტომატოლოგია. საქართველოში მიღებული ცოდნით ვერ დაკმაყოფილდა და კვალიფიკაციის ამაღლება უკრაინაში გააგრძელა. ქალაქ კიევში, მე-12 საავადმყოფოში, სამი წელი ისწავლა ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში, თუმცა სამუშაოდ იქ არ დარჩა, სამშობლოს სიყვარულმა ისევ საქართველოში დააბრუნა. მშობლიურ ქალაქში მუშაობა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ თბილისში კონკურენცია მაღალი იყო და სურდა, რომ პატარა ქალაქში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. უკვირს, რომ ახალგაზრდების მხრიდან რეგიონში მუშაობის ინტერესი ნაკლებია.




ახლა პაციენტების გალამაზებაზე ზრუნავს და ბედნიერია, როცა ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვს. ძირითადად, სახის არეში მიყენებულ ჭრილობებზე აკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს. ამ ხნის განმავლობაში 500-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული. 25 წლის იყო როდესაც პაციენტს პირველად გაუკეთა ოპერაცია დამოუკიდებლად. იხსენებს იმასაც, რომ უნდობლობას, როგორც ახალგაზრდა ექიმის მიმართ, გრძნობდა პაციენტების მხრიდან, თუმცა პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდა.

„პირველად და დამოუკიდებლად ვაკეთებდი ყბა-სახის ოპერაციას. მეხმარებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ მხრივ არ იყვნენ კომპეტენტურები და შესაბამისად მარტო ვიყავი საოპერაციოში. ცოტა გაგვიჭირდა, გაგვიხანგრძლივდა, მაგრამ წარმატებით დავასრულეთ ეს ოპერაცია. ცოტა ურჩი პაციენტი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში დავიმორჩილეთ და გამოვაჯანმრთელეთ. ნდობის მომენტი თავიდან პრობლემა იყო. ისე არ არის, რომ უკრაინიდან ჩამოსული ახალგაზრდა ექიმი ხარ და არიქა მოდი ლევან, გვიშველე. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოდის და ბუნებრივია, წარმატებას დრო სჭირდება“ - ამბობს ლევანი




ყველაზე რთული ოპერაცია კი როგორც თავად იხსენებს, გასულ წელს, მცხეთაში გააკეთა მეგობართან ერთად.

„პაციენტი იყო გადმოვარდნილი მეორე თუ მესამე სართულიდან და მოგვიწია თვალის დაზიანებული ორბიტის აღდგენა. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ ნეიროქირურგებიც. რომ გვეგონა, რომ პაციენტს მხედველობა აღარ აღუდგებოდა, ასე არ აღმოჩნდა. მეორე დღეს, ჩვენც რომ ვნახეთ პაციენტი, შოკში ჩავარდით, რომ ხედავდა. მოხარული ვარ რომ დღესაც კარგად გრძნობს თავს ეს პაციენტი“ - გვიყვება ლევან დიასამიძე



ასე უთავსებს ერთმანეთს ყბა-სახის ქირურგიასა და სტომატოლოგიას. ოჯახის წევრები თბილისში ცხოვრობენ და დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მათ მოკითხვას ტელეფონით ახერხებს. ხუმრობს იმაზე, რომ სულ გზაშია და სულ პაციენტებთან მიიჩქარის. ბორჯომში მუშაობს როგორც სამედიცინო ცენტრში, ასევე სტომატოლოგიურ კლინიკაში.



როგორც თავად ამბობს, პაციენტები ძირითადად, პირის ღრუს მოუვლელობიდან გამომდინარე გამოწვეული გარკვეული დაავადებებით მიმართავენ. ხუმრობით იხსენებს იმას, რომ ხანდახან ისეთ კითხვებს უსვამენ და გაურკვეველ სიტყვებს იყენებენ საუბარში, რომ მის სფეროსთან შეხება არ აქვს, მას კი ხშირად ეცინება და ცდილობს მათ კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს.





ხანდახან ისეც ხდება, რომ პაციენტებს კონსულტაციებს, ქუჩაში უწევს და ცდილობს მათ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.



როგორც თავად ამბობს, ადრე აპარატურის პრობლემა იყო, დღესდღეობით კი მუშაობა არ ურთულდება. მის სამომავლო გეგმებში საქართველოდან წასვლა არ შედის. როგორც თავად ამბობს, სამშობლოდან დროებით თუ წავა, ესეც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რომ გაიაროს კურსები და უფრო მეტად შეძლოს პაციენტების დახმარება. სურს, რომ ყბა-სახის ქირურგია, სტომატოლოგია და ზოგადად მედიცინა უფრო მეტად განვითარდეს ბორჯომშიც და სრულიად საქართველოშიც.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.