ინტერაქტიული მულტიმედია
ბოთლებით მოყოლილი „ბორჯომის“ ისტორია
დღეს, როცა „ბორჯომის“ ბოთლი ხელში გვიჭირავს, არ ვიაზრებთ, რომ მინერალურ წყალთან ერთად საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ვეზიარებით. იყო დრო, როცა წყალს მხოლოდ წყაროდან სვამდნენ, დრო, როცა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ერგებოდნენ და დრო, როცა „ბორჯომმა“ ქვეყნის საზღვრები გაარღვია. წყაროს თბილი წყალი დღესაც კავკასიაში მეფის ნაცვლის გოლოვინის განკურნებული შვილის, ეკატერინეს სახელზე მოედინება. თუმცა, რომ არა ბოთლში ჩამოსხმული უნიკალური თვისებების მქონე მინერალური წყალი, მისი მიღება მხოლოდ ბორჯომში იქნებოდა შესაძლებელი. ამიტომაც გადავწყვიტეთ ისტორია ბოთლების საშუალებით გიამბოთ.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საუკუნის წინანდელ ბოთლებს ცალკე კუთხე აქვს დათმობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, „ბორჯომის“ პირველი ბოთლი 1890 წლით თარიღდება. რომანოვების შეკვეთით დამზადებული ლიტრიანი თეთრი ბროლის ბოთლი შეზღუდული რაოდენობით დამზადდა. მასზე ამოტვიფრულია რუსეთის მეფის გერბი და სასმელის სახელი. ბოთლს აქვს სადგამი, გარშემო ტახის ეშვებითა და შვლის რქებით. თუმცა მანამდე, 1850 წელს, ადგილობრივი სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა ზახაროვმა წყალი 1300 ოვალურ ნახევარლიტრიან ბოთლში ჩამოასხა და გასაყიდად ტიფლისში წაიღო. ბოთლი არ შემორჩენილა, მაგრამ ეს იყო „ბორჯომის“ ექსპორტის პირველი მცდელობა.





XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბორჯომის ჩამოსხმა პრიმიტიული წესით ხდებოდა. მინერალური წყალი ბუნებრივ თვისებებს ვერ ინარჩუნებდა. ამ პერიოდში პარკის ტერიტორიაზე აშენებული ჩამომსხმელი ხის ქარხანა, მცირე ზომის კუსტარულად მოწყობილი შენობა იყო და მძიმე იყო შრომის პირობებიც. წყალს ბოთლებში ტექნიკის გარეშე, ხელით ასხამდნენ, ასევე ხელით ხდებოდა ბოთლების გაბერვა.





1890 წელს „ბორჯომი“ უკვე მუქი ფერის ბოთლში გასაყიდად ჩამოისხა. ბორჯომში სპეციალურად მოწვეულმა ქიმიკოსმა ფ. მოლდენჰაუერმა ბოთლებში ჩამოსხმული მინერალური წყლის ქიმიური და ფიზიკური თვისებების შენახვის მეთოდი შეიმუშავა, რაც წყლის ნახშირმჟავა გაზით გაჯერებას გულისხმობდა. ეს ყველა სასარგებლო ელემენტის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა. ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი „ბორჯომის“ ექსპორტზე გატანა.





1890 წელს შეიქმნა პირველი ეტიკეტი.





1896 წელს დასრულდა მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის ე.წ. საექსპორტო განყოფილების მშენებლობა. განახლებული ტექნოლოგია ყოველდღიურად 12 000 ბოთლის ჩამოსხმის საშუალებას იძლეოდა. მალევე გახდა შესაძლებელი „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივ მექანიზაცია.
ცალკე აშენდა შემფუთი განყოფილება. ბოთლებს ჩალით ფუთავდნენ, რომ ტრანსპორტირებისას არ დაზიანებულიყო.






თუ 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი გაიტანეს, 1905 წელს ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი 9 მილიონი ბოთლი შეადგინა.



1930-იან წლებში ჩამოსხმული ეტიკეტიანი ბოთლები.

1961 წლიდან საექსპორტი ქვეყნების რაოდენობამ 15-ს მიაღწია. ამ ქვეყნების რიცხვში იყო აშშ, საფრანგეთი და ავსტრია.


წლებთან ერთად იცვლებოდა და ვითარდებოდა ბოთლების დიზაინი. განსხვავებული იყო მოცულობა, ფორმა, ეტიკეტი და ფერი. პირველი ჩამოსხმინად დღემდე ბოთლმა ცვლილება მრავალჯერ განიცადა . თუმცა მიუხედავად ამისა ყოველთვის ხდებოდა უფრო თანამედროვე, მაგრამ მუდმივად ინარჩუნებდა ძირითად სიმბოლოებს - ირემი, ბიუვეტი და სხვა.




საბჭოთა პერიოდში ჩამოსხმული სხვადასხვა ფორმის ბოთლები.


დღეს „ბორჯომის“ მინის ბოთლი ასე გამოიყურება.





ოდესმე, სავარაუდოდ, ბორჯომის ის ბოთლი, რომელიც დღეს ჩვენ ხელში გვიჭირავს, სამუზეუმო ექსპონატი გახდება და სხვებთან ერთად მოყვება მინერალური წყლის საუკუნეების ისტორიას.



 








Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: ბოთლი / ბორჯომი /
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.