მეტეოროლოგად აღარ მუშაობს, მაგრამ ცას რომ გახედავს იცის იმ დღეს
როგორი ამინდი იქნება. 40 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება
დაუგროვდა.
მანამდე თუ სპეციალური დანადგარებით იგებდა ამინდის პროგნოზს, ახლა
ცაზე ერთი ახედვაც საკმარისია. 77 გულო ფოფხაძემ მეტეოროლოგად
ნახევარი ცხოვრება იმუშავა.
„ცას რომ გახედავთ და ღრუბელია, გგონიათ ერთი და იგივე,
მაგრამ ასნაირი სახეობა აქვს, თავის სახელწოდებებით. ყველა ამინდს
თავისი ღრუბელი აქვს. წვიმის ღრუბელს სხვა სახელწოდება აქვს და
სხვანაირია, თოვლის კიდევ სულ სხვანაირია.“
პროფესიით ექთანმა ახალი საქმე მალევე შეისწავლა. ახალბედა
თანამშრომელი ხელმძღვანელმა მაშინვე დაარიგა, რომ ამ სფეროში მთავარი
სიზუსტე და კეთილსინდისიერება იყო. ასეც გააგრძელა, ორ თვეში აითვისა,
შეუყვარდა და შემორჩა კიდეც.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმის საარქივო ფოტო ფონდი. ავტორი ა. გელაშვილი
მუშაობა 24 საათიან რეჟიმში უწევდა. მეტეოსადგურიდან მონაცემებს სამ
საათში ერთხელ, დღეც და ღამეც იღებდა. ზომავდა ჰაერის ტემპერატურას,
წნევას, ქარის სიჩქარეს, ღრუბლიანობას, ტენიანობას. ამ ყველაფერს
დეპეშით თბილისის ცენტრალურ ოფისში აგზავნიდა. ასე ხდებოდა ქვეყნის
მასშტაბით. რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციით ამინდის პროგნოზი
ადგენდნენ.
ამბობს, რომ მოპოვებული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი იყო და
ამართლებდა.
„ძალიან საინტერესო სამუშაო იყო. მივეჩვიე. ახლაც გული
მწყდება რომ აღარ არის. რომ იყოს საშუალება აღადგინონ მეტეო სადგური
ნამდვილად ვიმუშავებდი“.
გულო ბებოს თუ ცაში ახედვა სჭირდება ამინდის გამოსაცნობად, მონაცემები
ახალი ტექნოლოგიების წყალობით ავტომატურად მიდის ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკში სპეციალურ მონიტორზე. უკვე მესამე წელია ძველი
დანადგარები ახალმა ჩაანაცვლა. მცირე მეტეოსადგური ეზოშია
დამონტაჟებული. მიღებულ ინფორმაციას საკუთარი საქმიანობისთვის
იყენებენ. ასევე შედარება ხდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან.
23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეს აღნიშნავს. თარიღი 1950 წლის 23
მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას
უკავშირდება, რის საფუძველზეც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური
ორგანიზაცია შეიქმნა. საქართველოში 1992 წლიდან აღინიშნება, მას
შემდეგ რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.