ინტერაქტიული მულტიმედია
გზა ტაქსისტობამდე და რიგში მდგომი მანქანები
57 წლის კობა გოგოლაძე, ყოველდღიურად საკუთარი მანქანით ქალაქის ცენტრში გამოდის და ტაქსის მძღოლების იმ გრძელ რიგს უერთდება, რომელიც მგზავრების მოლოდინშია. 35 წელია ტაქსს მართავს და მოქალაქეებს ემსახურება, ყველაზე სტაჟიანია ამ სფეროში. მისი პირველი მანქანა „მოსკვიჩი“ იყო, რომელსაც დღესაც ტკბილად იხსენებს. ამბობს, რომ მაშინ მუშაობაც იყო და ფულიც, დღეს კი უფრო მეტი ტაქსია, ვიდრე მგზავრი. პროფესიით მეტყევეა, თუმცა 90-იან წლებში როცა გაჭირვება იყო, ნაკრძალში იმუშავა სულ 3 წელი.

„სატყეოში განუკითხაობა იყო მაშინ, გაზი არ იყო და იჭრებოდა ხე-ტყე, ამის გამო დავანებე თავი სამსახურს. მეგონა დამიჭერდნენ, არა და დასაჭერები ვერ დაიჭირეს და მე ტყუილად დავანებე თავი“ - იხსენებს ღიმილით კობა გოგოლაძე.



ამ ყველაფერთან ერთად მიხვდა, რომ თავისი პროფესია არც თუ ისე შემოსავლიანი იყო. იმ დროს ფული ტაქსაობით უფრო იშოვებოდა და ამიტომ ისევ საჭეს მოჰკიდა ხელი. ასე იქცა მძღოლობა მის ერთადერთ პროფესიად. წლებთან ერთად მისი სამსახური ნაკლებად შემოსავლიანი გახდა, ამ პრობლემას დაემატა სავალდებულო ტექ დათვალიერება, რომელიც ახლახანს გაიარა.

„მანქანის მოწესრიგება და ტექ დათვალიერების გავლა 1000 ლარზე მეტი დამიჯდა. 2-2 ლარობით შეგროვილი თანხა რაც მქონდა, ისევ ავტომაღაზიებში ჩავაბარე“ - ამბობს კობა გოგოლაძე.



მანქანა მწყობრში ჰყავს, თუმცა მგზავრები არ ჩანს. გასცქერის ქუჩებს და ელოდება მსურველებს. ამბობს, რომ ყოველდღიურად პურის და სიგარეტის ფულს ძლივს „აკეთებს“.





რაიკომის მდივნის მძღოლობიდან ტაქსისტობამდე




74 წლის ოთარ ტოტოშვილისთვის, ეს მანქანა მისი პირველი და საუკეთესო მეგობარია. მის გარეშე თავადაც ცუდ ხასიათზეა და ოჯახიც უკმაყოფილოა. უკვე ნახევარი საუკუნეა, ავტომობილი მისი შემოსავლის წყაროა. ტაქსის მძღოლებს შორის ის ერთ-ერთი უხუცესია, სტაჟიანია გამოცდილებითაც. 1968 წლიდან დაიწყო მუშაობა მძღოლად, ჯერ მშენებლობებზე, შემდეგ რაიკომის მდივანს ემსახურებოდა მანქანით, მისი სამსახურიდან წასვლის შემდეგ კი თვითონაც წამოვიდა და ავტობუსზე დაიწყო მუშაობა, მგზავრები საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაჰყავდა, ტაქსაობა კი 6-7 თვეა რაც დაიწყო. ბევრი ტრანსპორტი გამოიცვალა, შემოსავალი ადრეც მეტი ჰქონდა, ახლა კი თავის რჩენაზეა გადასული.


„გუშინ მაგალითად 5 ლარით წავედი. საწვავი მქონდა 20 ლარის ჩასხმული და სახლში 5 ლარით დავბრუნდი“ - გვიყვება ოთარ ტოტოშვილი.



ოთარ ტოტოშვილმა მხოლოდ საშუალო განათლების მიღება მოასწრო და ჯარში წასვლამდე, მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარა, „პრავა“ აიღო და სამხედროშიც მძღოლად იმუშავა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, 25 წლის ასაკში დაოჯახდა და უმაღლესი განათლების მიღებისთვის აღარც დრო და აღარც შესაძლებლობა დარჩა. ამბობს, რომ ტაქსის მძღოლობა საკმაოდ საპასუხისმგებლოა, წლების წინ აღებულ პასუხისმგებლობას კი დღემდე პირნათლად ასრულებს.




ტაქსისტი, რომელიც მოთხოვნებს მოერგო


54 წლის ნოდარ შაყულაშვილიც გამოცდილი მძღოლია. საჭეს 20 წლიდან მართავს, უმუშავია ყველა წარმოებაში, ტაქსაობა კი ბოლო 4-5 წელია რაც დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში არცერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოუხდენია. ყოველ დილით, 8-9 საათისთვის გამოდის სახლიდან და უკან დაბრუნების დროს ზუსტად ვერ გვეუბნება, თუმცა როგორც თავად ამბობს, მის ჯიბეზე ეს იმდენად არ აისახება, რამდენადაც მზად არის სამუშაოდ. მთავარ პრობლემად, გაზდილ კონკურენციას მიიჩნევს.


„რაც თავი მახსოვს, მძღოლად ვმუშაობ, თუმცა ბოლო პერიოდში კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. გორიდან შემოვიდა ბორჯომში ერთ-ერთი კომპანია ტაქსების და ამან სულ წაგვართვა „კლიენტი“. სულ იმათმა წაიღეს დოვლათიც და ბარაქაც“ - ამბობს გულდაწყვეტით ნოდარ შაყულაშვილი



ნოდარ შაყულაშვილი დროსთან ერთად, მოთხოვნებსაც მოერგო. საკურორტო ქალაქში, განსაკუთრებით სეზონზე, ტურისტების რაოდენობის მატებამ მისცა ბიძგი, რომ მათ მოთხოვნებს უნდა მორგებოდა.“ მინივენი“ იყიდა და ახლა შეუძლია ერთდროულად არამხოლოდ 4, არამედ 7-8 მგზავრი გადაიყვანოს დანიშნულების ადგილამდე.



22 მარტი ტაქსისტების საერთაშორისო დღეა, თუმცა გაჭირვების ფონზე აღარც პროფესიული თარიღი და აღარც აღნიშვნა ახსოვთ. როგორც ცნობილია, 1907 წელს ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა პირველი ტაქსი მრიცხველით, რამაც ბოლო მოუღო ტაქსისტებისა და პასაჟირების კამათს ფასის თაობაზე. დღესდღეობით, საქართველოშიც და კერძოდ ბორჯომშიც, ყოველი მეორე ტაქსის მძღოლია, თუმცა ქალაქის ქუჩებში ბევრ ფეხით მოსიარულეს, საათობით გაჩერებულ ტაქსებს და მგზავრების მოლოდინში მყოფ მძღოლებს ხშირად ნახავთ.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.