23 წლის გიორგი ოგანესიანს, ყველაზე დიდ ბედნიერებას საკუთარი
წარმატების მიღწევა და ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა ანიჭებს.
ამბობს, რომ ბედნიერების დეფიციტი ქვეყანაში მეტ-ნაკლებად იგრძნობა და
ახარებს, როცა ქუჩაში ბევრ მომღიმარ სახეს ხედავს.
ბორჯომელი ახალგაზრდა ამჟამად საჯარო მმართველობის განხრით სწავლობს
მაგისტრატურაზე და მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში. აკეთებს იმ
საქმეს რაც საზოგადოების წინსვლას და წარმატებებს უკავშირდება.
საყვარელი საქმის კეთებით კი აბედნიერებს საკუთარ თავსაც და
სხვებსაც.
მაია ხუციშვილი დვირის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. 15 წლის
ახალგაზრდას აბედნიერებს, საკუთარი საქმით სხვების გაღიმება და
ცდილობს ხშირად გააბედნიეროს გარშემომყოფები. მაიას აზრით,
ბედნიერებას არ აქვს თარიღები, თუმცა დღევანდელი დღე არის სიმბოლური
იმისათვის, რომ შეახსენონ სხვებს, იყვნენ ბედნიერები და იცხოვრონ
ბედნიერ ქვეყანაში.
14 წლის მარიამ ხვისტანს ის აბედნიერებს, რისი კეთებაც კარგად
გამოსდის. მისი ჰობი - ხატვა და წიგნების კითხვაა. პირველი საჯარო
სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ბედნიერება წვრილმანებშია და ბევრ რამეს
შეუძლია მისი გახარება. მარიამი ცდილობს დაეხმაროს სხვებსაც და შეძლოს
მათი გახარებაც.
ახალგაზრდების უმრავლესობა ამბობს, რომ აბედნიერებთ ერთმანეთის
გაღიმება, ჩახუტება, სითბო და ამ ემოციების ერთმანეთისთვის
გაზიარება.
რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება? - ამ კითხვით ჩვენ, ქუჩაში
სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მივმართეთ. მათი უმრავლესობისთვის,
ოჯახის წევრების კარგად ყოფნა არის ის უპირველესი მიზეზი, რაც მათ
ყველაზე მეტად ახარებთ.
დღეს, 20 მარტს, ბედნიერების დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ეს დღე 2012 წლის ივნისიდან
აღინიშნება. ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც
ადამიანის ფუნდამენტური მიზანი.
2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის კვლევის
თანახმად, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 156 ქვეყანას
შორის 134-ე ადგილს იკავებდა. მკვლევარები ცხოვრებით კმაყოფილების
მაჩვენებელს სწავლობდნენ - ეს იყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე
თითოეული მოქალაქის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის
მოლოდინი, თავისუფალი გარემო და სხვა.
აღსანიშნავია ის, რომ ბედნიერების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს
და იგი ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა ზოგჯერ წვრილმანებშიც
შეიძლება მისი აღმოჩენა.