ბევრი ვილაპარაკო თუ ცოტა? გვეკითხება საუბრის დაწყებამდე
ზანგურ ანდღულაძე. 82 წლის მსახიობი, მთელი ცხოვრება ბორჯომის სახალხო
თეატრის სცენაზე დგას. ბავშვობაში
ტანკისტობაზე მეოცნებე ბიჭმა, ეს ოცნება
სცენაზეც ვერ აიხდინა. სამხედრო ვერ ითამაშა, თუმცა 100-მდე როლის
თამაში და განსხვავებული ნიღბის მორგება მოუხდა.
ვერ აისრულა კიდევ ერთი ოცნება დიდ და პროფესიონალურ თეატრში ვერ
მოხვდა, მაგრამ ბედს არ უჩივის და ამ გადასახედიდან ცხოვრებაშიც
არაფერს შეცვლიდა.
უბნის სპექტაკლებიდან დიდ სცენამდე
სიმართლე გითხრათ ბავშვობაში მიყვარდა სცენაზე თამაში, უბანში
ბავშვები პატარა წარმოდგენებს ვაკეთებდით ხოლმე, ბილეთებს ვყიდდით,
აღებული ფულით კი ლიმონათს ვყიდულობდით. ცოტა უფრო სერიოზულად თეატრმა
მოგვიანებით დამაინტერესა. ბორჯომის კულტურის სახლში ჩემი თანაკლასელი
გოგონები დადიოდნენ, ერთ დღეს მითხრეს, ხელმძღვანელმა გვითხრა ბიჭები
გვჭირდება და თუ ვინმეს უნდა მოვიდესო. ასე მოვხვდი პირველად ბავშვთა
დრამატულ წრეში.
შემდეგ უკვე გოგი ხმალაძემ თეატრალურ კოლექტივში დამპატიჟა სათამაშოდ
და დიდი სცენის პირველი მტვერიც აქ ჩავყლაპე. მას შემდეგ თეატრი და
სცენა არ დამიტოვებია.
სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურზე ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ
არ გამიმართლა, მე მეგონა იოლი იქნებოდა. ან განსაკუთრებული ნიჭი უნდა
გქონოდა, ან ვინმე პატრონი.
პირველი
როლი
პირველი სპექტაკლი იყო გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“, პირველი
მხედრის მეორეხარისხოვან როლს ვთამაშობდი.შემდეგ ამავე სპექტაკლში,
მოურავის როლი ვითამაშე, ეს იყო ჩემი პირველი ტექსტიანი როლი. ზუსტად
არ მახსოვს მაგრამ, დარწმუნებული ვარ მაშინ ძალიან ვინერვიულებდი,
იმიტომ, რომ ახლაც სპექტაკლზე შესვლის წინ განცდა მაქვს, მერე კი
მავიწყდება ნერვიულობა. ამ წლების განმავლობაში არ დამითვლია, მაგრამ
ასამდე როლი მაინც მაქვს ნათამაშები.
მსახიობის მთავარი
თვისებები
პირველ რიგში უნდა გიყვარდეს შენი საქმე და შრომა. შრომისმოყვარეობა
ალბათ მთავარია. შეიძლება ტექსტის ათვისება გიჭირდეს, მაგრამ ეს
ყველაფერი შრომით უნდა აანაზღაურო. შესაძლოა ტექსტი ახალგაზრდამ ათი
წაკითხვით ისწავლოს, მაგრამ მე თხუთმეტი წაკითხვა დამჭირდეს, ასაკი
მაინც თავისას შვება, თუმცა ჯერ მეხსიერებას არ ვუჩივი.
როლზე მუშაობისას მარტო უნდა ვიყო ოთახში. სხვანაირად მუშაობა
მიჭირს.
ოჯახი
ჩემმა შვილებმა პროფესიად მსახიობობა არ აირჩიეს, ქალ-ვაჟი მყავს.
ჩემი ოთხი შვილიშვილიდან, უფროსი შვილიშვილი აპირებს თეატრალურზე
ჩაბარებას, სიმართლე გითხრათ გამეხარდა. ალბათ რაღაც დაინახა ჩემს
მუშაობაში და მოეწონა. მეუღლე მუსიკის პედაგოგია, ჩემი მსახიობობა
არათუ გაუპროტესტებია, პირიქით მსახიობი, რომ ვიყავი ცოლადაც ამიტომ
გამომყვა.
სცენაზე მუშაობას დიდი შრომა
სჭირდება
რთულია მსახიობობა, ძალიან ბევრი აქვს სანერვიულო მსახიობს, უნდა
იცხოვროს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით. ინჟინერი რომ არის, არის
ინჟინერი და ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. მე იმდენი კაცის ცხოვრებით
ვიცხოვრე რომ ვეღარც ვითვლი, ბევრგან გამომივიდა, ბევრგან ალბათ რაღაც
დამაკლდა. ყველას გონია რა კარგია გამოხვალ სცენაზე, გაიხუმრებ,
გაიცინებ... სინამდვილეში ასე არ არის, სცენაზე მუშაობას ძალიან დიდი
შრომა სჭირდება. ფიზიკურადაც დატვირთული ვარ, მიზანსცენებზე თუ
ვმუშაობთ, სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები, მეუღლესაც კი
გაჰკვირვებია, რამ დაგღალაო. სულ ვეუბნები წამოდი ჩემთან ერთად
სცენაზე და დაინახავ რაც მღლის მეთქი.
პრობლემები
თეატრში
მე 90-იანი წლების შემდეგ თეატრში რეჟისორად ვმუშაობდი, ამ პერიოდში
ქვეყნის თითქმის ყველა თეატრი გაჩერებული იყო. ჩვენ არ
გავჩერებულვართ, განათება არ იყო არც გათბობა, სცენის ერთ კუთხეში
შეშის ღუმელი გვედგა, სპექტაკლის დროს მონაცვლეობით მივირბენდით
მსახიობები და ხელებს ვითბობდით. უხელფასოდაც გვიმუშავია.
პატარა დასი გვაქვს, სულ ექვსი ადამიანი ვართ, ალბათ ერთი და იგივე
ხალხის ყურებაც ცოტა მოსაბეზრებელია მაყურებლისთვის, უჭირს თეატრს
ფინანსურად, მაგრამ საბანი სადამდეც გვწვდება იქამდე ვიფარებთ.
მაყურებელი
ჩემი აზრით ადრე უფრო კარგი მაყურებელი გვყავდა, უფრო დადიოდა ხალხი
თეატრში. ერთი სპექტაკლი რვაჯერ და ათჯერ გვითამაშია და დარბაზი
ივსებოდა. ახლა ორ წარმოდგენას ვითამაშებთ და მაყურებელი აღარ მოდის.
ან გადაეჩვია, ან საშუალება არ აქვთ და ვერ მოდიან. ვერ გეტყვით.
ცარიელ დარბაზში რეპეტიციებიც გვყოფნის მსახიობებს. სპექტაკლის
დაწყებამდე მაყურებლის ჟრიამული სტიმულს აძლევს მსახიობს. მსახიობის
ყველაზე დიდი ჯილდო ტაშია და თუ დარბაზი ცარიელია ტაშს ვინ
დაგიკრავს.
მინდა მაყურებელს ვთხოვო იარონ თეატრში, უყვარდეთ, რომ არ მოკვდეს
თეატრი ბორჯომში.
მუშაობა ახალგაზრდა
კოლეგებთან
თავიდან რომ დავიწყე დასში მე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, ყველა
მსახიობი ჩემზე გაცილებით უფროსი და გამოცდილი იყო, ახლა პირიქით არის
მე ყველაზე ასაკიანი ვარ დასში და დანარჩენი მსახიობები ახალგაზრდები
არიან. არც მაშინ გამჭირვებია მუშაობა და არც ახლა მიჭირს. რაც
მთავარია უმცროს-უფროსი იციან. ჩემგან რჩევებიც მიუღიათ, მაგრამ ამას
დელიკატურად ვაკეთებ.
საოცნებო როლი
ძალიან მინდოდა „გლახის ნაამბობში“ პეპიას როლის თამაში, ძალიან კარგი
როლია, კარგი მოხუცია, ამ ასაკში კიდევ უფრო მომიხდება ალბათ ეს
როლი.
მე რომ სცენაზე შევდივარ ზანგური აღარა ვარ, მე ის ვარ ვისაც
ვთამაშობ. არასდროს ყალბი და ფორმალური არ ვყოფილვარ სცენაზე.
ახლა ვმუშაობთ სპექტაკლზე „ბინა“, იმის გამო, რომ მსახიობები არ
გვყავს, მე ორ როლს ვთამაშობ. ერთი ქალების მოყვარული კაცის როლია,
მეორე გიჟის. რეჟისორს მოსწონს როგორც ვთამაშობ, დანარჩენს კი უკვე
მაყურებელი შეაფასებს.
თუ ჯანმრთელობამ საშუალება მომცა და შევრჩი სცენას, მინდა ჩემი
საყვარელი საქმე ვაკეთო. აქაურობა რომ მივატოვო ვერ შევძლებ, ალბათ
რამდენიმე თვესაც ვერ ავიტან. მთელი ცხოვრება ხომ ამ სცენაზე მაქვს
გატარებული.