ინტერაქტიული მულტიმედია
სამი სოფლის დაბინძურებული წყალი
დაბინძურებული წყლით სარგებლობა სოფელ ტაძრისში, უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სასმელ წყალს ფერი განსაკუთრებით გაზაფხულზე, წვიმიან ამინდში ეცვლება და ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ხანდახან ქვეწარმავლებიც მოყვება. წყალი სოფელ ტაძრისში, გუჯრისხევიდან მოედინება და ის, რომ სასმელად უვარგისია, ლაბორატორიული დასკვნა ამტკიცებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ახალციხეში გამოიკვლიეს, ესეც იმიტომ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფელში საკონდიტროს მფლობელს წყლის სინჯების აღება მოსთხოვა. დადგინდა, რომ წყალი შეიცავს ნაწლავური ჩხირის ბაქტერიებს და მისი სასმელად გამოყენება დაუშვებელია. სწორედ ამ წყლით სარგებლობს სოფლის მოსახლეობა. 






ახალციხის ლაბორატორიაში ამბობენ, რომ წყალი ჯანმრთელობისთვის საშიშია, თუმცა სერიოზულ დაავადებას ის არ გამოიწვევს. ნაწლავური ჩხირის ბაქტერიები, აზიანებს კუჭ-ნაწლავს.




სოფელში 210 ოჯახი ცხოვრობს. ტაძრისში სათავე ნაგებობა გადახურულია, თუმცა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. არ არსებობს საფილტრი სისტემა, რომელიც წყლის ხარისხს გააუმჯობესებს. დაბინძურებული წყლის შესახებ საკონდიტროს მეპატრონემ, ღიად საუბარი არ ისურვა, თუმცა პრობლემის შესახებ გვიამბო მისმა მეზობელმა. გია შაყულაშვილი ამბობს, რომ სოფელში წყალი, წყაროებიდან მოედინება და მოსახლეობას მილების გავლით მიეწოდება. სისტემა 8-9 წლის წინ გააკეთეს, ხდება სათავე ნაგებობის დაქლორვაც, თუმცა მისთვისაც უცნობია, სად და რა დროს ბინძურდება წყალი. ჩვენი რესპონდენტის თქმით, არასაკმარისი ფინანსების გამო, წყლის ყიდვას ვერ ახერხებენ. შესაბამისად სვამენ ამ წყალს, ან უკეთეს შემთხვევაში - გადადუღებულს.



გია შაყულაშვილი - ტაძრისის მკვიდრი






„გაზაფხულზე, წვიმის დროს მოდის ტალახისფერი წყალი“ - ამბობს 55 წლის თამარ კაპანაძე, რომელიც საკირეში, ტაძრისის მეზობელ სოფელში ცხოვრობს. პრობლემა აქაც იდენტურია. დაბინძურებულ წყალს ამ ოჯახში ძირითადად ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ.

„წყალი ყველაფერში გვჭირდება, სასმელად, სადილის მოსამზადებლად, გასარეცხად, პირადი ჰიგიენისთვის და ა.შ. ამ დაბინძურებულ წყალს კი რაში გამოიყენებ?“ - ამბობს თამარ კაპანაძე






თამარი ამბობს, რომ ოჯახში ძირითადად ამ წყალს სვამენ, თუმცა შვილიშვილებისთვის წყლის გადადუღება ან ყიდვა უწევს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.




კაპანაძეების ოჯახს წყლის მილების გაფილტვრა განსაკუთრებით გაზაფხულზე ხშირად საკუთარი ძალებით უწევს. 



თამარ კაპანაძე - საკირის მკვიდრი


საკირეში კაპანაძეების ოჯახი ერთადერთი არ არის, რომელსაც წყლის პრობლემა აწუხებს, სოფელში სულ 475 ოჯახი ცხოვრობს. მათთვის წყალი "ხრამიხევიდან" მოედინება. დაბინძურებული წყლის პრობლემაა დვირშიც, რომელიც საკირის და ტაძრისის მიმდებარე სოფელია. წყალი ამ სოფელშიც ერთ-ერთი მთიდან მოედინება და მისი ხარისხი, აქაც ამინდზეა დამოკიდებული. ირინა ჯავახიძე ამბობს, რომ ამ წყლის სასმელად გამოყენება დაუშვებელია, თუმცა სხვა გზა არ აქვთ. იგივეს ამბობს მისი თანასოფლელი, ლელა ჯავახიშვილიც. 


ირინა ჯავახიძე - დვირში მცხოვრები


როგორც ამბობენ, დვირში სათავე ნაგებობა მოწესრიგებულია, რეაბილიტაცია მას ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჩაუტარა, თუმცა დღის წესრიგში, ქსელის პრობლემა დგას. წყალი პერიოდულად იმღვრევა. ეს ფოტო დვირში, დაახლოებით 2 თვის წინ არის გადაღებული. წყალი ამ დროს იმდენად დაბინძურებული მოდიოდა, რომ ონკანზე ბინტის შემოხვევის შემდეგ, ბინტი ფაქტობრივად ნაგვით გაივსო. ეს ფოტო, ტელეკომპანია "ბორჯომს" ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოუგზავნა.



სამივე სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი მოხმარებით ირღვევა მათი უფლებები. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სოფლები მათ მიერ არ მარაგდებიან და ეს საკითხი, მათი კომპეტენცია არ არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ ააიპ „სოფლის წყლები“ , თითოეულ სოფელში უვლის წყლის სისტემას, იქლორება და ხდება სათავე ნაგებობის გაწმენდა. მათი აზრით, წყლის დებეტის და ხარისხის პრობლემა განსაკუთრებით გაზაფხულზე, წვიმიან ამინდში და მიწის ნაკვეთების მორწყვის დროს იქმნება. მერის მოადგილის - ბუბა ბერიძის თქმით, წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი საფილტრი სადგურია საჭირო, რომელიც ძვირადღირებული პროექტია და ამის საშუალება ადგილობრივ თვითმმართველობას ამ ეტაპზე არ აქვს.



ბუბა ბერიძე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე


როგორც მოსახლეობას ჰპირდებიან, ტაძრისში და დვირში იგეგმება ქსელის, საკირეში კი სათავე ნაგებობის მოწყობა, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებაში იმასაც ამბობენ, რომ ეს ვერ მოაგვარებს ნაწლავური ჩხირის ბაქტერიების პრობლემას, რადგან მას  საფილტრი სადგური სჭირდება, რაც  მათი თქმით ძვირადღირებულია. 

რაც შეეხება სტატისტიკას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის 10 ძირითადი მიზეზიდან დიარეით მიმდინარე დაავადებები მეხუთე წამყვანი მიზეზია, ხოლო 5 წლამდე ბავშვებში - მეორე წამყვანი მიზეზი, რომელთა შორის, შემთხვევათა 88% განპირობებულია დაბინძურებული სასმელი წყლითა და არაადეკვატური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით.

"წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება აღიარებულია გაეროსა და ევროკავშირის მიერ, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება, რომლის უგულებელყოფით ირღვევა თითოეული მოქალაქის ყველა ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, პირადი ცხოვრების, ღირსების, სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით თითოეული სახელმწიფო და მათ შორის საქართველო, ვალდებულია უზრუნველყოს წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების აღიარება, დაცვა და განხორციელება. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი , ისევე როგორც წყლის შესახებ საქართველოს კანონი თვითმმართველობის ორგანოებს ანიჭებს ფართო და რიგ შემთხვევაში აბსოლუტურ, დისკრეციულ უფლებამოსილებას წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მაკა ნუცუბიძემ (ექსპერტი, იურისტი, CENN)






„თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ინდივიდუალურ რეჟიმში, ეკონომიკურ და ტექნიკურ ნაწილში საერთაშორისო დახმარებითა და თანამშრომლობით, მის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით თანდათანობით სრულად უზრუნველყოს სუფთა და უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა“ - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ წყალსა და სანიტარიასთან, როგორც ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები მჭიდრო კავშირშია საცხოვრებლის, კვებისა და ჯანმრთელობის უფლებებთან. არა მხოლოდ სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობაა დაკავშირებული ადამიანის უფლებასთან, უფრო მეტიც, ის უნდა გახდეს შემადგენელი ნაწილი ადეკვატური საცხოვრებლის უფლებისა და უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილი“,  - ევროკავშირის მინისტრთა საბჭო

საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, კარგი ხარისხის წყლით 24 საათიანი მომარაგება სახელმწიფომ 2025 წლამდე უნდა უზრუნველყოს. იქამდე რა ბედი ელის საკირის, ტაძრისის და დვირის მოსახლეობას, ჯერ-ჯერობით უცნობია. პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე, ადგილობრივებს წყლის გადადუღება და შემდეგ მირთმევა, არაერთხელ მოუწევთ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.