ინტერაქტიული მულტიმედია
ბიომევენახეობა - ბორჯომელი მეღვინეს მიზანი
ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, ეს აბრა მიგანიშნებთ, რომ გზა „ხაჭაპურიძის მარნამდე“ მიგიყვანთ.



„ხაჭაპურიძის მარანი“, სოფელ ქვაბისხევში მდებარეობს, მისი მეპატრონე კი ნიკოლოზ ხაჭაპურიძეა. მარანი აქ საცხოვრებელ სახლშივეა მოწყობილი.


საგვარეულო მარანი მე-19 საუკუნისაა. თავდაპირველად მას საფუძველი ნიკოლოზის დიდმა ბაბუამ ჩაუყარა და მას შემდეგ შემორჩა.



წინაპრების დანატოვარის აღდგენა ნიკა ხაჭაპურიძემ, დაახლოებით 6-7 წლის წინ გადაწყვიტა. პროფესიით იურისტმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, გადაწყვიტა საჯარო სექტორი მიეტოვებინა და კერძო ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი. ოჯახში მამა-შვილი ცხოვრობენ და ორივე ტურისტული საქმითაა დაკავებული. მამა გიდია და ტურისტებს საკუთარი მანქანით ემსახურება.  შესაბამისად, გადასაღებად მისულებს, ის სახლში არ დაგვხვდა. შვილმა  მეღვინეობა აირჩია და ღვინის რეალიზებას ტურისტებში ახდენს.



ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ, მარანს რესტავრაცია საკუთარი ხარჯებით ჩაუტარა და მას ძველებური სახე შეუნარჩუნა. მოაწყო ტურისტებისთვის მისაღები ადგილიც, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 3 წელია უცხოელი ვიზიტორები ღვინის დასაგემოვნებლად და შესაძენად მარანს ხშირად სტუმრობენ. ერთი ბოთლი ღვინოს საშუალო ფასი 20 ლარია. 







არასაკმარისი რაოდენობის გამო ყურძენს, მესხეთიდან, ქართლიდან, კახეთიდან, მევენახეებისგან ყიდულობს, თან იმდენს რისი ფინანსებიც აქვს. მაქსიმალური რაოდენობა 2-3 ტონა ტურძენია, რაც აქამდე დაუწურია. ამზადებს 4-5 სახეობის ღვინოს. სურს, რომ ქვაბისხევშიც აღადგინოს ადგილობრივი მესხური ჯიშის ვაზი, რადგან მესხეთში მათი უმრავლესობა გაჩეხილია. 



33 წლის მეღვინეს, მარნის განვითარებაში გრანტები დაეხმარა. 2016 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში გაიმარჯვა და 5000 ლარით დაფინანსდა, მიღებული თანხით ინვენტარი შეიძინა. 



2017 წელს კი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოხდა მანიშნებელი აბრების დამონტაჟება. იმავე წელს გააფორმა ხელშეკრულება მერსი ქორფსთან, რომელიც ქვევრების ჩაყრასა და ეზოში, საკოლექციო ნაკვეთზე, მესხური ჯიშების ვენახის გაშენებას გულისხმობს. ამჟამად, ამ პატარა ეზოში 20-25 ძირი ვაზია, დაგეგმილია ამ რაოდენობის 200-მდე გაზრდა და სხვა ტერიტორიებზე გადანაწილება როგორც ქვაბისხევში, ასევე მიმდებარე სოფლებში. აპირებს ვენახის მოვლა-პატრონობას და ქვევრის ღვინის წარმოებას.




2018 წელს კი BP-ს მიერ დაფინანსებული ეკო გრანტების პროექტის ფარგლებში, ა/ო „მწვანე ბორჯომმა“, ჰელიო სისტემა გადასცა, რომლის საშუალებითაც ახდენს ელექტროენერგიის დაზოგვას. მუშაობას განვითარებისთვის კვლავ აგრძელებს. ღვინის შეტანას მაღაზიებში ამ ეტაპზე ვერ ახერხებს, თუმცა სურს, რომ მისი ეტიკეტირება დაიწყოს. 



როგორც თავად ამბობს, საკუთარი ვენახების გაშენების შემთხვევაში შეძლებს ღვინის ევროპულ ბაზარზე გატანას. იმისათვის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კონკურენტუნარიანი იყოს, დაინტერესებულია ბიომევენახეობით და სურს, რომ ამ მიზანს ბოლომდე მიაღწიოს. 









სამომავლოდ, საცხოვრებელი სახლის საოჯახო სასტუმროდ გადაკეთებასაც აპირებს. ამბობს, რომ ტურისტების მხრიდან დაინტერესება დიდია და ღვინის დასაგემოვნებლად მისულ ვიზიტორებს, სასტუმროში განთავსებასაც შესთავაზებს. იმედოვნებს, რომ მამა-შვილის ტურისტული ბიზნესი წარმატებული იქნება. ქვევრში დაყენებული ბიოღვინოს წარმოება მისი მთავარი მიზანია.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.